ფერწერა

ნახატს დნმ-ის ანალიზზე შეამოწმებენ

ეკუთვნის თუ არა „ნატურმორტი პიონებით“ ჰოლანდიელ მხატვარს, ვან გოგს, ახლო მომავალში გაირკვევა. ამისათვის სპეციალისტები ტილოზე აღმოჩენილ თმის დნმ–სა და ვან გოგის შთამომავლების დნმ–ებს შეადარებენ.

აღმოჩენილი თმის ღერი საღებავის ფენებს შორის ისე ღრმად იყო, ექსპერტი ესტერ მონიკი თითქმის დარწმუნებულია, რომ ის ტილოს ავტორს უნდა ეკუთვნოდეს. მოწითალო ფერის თმა დაახლოებით 8 სანტიმეტრი სიგრძისაა.

„ნატურმორტი პიონებით“ ეკუთვნის კოლექციონერს კიოლნიდან, რომელმაც ტილო მამისგან მემკვიდრეობით მიიღო. ნახატი 1977 წელს სხვენში იპოვეს და მას შემდეგ მიმდინარეობდა კამათი იმაზე, თუ ვინ არის მისი ავტორი.

კოლექციონერის აზრით, ნატურმორტი ვან გოგმა 1889 წლის გაზაფხულზე, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე დახატა. ტილოს შესწავლის საფუძველზე ამ  ვერსიას ორი დამოუკიდებელი ექსპერტი შესაძლებლად მიიჩნევს. ამსტერდამის მუზეუმი ამ ნახატის მფლობელის აზრს არ იზიარებს - მისი სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ტილო ყალბია.

თუ დამტკიცდება, რომ ნატურმორტი ნამდვილად ვან გოგს ეკუთვნის, მისი ფასი 39 მილიონი ფუნტი (60 მილიონ დოლარზე მეტი) იქნება.

კომენტარები