შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ამირან გამყრელიძემ შეთავაზებულ თანამდებობაზე უარი თქვა. გამყრელიძის თქმით, მას აღნიშნულთან დაკავშირებით ბოლო დღეებში კონსულტაციები ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან და საბოლოოდ გუშინ მიიღო თანამდებობაზე უარის თქმის გადაწყვეტილება.
„ჩვენ პირველ ეტაპზე ვერ გავითვალისწინეთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ არსებობდა გარკვეული უხერხულობა და მორალური ინტერესთა კონფლიქტი. ჩემს მომავალ პოზიციასა და ჩემი შვილის თანამდებობას შორის, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში გახლდათ ყველაზე დიდი კერძო სადაზღვევო კომპანიის „ალდაგი ბისიაის“ გენერალურ დირექტორი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს არ გახლდათ ინტერესთა სამართლებრივი კონფლიქტი, მაგრამ იყო მორალური უხერხულობა. ამის შესახებ დაიწერა პრესაში, მას მოჰყვა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის არასასიამოვნო ინტერპრეტაციები.“ - ნათქვამია ამირან გამყრელიძის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ამირან გამყრელიძის შვილი ნიკოლოზ გამყრელიძე 12 ოქტომბერს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაიდან" საქართველოს ბანკში გადავიდა, სადაც მან ფინანსური დირექტორის თანამდებობა დაიკავა.
ჯანდაცვის მინისტრობის უკვე ყოფილი კანდიდატი აღნიშნავს, რომ იგი თანამდებობაზე დანიშვნისგან თავიდანვე იკავებდა თავს ორი მიზეზით - როგორც ძველი მთავრობის ერთ-ერთი სახე და ასაკი. ამირან გამყრელიძე აგრეთვე, აცხადებს, რომ იგი დარჩება პრემიერის მრჩევლად ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი.





