დიდი ბრიტანეთი

God Save The Queen!

წვიმიანი დღეა. ტემზის სანაპიროს გასწვრივ ხალხმრავლობაა. ადამიანები ჯებირებისკენ მიილტვიან, ყველას უნდა თვალი გაუსწოროს მას, ვის წინაშეც ქედს იდრეკდნენ ეროვნული გმირები შავ-თეთრი დოკუმენტური ფილმებიდან.

„ტაუერ-ბრიჯისკენ” რაღაც მოდის – გასაოცარი ამბავია!

გამოჩნდა პირველი ხომალდი. უკან ათასგემიანი ფლოტილია მოჰყვება. „მახარობელის” ყვავილებით მორთულ გემბანზე, ადამიანებიც თითქოს გემის კორპუსთან ერთად საგანგებოდ გამოთლილი, მასთან შერწყმული ფიგურები არიან – თოჯინები ვიქტორიანული ეპოქიდან: სამსართულიანი ქუდებით თავდამშვენებული ქალბატონები, სამხედრო უნიფორმის მკაცრი და, ამავდროულად, ელეგანტური კონტურებით მოხაზული მამაკაცები...

მთელი ეს მრავალფეროვნება ანტურაჟია, ერთი ადამიანის პორტრეტის შესაქმნელად.

თავად ფიგურის სიმცირე მოწიწებას უფრო აღძრავს, ვიდრე ქედმაღლობას. პატარა წერტილი თითქოს ის “ღმერთის ნაწილაკია”, რომელიც ყველაფერ დანარჩენს წონას აძლევს. მისი სუსტი სხეული უძლურების კი არა, შინაგანი ძალის მანიფესტია; რაღაცით ოსტატ იოდას მოგვაგონებს “ვარსკვლავური ომებიდან”, ჯედაის რაინდთა მოხუც მასწავლებელს, რომლის ნელი და მოზომილი მოძრაობა უნივერსალური წესრიგის, ძალთა ბალანსის მეტაფორაა და არა ოსტატის ღონის გამოხატულება. ხოლო თუკი საქმე “მორევაზე” მიდგა, თვით სიტხების მთავარ ფალავანს, დარტ ვეიდერსაც კი არავინ უსურვებდა ამ, ერთი შეხედვით, უსუსურ მოხუცთან დაპირისპირებას. თუმცა რა დროს შუღლზე საუბარია, როცა ამ დღეს ყველა ზეიმობს. დროშები ჩქარა!

ათასგემიანი ფლოტილია მდინარე ტემზაზე

მისი აღმატებულება, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ II კორონაციის 60 წლის იუბილეს აღნიშნავს!

ტახტზე ყოფნის ხანგრძლივობით ამჟამინდელმა დედოფალმა უკან მოიტოვა ჯორჯ III და ისტორიაში რიგით მეორე ყველაზე “დღეგრძელი” მონარქი გახდა. კიდევ 4 წელი და დედოფალ ვიქტორიასაც გადაუსწრებს, რითაც კაცობრიობის ისტორიაში სამეფო სკიპტრის ყველაზე ხანგრძლივ მპყრობელად მოგვევლინება.

აღსანიშნავია, რომ პრინცესა ელისაბედი 10 წლამდე ტახტის მემკვიდრედ არც კი განიხილებოდა, თუმცა ბავშვის ხასიათში მონარქისთვის აუცილებელ თვისებათა მთელი წყება იგრძნობოდა: “მტკიცე ხასიათი. გასაოცარია, რომ ამ ჩვილში ამხელა ძალაუფლება და გონიერება იკითხება”, – ასე შეაფასა ჯერ კიდევ ორი წლის პრინცესა განსაკუთრებული პოლიტიკური ყნოსვით განთქმულმა პრემიერმინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა. მოგვიანებით ლეგენდარული პრემიერი იტყვის: “უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში მეფემ სიკვდილის ფეხდაფეხ იარა, თითქოს სიკვდილი იყო მისი კომპანიონი, რომელსაც კარგად იცნობდა და არ უშინდებოდა... მე – ადამიანი, ვისმა ახალგაზრდობამაც კეთილშობილი ვიქტორიანული ეპოქის მშვიდ ზეობაში ჩაიარა – დიდ მღელვარებას ვგრძნობ ამ ლოცვის და ჰიმნის ხელახლა აღვლენისას: ღმერთო,

ელისაბედ მეორის კორონაცია. 1952 წელი

დაიფარე დედოფალი!”. ეს სიტყვები გაუძღვა ელისაბედ მეორეს სამეფო ტახტისკენ მიმავალ გზაზე.

