სასჯელაღსრულების სისტემა

დავით ბაქრაძე: სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირების მიზნით საპარლამენტო კომისია შეიქმნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, ახალ პარლამენტში შეიქმნება საპარლამენტო კომისია, რათა ციხეებში პენიტენციალური სისტემის რეფორმირება მოხდეს.

ამის შესახებ დავით ბაქრაძემ ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ მოითხოვა პატიმრების ცემასთან დაკავშირებული ფაქტების გამოძიება და ყველა იმ პირის დასჯა, რომლებმაც მსგავსი ფაქტებს შეუწყეს ხელი.

"მე ვარ შეძრწუნებული და შოკირებული იმ ყველაფრით, რაც ვიხილეთ ეკრანზე. უფრო მეტიც, ვარ უკიდურესად გაბრაზებული. 8 წლის მანძილზე ჩვენ ვაშენებდით ქვეყანას, რომელიც თავისუფალი იქნებოდა ძალადობისა და წამებისაგან. ჩვენ არ მივცემთ უფლებას არც ერთ უწყების შიგნით მოკალათებულ სადისტ დამნაშავეებს, ეჭვისა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ის, რაც ჩვენმა საზოგადოებამ 8 წლის განმავლობაში შრომით, ოფლითა და სისხლით მოიპოვა". - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია გამოძიებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ციხეში მყოფი პატიმრები დაცულნი უნდა იყვნენ.

 

კომენტარები