საქრთველოს პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი: მომავალი პრემიერის პოსტი არც ისე საინტერესოა

მომავალი პრემიერ-მინისტრის თანამდებობა არც ისე საინტერესოა ადამიანისთვის, რომელიც დღეს პრეზიდენტის პოსტს იკავებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერნეტ-გამოცემა EurActiv-ის პოლონეთს ბიუროსათვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. კორესპონდენტმა მიხეილ სააკაშვილს ჰკითხა , აპირებს თუ არა 2013 წლის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო რეფორმები განახორციელა. 2013 წლის შემდეგ პრეზიდენტი მნიშვნელოვან ძალაუფლებას შეინარჩუნებს, ასევე მნიშვნელოვანი ძალაუფლება ექნება პრემიერ-მინისტრს, რომელიც მთლიანად პარლამენტზე იქნება დამოკიდებული.

ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებს, რუსეთთან ურთიერთობებისა და კონფლიქტების თემებს შეეხო. აღნიშნა, რომ ევროპამ საქართველო და მოლდოვა შეაფასა საუკეთესო რეფორმატორებად.

„იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტო ოკუპირებულია და მუდმივი საგარეო საფრთხის პირობებში ვცხოვრობთ, ჩვენი ეკონომიკა მრავალი წლის განმავლობაში იზრდება. წელს 7 პროცენტიან ზრდას ველოდებით. ეს შესაძლებელია, ვინაიდან, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესის წარმოების საუკეთესო პირობებია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. თუმც მისვე თქმით, ყველაზე მთავარი მიღწევა ისაა, რომ საქართველო „ევროკავშირის გზას დაადგა“. „რეფორმების ჩატარებით ჩვენ გვსურს გავხდეთ ევროკავშირში გაწევრიანების საუკეთესიო კანდიდატი. ჩვენ ასეთი სტატუსი ჯერ ერ გვაქვს, მაგრამ, მომავალში ეს შესაძლებელია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება კონფლიქტების მოგვარებას, ამ მიმართულებით საქართველოს პრეზიდენტმა სამი ეტაპი გამოყო: „პირველი, ჩვენ ევროკავშირის უნდა დავუახლოვდეთ. მეორე, გავხდეთ უფრო მიმზიდველები ოკუპირებული ტერიტორიებისთვის, მესამე - რუსეთი უნდა გახდეს უფრო ზომიერი, თუმცა დღეს ამაზე არაფერი მიანიშნებს“.

მიხეილ სააკაშვილის აზრით, საუბარია ხანგრძლივ პროცესზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზას უნდა გადაუხვიოს. რაც უფრო მეტად იქნება საქართველო ინტეგრირებული ევროკავშირის სტრუქტურებთან, მით უფრო მეტად იქნება რუსეთი იძულებული გადახედოს თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ, - მიიჩნევს პრეზიდენტი. მან იმედი გამოთქვა, რომ საბოლოოდ, რუსეთიც ევროპულ გზას დაადგება.

სააკაშვილს განცხადებით, ტერიტორიული დავების მოუგვარებლობა საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს არ შეუშლის, რის მაგალითებიც არსებობს - კვიპროსისა და გერმანიის სახით. „თუმცა, მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ არ გვსურს ჩვენი პრობლემების ექსპორტირება. მაგრამ, თუ საქართველო ინტეგრაციის გზას გააგრძელებს, რუსეთისთვისაც იგივეს გაკეთება უფრო ადვილი იქნება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას მან განაცადა, რიომ ვლადიმირ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს. „იგი ამას არა მხოლოდ ამბობს, არამედ აკეთებს კიდეც. მან წაიღო საქართველოს ნაწილი, ასევე განაცხადა სამხრეთ ოსეთისა და ბელარუსის შემოერთების შესაძლებლობაზე. ის ღიად საუბრობს იმაზე, რასაც ფიქრობს“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, „ეს რთულ სიტუაციაა. რუსეთი ზეწოლას ახორციელებს უკრაინასა და ჩვენზე. სულ მცირედ შეასუსტა ზეწოლა მოლდოვაზე. მაგრამ ეს პოლიტიკა მუდმივად ვერ გაგრძელდება და სწორედ ამის იმედი მაქვს. რუსეთს არ აქვს საკმარისი რესურსი და განათლებული ადამიანების საკმარისი ფენა, რათა ეს პოლიტიკა გააგრძელოს“.

მისი თქმით, „ჩვენ უნდა ვემზადოთ იმ მომენტისათვის, როდესაც რუსი ხალხი მიხვდება, რომ ამ პოლიტიკით ვეღარაფერს მიაღწევს. როდესაც ეს მოხდება, ან როდესაც რუსეთში ხელისუფლება შეიცვლება, ჩვენი ძალისხმევა უნდა გავააქტიუროთ “, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

თუმცა, მისი თქმით, იგი შიშობს, რომ უახლოეს პერსპექტივაში რუსეთში “სიტუაცია გაუარესდება“ და გაუმჯობესება მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი. „ერთის მხრივ, უარესი სცენარისთვის ვემზადებით, მეორეს მხრივ კი ცვლილებებისა და რუსეთთან დაძაბულობის განმუხტვის იმედი გვაქვს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

 

კომენტარები