მეფე გეორგ VI 1952 წლის 2 თებერვალს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმავე დღეს, 25 წლის ელისაბედი დიდი ბრიტანეთის დედოფლად და ანგლიკანური ეკლესიის მეთაურად გამოცხადდა, ტიტულით – სარწმუნოების მცველი.

ფაქტს თვალი გავუსწოროთ – მონარქიული მმართველობის გამძლეობაში საზეიმო არაფერია, მაგრამ როგორც სხვა ყველაფერში, ისტორიულ დეტერმინიზმშიც არსებობს გამონაკლისი... ბევრი გამონაკლისი. და მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში, ამ გამონაკლისების ნიაღვარში, განა საგანგებოდ აღსანიშნავი არაა ბრიტანული მონარქიის მზაობა ცვლილებებისადმი? უნარი, უგემრიელეს კოქტეილად შეაზავოს ტრადიცია და თანამედროვეობა.

ელისაბედ II ისტორიასავით პარადოქსული ადამიანია –კონსერვატიული ტრადიციონალისტი რადიკალურ ცვლილებათა სათავეში! დედოფალი, რომელმაც რაინდებად გამოაცხადა “ბითლზი”; გადაურჩა დაბომბვას ლონდონში; „გამოიცვალა” 12 პრემიერმინისტრი, მათ შორის, ფავორიტი პრემიერი უინსტონ ჩერჩილი, რომელიც ტახტზე ასვლის პირველ წლებში სახელმწიფოებრივი მოვალეობების გაცნობაში ეხმარებოდა; მიიღო გადაწყვეტილება ენტონი იდენის გადადგომის შესახებ

შვილებთან, ჩარლზთან და ანასთან ერთად

სუეცის კრიზისის შემდეგ; მასპინძლობდა კენედებს და შეძლო პრინცესა დის გარშემო აგორებული სკანდალის ჩაქრობა.

ბრიტანეთის მონარქია ბრწყინავს მაშინ, როცა ამდენი სამეფო სახლი გაფერმკრთალდა, ანაც, საერთოდ, პოლიტიკურ ბურუსში გაუჩინარდა. ალბათ თვითგადარჩენის საიდუმლო გასაღები ისაა, რომ ნაცვლად საკუთარი ხალხისგან გამომყოფი გალავნების შენებისა, დედოფალი მოქალაქეებამდე მისასვლელ ხიდებს აგებს. ბრიტანეთის სამეფო სახლს ესმის საკუთარი ხალხის მოთხოვნილებები და თითქოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პულსზე უდევს ხელი. საპასუხოდ, ბრიტანელები მფარველობენ მათ და კეთილგანწყობითა და ერთგულებით ეკიდებიან სამეფო მმართველობას.

ინგლისელები მონარქიას ეროვნული იდენტობის განუყოფელ ნაწილად განიხილავენ, რასაც უახლესი გამოკითხვებიც მოწმობს – მოქალაქეთა 80% მონარქიის შენარჩუნებას ემხრობა. მათთვის ეს მხოლოდ “ინგლისელობის” მნიშვნელოვანი კომპონენტი როდია. სამეფო სახლი არის “ბრენდი”, რომელთანაც ბრიტანეთის იმპერიის ტრიუმფი და ბრიტანული ცივილიზაციის უმაღლესი მიღწევები ასოცირდება. ძნელად წარმოსადგენია, ამგვარად პოზიციონირებულ ბრენდს პოლიტიკურ ბაზარზე ვინმემ ახალი სამარკო ნიშანი დაუპირისპიროს. მარგარეტ თეტჩერმა ერთხელ თქვა: “მათ, ვისაც წარმოუდგენია, რომ პოლიტიკოსი უკეთესი სახელმწიფო სიმბოლო იქნებოდა, ვიდრე მონარქი, ვურჩევ, მეტი პოლიტიკოსი გაიცნოს”.

უინსტონ ჩერჩილთან ერთად

ისტორიულად, გაერთიანებულ სამეფოში კონკურენტი „ბრენდის” ჩამოყალიბების მცდელობაც იყო – 1649-60 წლების კრომველის რესპუბლიკა. მაგრამ სახელმწიფო მოწყობის ეს ფორმა მხოლოდ უვერტიურა აღმოჩნდა მონარქიის რესტავრაციისთვის. რატომ? ჩანს, ბრიტანელები მეტი თავისუფლებისკენ მეცხრამეტე საუკუნის დენდებივით მიდიან – ღირსეულად, ტრადიციული ინსტიტუტების “ყავარჯნებზე” დაყრდნობილები.

