საქართველოს პრეზიდენტი დღეს, ხარაგაულში სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა. "დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა საქართველოს ოკუპანტმა, თუ რა სურს... მათ სურთ, არჩევნების შემდეგ საქართველოში არეულობა. იმ განცხადების საპასუხოდ, როცა ევროპელებმა თქვეს, რომ ჩვენ გვინდა, საქართველოში ჩატარდეს კარგი არჩევნები, მათ განაცხადეს: არჩევნები არ იქნება კარგი, მაგრამ მერე იქნება კარგი არეულობა. ნურას უკაცრავად, ჩვენმა ხალხმა ამას 3 დღის წინ გასცა პასუხი. ჩვენ გვექნება კარგი არჩევნები და შემდგომი აღმშენებლობა, იმიტომ, რომ ბევრია საქართველოში კიდევ ასაშენებელი. არიან ადამიანები, რომლებსაც გრძელი სია აქვს დასანგრევი ობიექტების, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რამდენი ათწლეული ინგრეოდა ჩვენი ქვეყანა და რამდენი რაიონია, სადაც ჯერ კიდევ პროგრესი არ შესულა ოჯახებში" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბერს, თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ კომენტარი გააკეთა. მან უცნაური უწოდა ოპოზიციის ერთი ნაწილის განწყობას, თითქოს არჩევნების შედეგები არა საარჩევნო ყუთებთან, არამედ შემდეგ, ქუჩაში უნდა გადაწყდეს. შვედეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ყველა პოლიტიკურ პარტიას არჩევნების შედეგების აღიარებისკენ მოუწოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარლ ბილდტის მიერ საქართველოში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ალექსანდრ ლუკაშევიჩის თქმით, მოწოდება ქუჩის დემონსტრაციების უშედეგობასთან დაკავშირებით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაში, დემოკრატიის ნორმების შესაძლო დარღვევაზე, მოქალაქეების რეაქციის შეზღუდვას წარმოადგენს.




