უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არ არსებობს დამამტკიცებელი საბუთები იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველო-რუსეთის კონფლიქტში რუსი ჯარისკაცების დისკრედიტაციისთვის დაქირავებული უკრაინელი მებრძოლები მონაწილეობდნენ.
შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა ჟურნალისტებს განუცხადა, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ რუს ჯარისკაცებად გადაცმული დაქირავებული უკრაინელი მებრძოლები გამოიყენა და დაამონტაჟა ფოტო- ვიდეო კადრები, რომლებიც ასახავდა ქართული სოფლების მოსახლეობაზე ძალადობისა და ძარცვის ფაქტებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინაში, ისევე როგორც ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, მებრძოლთა დაქირავება ეროვნული კანონმდებლობით დანაშაულად ითვლება. აქ აღნიშნავენ იმასაც, რომ ასეთი მტკიცება, რომლის დამადასტურებელი ბაზის არსებობაც უცნობია, არ შეესაბამება უკრაინა-რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას. სამინისტროში თვლიან, რომ რუსეთის საშუალო რგოლის ჩინოვნიკი არ არის უფლებამოსილი საგარეო პოლიტიკური შინაარსის განცხადებები გაავრცელოს.




