კვლევა

Greenberg Quinlan Rosner-ის კვლევაში ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს

ამერიკული კომპანია Greenberg Quinlan Rosner-ის მიერ აგვისტოს თვეში ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს.

აღნიშნული კვლევის მიხედვით, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მხარს გამოკითხულთა 55 პროცენტი დაუჭერდა, კოალიცია ქართულ ოცნებას 33%, ხოლო ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას 5%.

აღნიშნული კვლევის მიხედვით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა ამომრჩეველში 46%-იანი უპირატესობით სარგებლობს, ქართული ოცნება 24%-ით, ხოლო ქრისტიან-დემოკრატიული პარტია 5%-ით. Greenberg Quinlan Rosner-ის კვლევაში მითითებულია, რომ ეს შედეგები სრულიად შეესაბამება NDI-სა და IRI-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს, რომელთა მიხედვითაც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ორნიშნა უპირატესობა აქვს.

ამერიკული კომპანიის კვლევა აგრეთვე, ცხადყოფს, რომ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 73 პროცენტი დადებითად აფასებს, ხოლო 24% უარყოფითად. პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს 72 პროცენტი, ხოლო 20% უარყოფითად. გამოკითხულთა 56% პრეზიდენტის კურსის შენარჩუნებას ემხრობა, ხოლო 33% წინააღმდეგია. 

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 69 პროცენტი მიიჩნევს, რომ 1 ოქტომბრის არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება, 23%-ს კი საპირისპირო აზრი აქვს. 

Greenberg Quinlan Rosner-ის კვლევა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გამოაქვეყნა. კვლევა მმართველი პარტიის დაკვეთით ჩატარდა. 

გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით, 1-6 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა და სულ 1 500 ადამიანი გამოიკითხა.

 

კომენტარები