მთავრობა

მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა, სავარაუდოდ, სამშაბათს დასახელდება

ახალი მინისტრთა კაბინეტის სრულ შემადგენლობას ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სამშაბათს დაასახელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისათვის მსჯელობა მიმდინარეობს ყველა საკითხზე, თუმცა საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი განცხადებას, სავარაუდოდ, სამშაბათს გააკეთებს.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა კი 14 ოქტომბერს აღნიშნა, რომ კოალიციის ლიდერმა მინისტრობის კიდევ ორ კანდიდატთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა სუბარს მათი ვინაობა არ დაუსახელებია.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის უცნობია ფინანსთა, ეკონომიკის, განათლების, გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატურები. ასევე, დასაქმების სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, სავარაუდოდ, გაუქმდება.

 

კომენტარები