საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ საქართველოს დღეს ბევრად ნაკლები ვალი აქვს, ვიდრე მას ვარდების რევოლუციამდე და მის შემდეგ ჰქონდა. ქვეყნის პირველი პირის თქმით, საქართველოს ბიუჯეტს აქვს ისეთი რესურსი, რომ მხოლოდ მისი გამოყენებითაც შეიძლება ძალიან ბევრი რამის გაკეთება.
„ახლა ეს ბიუჯეტი უნდა გადაიბარონ, ქართველ ხალხს მოახმარონ და საგარეო პოლიტიკური, ევროატლანტიკური კურსი გააგრძელონ. ჩვენ ამას ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რადგან ჩვენი ამოცანაა საქართველოს წინსვლა. პოლიტიკოსებიც უნდა მიხვდნენ, რომ საარჩევნო კამპანია დამთავრდა, აიღონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და მოეშვან საარჩევნო რიტორიკასა და აგრესიას. ახლა, რეალურად, მუხლჩაუხრელად უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რასაც ხალხმა მისცა ხმა - საქართველოს შემდგომი პროგრესი და თითოეული ქართული ოჯახის პროგრესი". – აღნიშნა პრეზიდენტმა.




