რეზოლუცია

ევროპარლამენტმა რუსეთთან დაკავშირებით კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა 13 სექტემბერს ”რუსეთში მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენების შესახებ” რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთში ადამიანის უფლებების კუთხით ვითარება უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში მკვეთრად გაუარესდა.

”რუსეთის მთავრობამ მიიღო ორაზროვანი კანონები, რომლებიც სამომავლოდ შესაძლოა, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების აზრისა და თავისუფალი შეკრების შეზღუდვისთვის იქნეს გამოყენებული". - ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება რუსეთში მომხდარ სხვადასხვა მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის 6 მაისს მოსკოვში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი აღძრული საქმეების გამო, პანკ ჯგუფ Pussy Riot-ის წევრებისთვის გამოტანილი განაჩენის და პარლამენტის წევრის, გენადი გუდკოვისთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევის მცდელობის ფაქტის გამო.

ევროპელი დეპუტატები აგრეთვე, რუსეთში ჩადენილი გამოუძიებელი მკვლელობების, მათ შორის, იურისტ სერგეი მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებით გამოთქვამენ შეშფოთებას.

ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ და აღნიშნავს, რომ კონსტრუქციული ურთიერთობები ევროკავშირსა და რუსეთის ფედერაციას შორის დამოკიდებულია მოსკოვის მიერ ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცების მცდელობაზე.

კომენტარები