პრეზიდენტი

პრეზიდენტი: გოგა ხაინდრავა ჯერ კიდევ მაისში იძახდა - ’’ჩვენ მათ ცოცხებს მოვუწყობთო"

ბათუმში ამომრჩეველთა შეხვედრისას, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ პატიმართა წამების ფაქტები გვიან აღმოაჩინა, მაგრამ ”არც ისე გვიან, როგორც მათ წარმოედგინათ.”

მისი თქმით, ვიდეომასალა მრავალი თვის მანძილზე გროვდებოდა და 24 რიცხვში უნდა გამოქვეყნებულიყო. ”წინასწარ იძახდნენ ინტერვიუებში, რა მნიშვნელობა აქვს კამპანიას, გამოკითხვებს, თქვენ არ ინერვიულოთ, ისეთი რაღაცა გვაქვს, ყველაფერს ამოატრიელებსო. გუშინ თქვეს ზუგდიდში, ვეუბნებოდით, ისეთი რაღაც გვაქვს, სამეგრელოში არ გვაქვს მხარდაჭერა, გვექნებაო. ე.ი. რამდენიმე თვე, როგორც მინიმუმ, იცოდნენ, რომ ხდებოდა, ალბათ ახალისებდნენ, ამაში ფულს უხდიდნენ და უნდოდათ საქართველოში ყველაფრის ამოყირავება. მე 2-3 დღე პრაქტიკულად ვიყავი თითქმის გათიშული ადამიანურად და წარმოიდგინეთ, ეს არჩევნებამდე 5 დღით ადრე გამოვიდოდა, ჩვენ ყველა გათიშული, დაიწყებდა ხალხი გაქცევას, გადადგომების სერია უნდა ყოფილიყო, ამ ყველაფრის კულმინაცია უნდა მოსულიყო არჩევნების დღეს და საქართველო დაბრუნებულიყო მოუსავლეთში, უკუნეთში და რუსეთის ბატონობის ქვეშ. ეს არის ამ ყველაფრის უკან", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა თქვა, რომ მან გუშინ გოგა ხაინდრავას ინტერვიუ ნახა, ”სადაც ჯერ კიდევ მაისში იძახის, - "ჩვენ მათ ცოცხებს მოვუწყობთ".

 "არანაირი ჯოხები, ცოცხები. საინტერესოა, საიდან იცოდა ხაინდრავამ და ცოცხების ასოციაცია საიდან ჩნდება რამდენიმე თვით ადრე? საზოგადოებამ არ უნდა დასვას ეს კითხვა? ჩვენი სისუსტეა, რომ ჩვენ არ ვიცოდით და ხაინდრავა რომ გაიგებს და ხაინდრავასთანა სუბიექტი რომ დაიწყებს ფათურს სახელმწიფოში, ეს პრობლემაა. ჩვენ რომ არ ვიცოდით, ეს არის მთავარი პრობლემა ასევე და სახელმწიფო ვერ მოიხსნის ამაზე პასუხისმგებლობას", - განაცხადა სააკაშვილმა.

 

კომენტარები