თუმცა “ყავარჯენსაც” გააჩნია. გაერთიანებულ სამეფოში ყველა ტრადიციული ინსტიტუტი მონარქივით პოპულარული როდია. მაგალითად, ლორდთა პალატა... ბრიტანელების დიდი ნაწილისთვის ის არადემოკრატიულ ორგანოს წარმოადგენს, „მოხუცებულთა თავშესაფარს” თემთა პალატის ყოფილი დეპუტატებისა და პრივილეგირებული კლასის წარმომადგენელთათვის.

ელისაბედ II, რა თქმა უნდა, თავის ხალხს მხარს უბამს. ივლისში, ორივე პალატის წარმომადგენლებთან სამეფო მიმართვაში, დედოფალმა განაცხადა – „წელს წარმოდგენილი იქნება კანონპროექტი ლორდთა პალატის შემადგენლობის რეფორმირების თაობაზე”.

ლორდთა პალატის რეფორმა დღის წესრიგში ჯერ კიდევ 2010 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დადგა. კონსერვატორები, ლეიბორისტები და ლიბერალ-დემოკრატები პირობას დებდნენ, რომ ბევრად უფრო კომპაქტურ ზედა

ელისაბედ მეორე და მისი მეუღლე, პრინცი ფილიპი

პალატას შექმნიდნენ. 10 ივლისს კონსერვატორების და ლიბ-დემების კოალიციურმა მთავრობამ მართლაც წარადგინა ახალი კანონპროექტი, რომელიც ზედა პალატაში ადგილების შემცირებასთან ერთად, მათი 80 პროცენტის არჩევითობას ითვალისწინებდა. თუმცა დევიდ კამერონი საკუთარი პარტიის წარმომადგენლებისგან დიდ წინააღმდეგობას შეეჩეხა. კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა 92 ტორმა მისცა.

მიუხედავად კონსერვატორების პოლიფონიური წინააღმდეგობისა, თემთა პალატამ მხარი დაუჭირა წარმოდგენილი რეფორმის პრინციპებს, მაგრამ საკვანძო საკითხზე – მისი აღსრულების ვადებზე, შეთანხმება ვერ მოხერხდა.

ამბობენ, ბრიტანეთში მონარქი მეფობს, მაგრამ არ მართავსო. 86 წლის ელისაბედ მეორე რეალურ ძალაუფლებას არ ფლობს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია – დედოფალი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია. მისი უდიდებულესობის მთავრობა ვალდებულია, მონარქს მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე მოეთათბიროს. მთავრობის მეთაურის მოვალეობის შესრულებისას, დედოფალი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერს მთავრობის ფორმირებას ავალებს. ყოველ სამშაბათს, პრემიერმინისტრი ბუკინგემის სასახლეს ეახლება ხოლმე და თავის დედოფალს სამეფოსა და მმართველობაში მიმდინარე საკითხების შესახებ ესაუბრება.

დედოფლის ბრილიანტის იუბილეს, The American Interest-ის მიმომხილველმა, ვოლტერ რასელ მიდმა მიუძღვნა ბლოგი, რომელშიც ნათქვამია: „თუ ყველანი შევძლებთ, ვალი ისე მოვიხადოთ ამ ცხოვრებაში, როგორც ეს დედოფალმა ელისაბედ II-მ შეძლო, სამყარო გაკეთილშობილდება. როგორც უძველესი ტიტულის მატარებელი, ქვეყნის სუვერენი და დედოფალი, ელისაბედ II იმსახურებს ჩვენს პატივისცემას. ქალმა, რომელმაც თავისი მოვალეობები შეასრულა როგორც კარგ, ისე მუხანათ დროში, დაიმსახურა ჩვენი აღტაცება და მადლიერება. მისი ღირსება და მოვალეობებისადმი ერთგულება

შეიძლება არ იყოს ყველაზე მოდური თვისებები, მაგრამ ეს მაგალითია მთელი მსოფლიოსთვის”.

