აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფოთში რუსეთ–საქართველოს ომის დროს პორტის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრო. სააკაშვილმა ფოთის ნავსადგურში შეკრებილებილ მოსახლეობას მიმართა და რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენა.
საქართველოს პირველმა პირმა დეტალურად გაიხსენა ფოტის პორტზე თავდასხმის ღამე. „მაშინ ერთ-ერთი მეგობარი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურმა შეგვატყობინა, რომ რუსეთიდან აფრინდა ორი სტრატეგიული ბომბდამშენი ღამის დაბომბვების განსახორციელებლად“, – გაიხსენა სააკაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ამ ორი ბომბდამშენიდან ერთ–ერთი, რომელსაც თბილისზე ჰქონდა გეზი, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდ. მეორე ბომბდამშენმა კი ფოთამდე მოაღწია და გეგმის მიხედვით პორტი დაბომბა, რის შემდეგაც ბათუმისკენ გაფრინდა. „ბათუმის პორტში დენის გათიშვა მოვასწარით და მას ტრასა, რომელიც განათებული იყო, პორტის და აეროპორტის ტერიტორია ეგონა და ჩამოაგდო ამ ტრასაზე ბომბი, სადაც ჩვენ 10 ადამიანი დაგვეღუპა და 80-მდე დაშავდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რუსეთის დაზვერვას ქართველებმა მისცეს საკუთარი ქვეყნის გეგმა. ოპერაცია "ენვერის" შედეგად ხელისუფლებამ აღმოაჩინა რუსეთის ჯაშუშების ქსელი, რომელიც ინფორმაციას აწვდიდა რუსეთის სამხედრო დაზვერვას გემების გადაადგილების, სამუშაო ცვლების და ტვირთების მოძრაობის შესახებ. „ქართველების ამ ჯგუფმა მისცა ზუსტი კოორდინატები იმ სტრატეგიულ ბომბდამშენებს, რომელმაც განახორციელა ბარბაროსული აქტი ფოთის პორტში. სამწუხაროდ, ასეთი ქართველებიც არსებობენ", - განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს პირველმა პირმა ყურადღება გაამახვილა აგრესორი სახელმწიფოს მიზნებზე. „მისი მიზანი ძალიან კონკრეტული იყო, დაეკნინებინა საქართველოს პოლიტიკური მნიშვნელობა, ჩაეკეტა საქართველოს სატრანსპორტო და სატრანზიტო გზები, მათ შორის ფოთი, დაემხო საქართველოს მთავრობა და ფიზიკურად გაენადგურებინა საქართველოს ლიდერები, შეეცვალა საქართველოს დემოკრატიული წყობილება და მისი სვლა ნატოსკენ,“ – განაცხადა სააკაშვილმა და იქვე დასძინა „არც ერთი ეს მიზანი არ არის მიღწეული. მტერმა ჩვენზე უკეთესად იცის, რომ ჩვენი მიწის არც ერთი გოჯი არ შერჩება და იცის ისიც, რომ თუ საქართველო ბოლოდე გაიმართა წელში, როგორც ჩვენ ვგეგმავთ, მას მოუხდება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და აქედან თავის ჯარების გაყვანა“.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მთელი პროგრესული დემოკრატიული სამყარო უდგას გვერდით.
სააკაშვილი გატარებულ რეფორმებსაც შეეხო და განაცხადა, რომ რუსეთი ვერ შეეგუა იმას, რომ საქართველომ მოახერხა პოსტსაბჭოთა სივრცეში კორუფციის დამარცხება და თანამედროვე პოლიციის ჩამოყალიბება. პრეზიდენტი აქვე დასძინა, რომ საქართველოშიც არიან პოლიტიკოსები, რომლებიც მთავრობას ზუსტად იგივე მიზეზების გამო ვერ იტანენ.
„მესმის, რომ არ მოგწონდეთ მთავრობა და სააკაშვილი, მაგრამ წყალსაც წავუღივართ მეც და ყველა. მაგრამ ასეთ ხალხს მივმართავ - განსხვავება არ უნდა იყო პუტინს და თქვენს შორის? ის ხომ პუტინია და თქვენ ხომ ქართველები ხართ! როგორ შეიძლება იყოს გარკვეულობა და დაბნეულობა, იმის შესახებ, ვინ დაბომბა ჩვენი სახლები და ქალაქები?!“, - განაცხადა სააკაშვილმა.





