ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ განცხადება გააკეთა. კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არჩევნები, სავარაუდოდ, 2013 წლის დასაწყისში, თებერვალში ან იანვარში გაიმართება. თავდაპირველად არჩევნების ჩატარება მომდევნო წლის ოქტომბერში იგეგმებოდა.
ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა პრემიერმა მმართველ კოალიციაში ბიუჯეტთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობით ახსნა. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, პარტიებს შორის უთანხმოებამ შეუძლებელი გაახადა 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცება.
ექსპერტების შეფასებით, პრემიერმა საპარლამენტო არჩევნების თარიღი იმიტომ შეცვალა, რომ თავის ოპონენტებს ქვეყნის მოსახლეობაში მეტი პოპულარობის მოპოვების შესაძლებლობა არ მიეცეთ. საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანხმად, ამ ეტაპზე მოსახლეობის უმეტესობა მზადაა, ხმა პარტია ლიკუდს მისცეს, რომლის ლიდერიც თავად ნეთანიაჰუა.
ისრაელის ოპოზიციური პარტიების ნაწილის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი არც არჩევნების შემდეგ დაუჭერენ მხარს ბიუჯეტის შემცირებას, რაც ქვეყნის საშუალო და დაბალ ფენაზე ახდენს გავლენას. ისრაელის პარლამენტში, ქნესეთში 120 დეპუტატს ირჩევენ.





