სასჯელაღსრულების სისტემა

Amnesty International ხელისუფლებას პატიმართა წამების ფაქტების სრული გამოძიებისკენ მოუწოდებს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა წამების ფაქტებს გამოეხმაურა. უფლებადამცველი ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას პატიმრების წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების სასწრაფო, მიუკერძოებელი, სრული გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებს.

„Amnesty International ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს 18 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით, რომლებიც თბილისის სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მიერ მსჯავრდებულების ცემისა და გაუპატიურების ფაქტებს აღწერს. ტელეკომპანია მაესტროსა და მეცხრე არხის მიერ გავრცელებულ კადრებში ასახულია გლდანის საპყრობილეს პატიმრები, რომლებიც ციხის თანამშრომლებმა წინასწარგანზრახულად სცემეს, ამავდროულად, სხვა მსჯავრდებულები ოთახში იმყოფებიან, სადაც ისინი, სავარაუდოდ, თავიანთ „რიგს“ ელოდებიან. მეორე ვიდეოჩანაწერში ნაჩვენებია ორი პატიმარი, რომლებიც ციხის ზედამხედველებმა ჯოხითა და ცოცხის საშაულებით გააუპატიურეს, ისინი მათ შეურაცხყოფას პატიმრების თხოვნის მუხედავადაც აგრძელებენ.“ – აღნიშნულია Amnesty International –ის განცხადებაში.

უფლებადამცველი ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გამოიძიოს აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებში ასახული წამებისა და სხვა არაადამიაანური მოპყრობების ფაქტები, ასევე სათანადოდ დასაჯოს ის პირები, რომლებიც პასუხიმგებელნი არიან ზემოხსენებულ ფაქტებზე.

Amnesty International აღნიშნავს, რომ პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში 19 სექტემბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ათი თანამშრომელი დააკავეს. მათ შორის, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაგა მკურნალიძე, გლდანის მერვე საპყრობილეს დირექტორი დავით ხუჭუა და მისი მოადგილე ვიქტორ ყაჭეიშვილი. უფლებადამცველი ორგანიზაცია აგრეთვე აღნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე თანამდებობიდან გადადგა, ხოლო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მომხდართან დაკავშირებით ისაუბრა პენიტენციალური სისტემის რეორგანიზაციაზე, მსგავსი ფაქტების ხელახლა გამეორების არდაშვების მიზნით.

Amnesty International შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში აღნიშნული ფაქტების გარდა, შესაძლოა პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გაცილებით მეტი ინციდენტი არსებობდეს, ვიდრე ამის შესახებ ხელისუფლებაა ინფორმირებული. უფლებადამცველ ორგანიზაციას საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 19 სექტემბერს გაკეთებული განცხადება მოჰყავს, რომლის თანახმადაც, „პრაქტიკულად გახსნის დღიდან გლდანის დაწესებულებაში პატიმრების მიმართ სისტემატურად ხორციელდება სხვადასხვა სახის არასათანადო, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, ხოლო არასათანადო მოპყრობის ფაქტები გარდა გლდანის N8 დაწესებულებისა, ფიქსირდება ქუთაისის N2, მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა N18, ქსნის N15 დაწესებულებებში.“

Amnesty International აღნიშნავს, რომ მთავარ პროკურატურას არ გამოუძიებია აღნიშნული ფაქტები და არ დაუსჯია მათზე პასუხისმგებელი პირები. უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გარდა პატიმრების წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების სასწრაფო, მიუკერძოებელი და სრული გამოძიებისა, ხელისუფლებამ აგრეთვე უნდა გამოიძიოს, თუ რატომ ვერ შეძლო მთავარმა პროკურატურამ დაესაჯა ის პირები, რომლებიც საქართველოში უკანასკნელ წლებში ადამიანების უფლებების დარღვევაში არიან დამნაშავე.

 

კომენტარები