საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან აღმოჩენილი შეიარაღებული ჯგუფის დევნის ოპერაციისას მოკლულია ერთი დივერსანტი. ამის შესახებ ტაბულასთან საუბარში შსს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა სალომე მახარაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ოპერაცია დივერსანტების მიერ აყვანილი მძევალთა ჯგუფების გათავისუფლებას უკავშირდება.
”ბოლო დღეების განმავლობაში მძევალთა რამდენიმე ჯგუფი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორცილებდა მათი გათავისუფლების ღონისძიებებს. მძევალთა ბოლო ჯგუფის გათავისუფლების დროს ურთიერთსროლის შედეგად ლიკვიდირებულია დივერსანტთა შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.” - აღნიშნა შსს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა ტაბულასთან საუბარში.
აგრეთვე ვრცელდება ცნობა ოპერაციის დროს დაჭრილების და დაშავებულების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ღუდუშაურის სახელობის კლინიკის ეზოში სამხედრო ვერტმფრენი დაეშვა, რომლითაც დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინტერპრესნიუსის ცნობით, თელავის საავადმყოფოში საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე დევნის ოპერაციის შედეგად დაჭრილები არ მიუყვანიათ. თუმცა საავადმყოფოში გაფრთხილება მზადყოფნის შესახებ გუშინ ღამე მიიღეს.




