არჩევნები

არასამთავრო ორგანიზაციება წინასაარჩევნო გარემო შეაფასეს

29 სეტემბერს, სასტუმრო „ქორთიად მარიოტში“  გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" წარმომადგენლებმა წინასაარჩევნო გარემო შეაფასეს.

პრესკონფერენციის მონაწილეთა განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში შეიმჩნეოდა ტენდენცია სახელმწიფო-სამართლებრივი რესურსების ბოროტად გამოყენებისაკენ და  იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ კონკურენცია მიმდინარეობდა არა პოლიტიკურ პარტიებს, არამედ სახელმწიფოსა და ოპოზიციას შორის. "კანონში ცვლილებები მიმართული იყო მმართველი პარტიის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებისაკენ. კანონის აღსრულებაც შერჩევითი იყო. გამოვლინდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტების სახსრები ისეთი პროგრამების დაფინანსებისთვის გამოიყენებოდა, რომლებიც ძირითადად გათვლილი იყო ამომრჩეველთა საერთო მასების გულის მოსაგებად. გარდა ამისა, სახელმწიფოს ინსტიტუციური რესურსები მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხშირად გამოიყენებოდა", - განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორიმა- ეკა გიგაურმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად შეაფასეს წინასაარჩევნო პერიოდში "მასთ ქერისა" და "მასთ ოფერის" პრინციპების დანერგვა, თუმცა სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ლომჯარიას სინანულით გამოთქვა იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები "მასთ ქერისა" და "მასთ ოფერის" პრინციპების საკანონმდებლო დონეზე დანერგვისაკენ, რაც შესაძლოა, უარყოფითად აისახოს საარჩევნო პროცესზე.

კონფერენციის მონაწილეებმა კანონთან შეუსაბამო უწოდეს სატელიტური თეფშების დაყადაღების ფაქტს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასევე ისაუბრეს ჟურნალისტებისათვის საქმიანობაში ხელის შეშლისა და ზეწოლის ინციდენტებზე.

 არასამთავრობო ორგანიზაციები უარყოფითად აფასებენ ცესკო-ს დადგენილებას საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეო გადაღებაზე შეზღუდვების დაწესების თაობაზე.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება გაუმართლებელ და შაბლონურ შეზღუდვებს უწესებს მედიასაშუალებებსა და დამკვირვებლებს. მათი თქმით, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის საქმიანობის შედეგად, გასულ არჩევნებთან შედარებით, დაზუსტდა მონაცემები, თუმცა პრობლემად რჩება ემიგრაციაში მყოფი, გარდაცვლილი და რეგისტრაციის მისამართზე არმცხოვრები მოქალაქეების მონაცემთა დაზუსტების საკითხი, რამაც  საარჩევნო სიაში ამომრჩეველთა რიცხვის გაზრდა გამოიწვია და არჩევნების დღეს აღნიშნული ამომრჩევლების ხმების უკანონოდ მანიპულირების საშუალება დატოვა.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდი თითქმის სრულად იყო მოკლებული თემატურ დისკუსიებს, მსჯელობებსა და განხილვებს. და ამის ნაცვლად, საზოგადოება პოლიტიკური ძალების უკიდურესი პოლარიზების, დაპირისპირების, აგრესიისა და სიძულვილის გამოხატვის მომსწრე გახდა.

 

კომენტარები