სამთავრობო პროგრამა

სისხლის სამართლისა და პროკურატურის რეფორმა სამთავრობო პროგრამაში

 საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის ახალ მთავრობასა და მის პროგრამას - ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის - ნდობა გამოუცხადა. მანამდე პარლამენტში პრემიერმინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს და პროგრამა განიხილეს. ეს უკანასკნელი, სხვადასხვა საკითხებთან ერთად, სისხლის სამართლის სისტემის და პროკურატურის რეფორმებსაც მოიცავს. სამთავრობო პროგრამა, მათ შორის ამ საკითხებში, დებულებების სახითაა მოწოდებული. შედარებით ვრცლად, ეს საკითხები კოალიციის საარჩევნო პროგრამაში იყო განხილული.  

სისხლის სამართლის პოლიტიკის გარდაქმნას ახალი მთავრობა ერთ-ერთ პრიორიტეტად აცხადებს და ცვლილებებს აუცილებლად მიიჩნევს ქვეყანაში სამართლიანობის დასამკვიდრებლად. მათ შემდეგი ხედვა აქვთ: გამოირიცხება დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნა მხოლოდ შეკრების წესით; დადგინდება სასჯელად გამოყენებული ფულადი ჯარიმის ზედა ზღვარი; გადაიხედება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის, ასევე პირადი მოხმარებისათვის მისი მცირე ოდენობით შეძენის ან/და შენახვისათვის. გარდა ამისა, აიკრძალება საპროცესო შეთანხმების დადება არასრულწლოვანთა საქმეებზე.

პროგრამა სისხლის სამართლის პოლიტიკის ნაწილში აგრეთვე ითვალისწინებს, რომ უპირატესობა მიენიჭოს აღდგენით მართლმსაჯულებასა და რესოციალიზაციის პოლიტიკის გატარებას. აპირებენ, რომ პირობითი მსჯავრი გამოიყენონ არა მხოლოდ საპროცესო შეთანხმების დადებისას, არამედ სასამართლოს მიერ, მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენი დამნაშავის მიმართ. პროგრამის მიხედვით, პირობითი მსჯავრის ვადაზე ადრე გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნას გადაწყვეტს მხოლოდ სასამართლო.  

მთავრობა პრიორიტეტად აცხადებს პროკურატურის უფლებამოსილების შეზღუდვასაც.  პროგრამის მიხედვით, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ეტაპზე ბრალდებულისა და დაზარალებულის უფლებების დასაცავად სასამართლოში გასაჩივრდება შემაჯამებელი საპროცესო დოკუმენტები. ასევე, ახალი მთავრობის გეგმის მიხედვით,  გაძლიერდება ადვოკატურის ინსტიტუტი. პროგრამაში აგრეთვე ვკითხულობთ: „ათასობით უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილის დარღვეული უფლებების აღსადგენად გონივრულ ვადებში გადაისინჯება მათი საქმეები“.

სამთავრობო პროგრამისგან განსხვავებით, წინასაარჩევნო პროგრამაში ცალკეა გამოყოფილი შემდეგი მიმართულებაც: „განრიდება და/ან მედიაცია გამოიყენება ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ არა მხოლოდ პროკურორის, არამედ პოლიციისა და სასამართლოს მიერაც“.

რაც შეეხება უშუალოდ პროკურატურას, პროგრამის მიხედვით, მას უხელმძღვანელებს არა იუსტიციის მინისტრი, არამედ მთავარი პროკურორი, რომელსაც პარლამენტის თანხმობით,  თანამდებობაზე დანიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. მისი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლება მოხდება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით, ან საქართველოს პრეზიდენტის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, რასაც ასევე პარლამენტის თანხმობა დასჭირდება.

კომენტარები