რა თქმა უნდა, სასახლის მიმართ რეპლიკები მხოლოდ პოზიტიური შინაარსის ვერ იქნება. მემარცხენე პოლიტიკურ ძალებს ქვეყნის საპრეზიდენტო მმართველობის რელსებზე გადაყვანა სურთ. ამ პოზიციის გასამაგრებლად მათი ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი მონარქიისა და სამეფო ოჯახის შენახვასთან დაკავშირებული მაღალი ხარჯებია.

დღესდღეობით სახელმწიფო დოტაციებით მხოლოდ დედოფალი და მისი მეუღლე სარგებლობენ, თუმცა სამეფო ხაზინაში მიმავალი თანხა პოლიტიკური ინსინუაციების საბაბს იძლევა: ოფიციალური წყაროებით, ელისაბედ II-ზე, როგორც ქვეყნის მეთაურსა და დედოფალზე, ასევე ოთხი სასახლის, შინამოსამსახურეებისა და კარისკაცების შესანახად, სახელმწიფო წლიურად მილიონობით გირვანქას ხარჯავს. ეს იმ ფონზე, როდესაც სამეფო აქტივების საერთო ღირებულება 44,5 მლრდ გირვანქადაა შეფასებული, აქედან 18,1 მილიარდი სამეფო სასახლეებზე, ხელოვნების ნიმუშების კოლექციასა (10 მლრდ) და სამკაულებზე მოდის. თავად ელისაბედ II-ს პირადი ქონება კი 500 მლნ გირვანქადაა შეფასებული. ამრიგად, ბრიტანეთის დედოფალი ევროპის ყველაზე მდიდარ ქალთა სიაში შედის.

პრინცესა დიანას ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ ქვეყანაში კიდევ ერთხელ იმძლავრა რესპუბლიკურმა მუხტმა. ალაპარაკდნენ მონარქიის გარდაუვალ რეფორმაზე და მის ეროვნულ მონარქიად გადაქცევაზე – როგორც ეს მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, ტონი ბლერმა აღნიშნა. კანონის მიხედვით, დედოფლის თანხმობის გარეშე ბრიტანეთის მონარქიის მოდერნიზაცია შეუძლებელია. ელისაბედ II-მ კი განაცხადა, რომ მის ასაკში მყოფი ადამიანისთვის რთულია, შეიცვალოს მონარქიის სტატუსის შესახებ შეხედულება.

თუმცა ბუკინგემის სასახლემ საზოგადოებას კონსტიტუციურ მონარქიად რეფორმირების კომისიის შექმნა აუწყა. კომისიის მთავარ მიზანს „სატელევიზიო დემოკრატიის” ეპოქაში მონარქიისთვის ახალი იმიჯის შექმნა წარმოადგენს. მუშაობა დაიწყო მემკვიდრეობის კანონის ცვლილებაზე, რომელშიც უპირატესობა მამრობითი სქესის მემკვიდრეებს ენიჭებოდათ და რომლის მიხედვითაც, სამეფო ოჯახის წევრებს კათოლიკეებზე ქორწინება ეკრძალებოდათ. დაახლოებით 15 წელი დასჭირდა იმას, რომ საბჭოს რეკომენდაციები მთავრობას გადასცემოდა მემკვიდრეობის შესახებ ახალი კანონის მისაღებად და პარლამენტის მხრიდან დასამტკიცებლად. შედეგი დღესაც არაა.

საქმე ისაა, რომ ელისაბედ II არამხოლოდ დიდი ბრიტანეთის დედოფალია. სათვალავშია მისაღები ქვეყნები, რომელთა ერთობაც 1949 წლამდე “ბრიტანული ერების თანამეგობრობად” მოიხსენიებოდა. დღესდღეობით, ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში შესულია 54 სახელმწიფო. მისი სტატუსიდან გამომდინარე, ელისაბედ II კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის და 12 სხვა, უფრო მცირე სახელმწიფოს დედოფალიცაა. პრემიერი დევიდ კამერონი კანონშემოქმედებითი პროცესის შეფერხებას იმით ხსნის, რომ ახალი კანონმდებლობა აშკარა ანარქიას გამოიწვევს „თანამეგობრობის” სხვა 15 ქვეყანაშიც.

