7 აგვისტოს, გამთენიისას, მინსკში მოკლეს საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ბონდო შალიკიანი - ამ ინფორმაციას Эхо Кавказа Грузия онлайн-ზე დაყრდნობით ავრცელებს. შალიკიანთან ერთად მოკლულია მისი თანხმლები, “კავკასიელი გარეგნობის” მამაკაცი. ბელორუსი სამართალდამცავები შეკვეთილი მკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავენ.
ბონდო შალიკიანი ქუთაისის საკრებულოს წევრად აირჩიეს 2002 წელს, ხოლო მოგვიანებით (2003 წელს) ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.
შეგახსენებთ, რომ შალიკიანი 2004 წელს სპეცოპერაციისას დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება-შენახვისთვის. ოპერაციას შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა. ბოლო დროს შალიკიანი რუსეთში ცხოვრობდა და აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. 2007 წელს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა განახლდა. გამოძიება 90-ანი წლების დასაწყისში ჩადენილი დანაშაულების გამო მიმდინარეობდა, რომელიც ადამიანის გატაცების, გამოძალვის და ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტებს ეხებოდა. ქართულმა სასამართლომ მას დაუსწრებლად 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.




