მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის სპორტსკოლა ”ბასკოში” შეკრებილ მხარდამჭერებთან შეხვედრისას, ციხეში პატიმრების წამების ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრა. ”დადგა დრო, ყველაფერი ითქვას, რაც არის და როგორც არის" - თქვა პრეზიდენტთან შეხვედრის დასაწყისში.
პრეზიდენტი საზოგადოების წევრებს მოუწოდებს ემოციების ფონზე ნუ იტყვიან, რომ ციხეში არაფერი გაკეთებულა. მისი თქმით, ბოლო დღეებში ტელევიზიით ნანახი, პირადად მისთვის მძიმე დარტყმა იყო: ”იმიტომ, რომ მე ვიყავი იუსტიციის მინისტრი და ჩემ დროს ციხეს მთლიანად ქურდები მართავდნენ, ვაღიარებ ამას და მაშინ ციხის ადმინისტრაციას შეიძლება, არავისთვის ასე არ დაეკარებინა ხელი, ის ქურდისგან იღებდა ხელფასს, ქურდი ცემდა, ქურდი აუპატიურებდა და ყველაფერს უშვებოდა დანარჩენ პატიმრებს. ჩვენ ეს ქურდები გავწიეთ გვერდზე. როცა მინისტრი ვიყავი, ყველა პატიმარს აჭმევდა ნათესავი, იმიტომ, რომ იქ რაც იყო, არ იჭმეოდა. კვება მოვაწესრიგეთ, გრძელვადიანი პაემნები შემოვიღეთ, პრობაციის გაფართოება დავიწყეთ, ერთადერთი, რაც ვერ მოვახერხეთ, რომ იმის გამო, რომ ამ სისტემაში არ იყო პრესტიჟული სამუშაო, ყოფილი ~გაიშნიკი~ შეძვრა იქ სადღაც, მათ შორის ორგანიზებულ დანაშაულთან შეკრული და მოხდა ის, რაც მოხდა. ნარკომანია ამოიძირკვა ციხიდან. ყველაფერი ეს დასრულდა და მოდი, ამ ემოციის ფონზე ნუ ვიტყვით, რომ არაფერი გაკეთებულა, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ბოლომდე ვერ მივიყვანეთ და რა არის ახლა გაამოსავალი?! ყველაფერი შევაბრუნოთ ისევ უკან, სადაც ქურდები მართავენ, ეგენი გამოვიდნენ გარეთ, ნარკომანები შემოვუშვათ საქართველოში თუ პირიქით, ის პატარა სივრცე, რომელიც დარჩა სადისტებს, კრიმინალებს, მაფიოზებს, კანონიერ ქურდებს ბოლომდე მოვუკეტოთ?", - მიმართა სააკაშვილმა აუდიტორიას.
”დღეს ცდილობენ გვითხრან, რომ 8 წლის განმავლობაში საქართველოში არაფერი გაკეთებულა კარგი. საქართველოში ბევრმა კარგად არ იცის, მაგრამ ბათუმელებმა ხომ კარგად იცით, ვინ იყო "რემბო", პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელიც აწამებდა პატიმრებს, გუშინ ეს "რემბო" გამოვიდა და დაგმო ძალადობა. ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი, თავი წამოყო და ძალაუფლებაში უნდა დაბრუნება. იმის გამო, რომ რამდენიმე სადისტი, ნაძირალა და ქვეყნის მოღალატე გამოგვეპარა, თან ფული აიღეს, რომ ეს გაეკეთებინათ, ეს უნდა იყოს საფუძველი იმის, რომ "რემბო" მოაჯდეს ისევ უკან ბათუმს და აჭარას ხალხო?" - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ევროპასა და ამერიკაშიც ბევრ დამნაშავეს იჭერენ, მაგრამ არსად ამის გამო 2 მინისტრი არ გადამდგარა. საქართველოში მინისტრების გადადგომის მიზეზად მანს საზოგადოების ძალადობის მიმართ მგრძნობიარეობა დაასახელა. ”ჩვენთან ძალადობა იყო ცხოვრების ნაწილი. ის რაც იყო გლდანის კარანტინში, იყო საქართველოს ყველა უბანში და ეზოში ადრე. ამიტომ ვსვამ კითხვას - ვინ უკეთესად მიიყვანს ბოლოდე ამ საქმეს, გიორგი ტუღუში, ეკა ზღულაძე თუ "რემბო", გოგა ხაინდრავა თუ თამაზ თამაზაშვილი, რომელიც უკვეთავდა მასალის მოპოვებას და გამოქვეყნებას", ამბობს პრეზიდენტი.