სამეფო ოჯახი, ტრადიციულად, მილიონობით ქვეშევრდომისთვის უნდა იყოს მაგალითი, თუმცა ამ მხრივ, ელისაბედ II-ის შვილებს იშვიათად გამოყოფდნენ და მათ ოჯახურ ცხოვრებას ძნელია სამაგალითო დაარქვა. განქორწინებები სამეფო ოჯახში ტაბლოიდებისა და ჭორიკანების საყვარელ თემას წარმოადგენს – დედოფლის 4 შვილიდან 3 განქორწინებულია. პრინცი ჩარლზისა და პრინცესა დიანას სკანდალურმა განქორწინებამ მონარქიის პრესტიჟს სერიოზული დარტყმა მიაყენა. დედოფალი არ მალავდა თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას უფროსი შვილის, ჩარლზის 25-წლიან სასიყვარულო ურთიერთობაზე კამილა პარკერ-ბოულზთან, რომელიც, ბოლოსდაბოლოს, ქორწინებით დამთავრდა.

სამაგიეროდ, დედოფალს ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა საყვარელ შვილიშვილებთან – უილიამთან და ჰარისთან. შესაძლოა, მან იმპულსური ლედი დიანასგანაც აიღო მაგალითი, რომ მათთან ურთიერთობებში უფრო ღია ყოფილიყო. დედოფალი ცდილობდა დაობლებულ უილიამსა და ჰარის დანაკარგი არ ეგრძნოთ. თავის ახალგაზრდობაში ხომ ელისაბედ მეორე განსხვავებული დედა იყო – მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ყოფილიყო საკუთარი ქვეყნის სამსახურში, შედეგად კი, მისი შვილები ხშირად ყურადღების გარეშე რჩებოდნენ.

საბოლოო ჯამში, გარე სამყაროსთან ურთიერთობაში დედოფლის ყველა შვილს ჰქონდა მეტ-ნაკლებად სერიოზული პრობლემები. ბევრს ისინი ქედმაღლებად და მფლანგველებად ეჩვენება. პრინცესა ანა ცხენოსნის კარიერას მაინც გაჰყვა, დანარჩენებზე კი ამბობენ, რომ მათ ცხოვრებისეული მიმართულება აკლიათ. უელსის პრინც ჩარლზს ეს მიმართულება შეიძლება აქვს კიდეც, მაგრამ მას „სამეფო ნაპერწკალი” აკლია. დედოფლის უჩვეულოდ გრძელმა კარიერამ ჩარლზის მუდმივ შეგირდად დარჩენა განაპირობა.

კრიზისების დროს დედოფლის პოპულარობა ოდნავ თუ იკლებდა, მაგრამ ის ვერ მოესწრება ყველაზე დიდ გამოწვევას, რაც მონარქიას უდგას წინ – მემკვიდრის შერჩევას. მონარქის ცერემონიალური როლის შენარჩუნებას, რომელსაც ელისაბედ მეორე საკუთარ ოჯახში და თავის გარშემო ქადაგებდა, მემკვიდრეებს ანდერძად ვერ დაუტოვებს, როგორც ტიტულს ან სასახლეს.

უელსის პრინცის კანდიდატურა კი მონარქისტებსაც და რესპუბლიკელებსაც ერთნაირად აშფოთებთ. 63 წლის ჩარლზი, დედოფლისგან განსხვავებით, ხშირად გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს გარემოს დაცვის, ალტერნატიული მედიცინის, კონსერვატიული არქიტექტურის ირგვლივ. ცნობილია, რომ ელისაბედი სკეპტიკურად უდგებოდა ჩარლზის შესაძლებლობებს, ღირსეულად აღესრულებინა სახელმწიფო მეთაურის მოვალეობა, თვლიდა რა მის პოლიტიკურ შეხედულებებს მომავალი მონარქისთვის ზედმეტად ლიბერალურად.

ჩარლზის შვილი უილიამი შესაძლოა უფრო პოპულარული არჩევანი იყოს, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მისი მეუღლე ქეით მიდლტონიც გაიზიარებს ტახტს. მაგრამ თუ დაიწყება ტახტის მემკვიდრეობით გადაცემის თაობაზე ექსპერიმენტების ჩატარება, გაჩნდება კითხვა – რა საჭიროა საერთოდ მონარქის ტახტის შენარჩუნება?

დედოფალს სურს, სამეფო ხელისუფლება ისე გადასცეს მემკვიდრეს, რომ დარწმუნებული იყოს – მან გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო და ნაწყენიც არავინ დაუტოვებია. მონარქიის კორპორაციის შორსმჭვრეტელი დირექტორის ბოლო გამოცდა ის იქნება, დარჩება თუ არა უინძორების ბრენდი ახლანდელივით რელევანტური მომდევნო 60 წლის მანძილზე.

კომენტარები