2008 წლის აგვისტოს ომი

პუტინი: გეგმა ჩემთან შეთანხმებული იყო და მე დავამტკიცე

8 აგვისტოს პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვს აგვისტოს ომამდე ჰქონდა შემუშავებული სპეციალური გეგმა, რომელიც ჯერ კიდევ 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში მოამზადა. "გეგმა იყო და ჩემი აზრით, ეს საიდუმლო არ არის. სწორედ ამ გეგმის ფარგლებში მოქმედებდა რუსული მხარე... ეს გეგმა ჩემთან შეთანხმებული იყო და მე დავამტკიცე", - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ გეგმის ფარგლებში სამხრეთ ოსეთში მებრძოლებს ამზადებდნენ. კრემლის სამხედრო სპეციალისტები მათ მომზადებას სკეპტიკურად აფასებდნენ, თუმცა როგორ პუტინი განმარტავს „როგორც აღმოჩნდა, ეს ხალხი საჭირონი გახდნენ, რადგან ვაჟკაცურად იბრძოდნენ თავიანთი სამშობლოს დასაცავად. 3 დღის განმავლობაში, სანამ რუსული ჯარი შევიდოდა, სწორედ ისინი და ჩვენი სამშვიდობოები აჩერებდნენ ქართული მხარის შემოტევებს“, -განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას უკვე გამოეხმაურა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია. „ასე დეტალურად აღწერა, რომ 2006 წლიდან არსებობდა გეგმა, რომელიც პირადად პუტინმა დაამტკიცა, რომ ისინი ამზადებდნენ ცხინვალის რეჟიმის კრიმინალურ დაჯგუფებებს, ასეთი აღიარება აქამდე არ გვქონია და პარადოქსული ვითარებაა, რომ დღემდე, ჯერ კიდევ ზოგიერთები ინერციით კამათობენ იმაზე, ვინ იყო აგრესორი", - განაცხადა ბოკერიამ რუსთავი 2–ისთვის მიცეულ ინტერვიუში. 
 

კომენტარები