კრიმინალი

Empire State Building-თან სროლაში 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 9 დაიჭრა

ნიუ-იორკის პოლიციის ცნობით, დღეს Empire State Building-თან სროლისას 2 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 9 ადამიანი დაიჭრა. გარდაცვლილთა შორის ერთი თავად თავდამსხმელია. 

თვითმხილველები აცხადებენ, რომ შეიარაღებული მამაკაცი განურჩევლად ისროდა. პოლიცია სროლის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მივიდა ადგილზე.  თავდამსხმელმა ცეცხლი მათაც გაუხსნა და საპასუხო  სროლისას დაიღუპა. ორმხრივ ცეცხლში ადგილზე მყოფი სხვა ადამიანებიც მოყვნენ. Empire State Building-ში მყოფები იხსენებენ, რომ ექო იმდენად ძლიერი იყო, ეგონათ სროლა შენობის შიგნით ხდებოდა და სასწრაფოდ გარეთ გამოსვლა დაიწყეს.

ჯერჯერობით უცნობია თავდამსხმელის მოტივები. აცხადებენ, რომ მას ტერორიზმთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს და Empire State Building-ში წარსულში მომუშავე რომელიმე განაწყენებული ადამიანი იყო. 

ამ ზაფხულს აშშ-ში მასობრივი მკვლელობის ორი შემთხვევა იყო. ჯერ კოლორადოში, კინოთეატრში, მოკლეს 12 ადამიანი და 58 დაჭრეს. შემდეგ კი ვისკონსინის შტატში 6 ადამიანი ემსხვერპლა თავდამსხმელის ტყვიას, ხოლო 3 დაიჭრა. ეს უკანასკნელი სროლა სიკჰების ტაძარში ატყდა.

 

 

კომენტარები