საქრთველოს პრეზიდენტი

სააკაშვილი: არ გამოიყენოთ ადამიანების ბედი პოლიტიკური თამაშებისთვის

საქართველოს პრეზიდენტმა სამხედროებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას პენიტენციურ სისტემაში შექმნილ მდგომარეობასა და პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ისაუბრა.

„ის, რა ვნახე, რაც აღმოჩნდა, რომ ხდებოდა გლდანის საპყრობილეში... არის ის რაც მეზიზღება. და წარმოდგენაც არ შემეძლო, რომ ახალ საქართველოში შეიძლება ამის ცალკეული უჯრედები კიდევ არსებობდეს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ის, რაც მოხდა, „ადამიანის პრინციპებს იქეთ მიდის და არ შეიძლება არ იყოს საზოგადოების აღშფოთებისა და გაღიზიანების საგანი“.

რა თქმა უნდა, ეს არის სისტემის დიდი ჩავარდნა, - აღნიშნა პრეზიდენტმა. მაგრამ მისი თქმით, „ის ადამიანი ვინც ამას ჩადიოდა, ვინც ლამის გმირად შერაცხეს, თვეების განმავლობაში ამის გაკეთებაში ფულს იღებდა“.

„მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ამას აფინანსებდა - ხომ არ შეილება ყველაფერი გაიცვალოს არჩევნებზე, არ შეიძლება ყველაფერი ამ ქვეყანაზე პოლიტიკური დივიდენდებისთვის იყოს. თუ იცი, რომ ეს ხდება თვეების განმავლობაში, ამაში იხდი ფულს, თანაც ორგანიზებული დანაშაულის ელემენტების ჩათვლით - როგორ შეიძლება წყნარად გეძინოს? ხელებს იქავებდე, რომ ეს შეიძლება არჩევნების წინ იყოს კარგი საბუთი?“, - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, სახელმწიფო პასუხისმგებლობას არ იხსნის. "ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ეს დავუშვით, ყოფილი "გაიშნიკი" მუშაობდა სისტემაში, რომელსც ჰქონდა ორგანიზებულ დანაშაულთან ურთიერთობის ისტორია და რომელსაც შეეძლო დაუსჯელად ემოქმედა, გაეყიდა ეს ინფორმცია და გაქცეულიყო ქვეყნიდან."

მაგრამ, მისი თქმით, „ეს არ არის საბაბი, რომ დავაბრუნოთ საქართველო იქ, საიდანაც ძლივს დავიწყეთ ქვეყნის გამოყვანა“. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ახალდანიშნული მინისტრი სასჯელაღსრულების სისტემას შეცვლის და მიღწევებსაც შეინარჩუნებს.

„მაგრამ, არ გამოიყენოთ ადამიანების ბედი სხვადასხვა პოლიტიკური თამაშებისთვის. ერთი წუთით დავფიქრდეთ, რა გვინდა, როგორც ამის გაგრძელება - ყველაფერი ჩამოიშალოს, რაც გავაკეთეთ, თუ საზოგადოების წინსვლა გაგრძელდეს?“, - განაცხადა სააკაშვილმა.

„ბავშვი არ გადავაყოლოთ ჭუჭყიან წყალს... საზოგადოების მთავრი ინსტინქტი უნდა იყოს ის, რომ ქვეყანამ და საზოგადოებამ წინსვლა გააგრძელოს და ბნელ წარსულში აღარასდროს დავბრუნდეთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხიელ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია ბოლო მოვლენებთან დაკავშირებული „სხვა გეგმების“ შესახებ. „ჩვენ ბევრ ჩვენს პარტნიორთან საერთაშორისო თანამშრომლობა გვაქვს. ძალიან ბევრი ინფორმაცია გვაქვს და არც თუ ისე სასიამოვნო. კარგი ის არის, რომ ინფორმაცია გვაქვს და ამას საზოგადოებას გავაცნობთ. კარგია ასევე ის, რომ ამ ყველაფერს აღვკვეთავთ", – განაცხადა პრეზიდენტმა.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს კახეთის გზატკეცილზე ახალაშენებული ბინები გადასცეს. სამხედრო ქალაქში ბინის პირველი გასაღები მიხეილ სააკაშვილმა ლოპოტას ხეობაში დაღუპული ექიმის, ვლადიმერ ხვედელიძის ოჯახის წევრს გადასცა. პრეზიდენტმა ასევე პირადადე გადასცა ბინმების გასაღები სერჟანტ კახაბერ მანგოშვილს და კაპრალ ბესიკ ბურდულს, აგრეთვე ვიცე-პოლკოვნიკ ზურაბ გელაძეს და მაიორ ბექა ამბროლაძეს.

 

კომენტარები