ქართული ოცნების პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველოში ათი ბოევიკია შემოყვანილი და უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს ისინი კოალიციის მიერ არიან მობილიზებულნი. ამის შესახებ განცხადება ფანჯიკიძემ დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.
"ქართული ოცნების ინტერესში არეულობა არანაირად არ არის. ჩვენ მხოლოდ სიმშვიდისკენ მოუწოდებთ ხალხს. ჩვენი ამოცანაა, რომ მშვიდად მივაღწიოთ არჩევნებამდე, რადგან მასში გამარჯვების იმედი გვაქვს. არეულობა აწყობს მხოლოდ იმას, ვისაც არჩევნებში გამარჯვების იმედი არა აქვს. ჩვენ გვინდა ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ დემოკრატიული არჩევნებით." - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
კოალიციის პრესსპიკერის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ამ ეტაპზე იგი სხვა ინფორმაციას არ ფლობს.
მაია ფანჯიკიძემ ბრიფინგზე აგრეთვე, განაცხადა, რომ 18 სექტემბერს გავრცელებულ კადრებთან, სადაც პატიმრების წამებაა ასახული, ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს არანაირი შეხება არ აქვს. მისივე თქმით, ბოლო დღეებში დაკავებული კოალიციის წევრები პოლიტიკური მოტივით არიან დაკავებულნი.




