შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯარო მოხელეების, მათ შორის პოლიციის თანამშრომლების მოსყიდვის და მოსყიდვის მცდელობის ფაქტები გამოავლინა. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულები არიან გიორგი ღერკერაშვილი, გიორგი ძოწენიძე, კობა სამხარაძე და პოლიციის თანამშრომელი რომან მაისურაძე.
”შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პოლიციელის მოსყიდვის ერთ-ერთ ფაქტზე ამოღებულია პოლიციელისთვის შეთავაზებული 50 000 აშშ დოლარი. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სხვა პირების მიმართაც მიმდინარეობს. იმის გამო, რომ ერთ-ერთ მოსყიდვის საქმეში ფიგურირებს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ალეკო ტაბატაძე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მასთან დაკავშირებულ მასალას შემდგომი რეაგირებისთვის გადასცემს საქართველოს მთავარ პროკურატურას.” - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრეთვე საჯარო მოხელეების მოსყიდვის და მოსყიდვის მცდელობის ფაქტების ამსახველ ვიდეოჩანაწერს ავრცელებს. ჩანაწერის პირველ ნაწილში საუბარია არჩევნებამდე 3-4 დღით ადრე ფულის სანაცვლოდ ტელევიზიით მასალის გაშვებაზე, თუმცა დაკონკრეტებული არაა მისი შინაარსი. ვიდეომასალაში აგრეთვე იმის შესახებაა საუბარი, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისში მიმდინარე მოვლენების ფირზე აღბეჭდვისთვის 7000 ლარია საჭირო. ერთ-ერთი პირი ასევე ამბობს, რომ 29-ში დაგეგმილ გრანდიოზულ აქციაზე უნდა გამოვიდეს პოლიციელი და გააკეთოს განცხადება, რომ ტოვებს პოლიციას ზეწოლის გამო, რომ მას ქართული ოცნების წარმომადგენლებზე ზეწოლას ავალებდნენ.
კიდევ ერთი დავალება პოლიციაში დაკავებულის ცემის ფაქტის აღბეჭდვას ეხება, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ფაქტი არ დაფიქსირდებოდა, ხელოვნურად უნდა შექმნილიყო სიტუაცია. "ჩვენ მოგცემთ ჩვენს აქტივისტს ახალგაზრდული ფრთიდან, ოღონდ ცემაში ნუ მოკლავთ, თავს გაცემინებთ, ამაში 50 ათასს გადავიხდით". - ამბობს ერთ-ერთი პიროვნება. ასევე ფირზე უნდა აღბეჭდილიყო მოსამართლე, რომელიც პროკურატურისგან ზეწოლის შესახებ განაცხადებდა, რაშიც 100 ათას დოლარს გადაიხდიდნენ.




