რელიგია

არქიმანდრიტთა გამბიტი

ახლახან, მშვიდობის ხიდზე შემჩნეული იყო მღვდელი, რომელიც ქალაქის ესოდენ წმინდა კვარტალში – ენერგიულად და ყოვლად უსირცხვილოდ – გორგოლაჭებზე მდგომი გადაადგილდებოდა.

მაგრამ, ვინ აცალა. მას შესაშური სისწრაფით მიუვარდა მართლმადიდებლობის დამცველი რიგითი საძმო და მღვდლის უზნეო საქციელი მყისიერად აღიკვეთა. მაგრამ, ეს მღვდელი სინამდვილეში იყო არა მღვდელი, არამედ მსახიობი, რომელიც მღვდლის როლს ასრულებდა. მოქმედება კი ფილმში ხდებოდა, რომელიც, მოგეხსენებათ, ხელოვანის წარმოსახვის ნაწილია – ფიქტიური პროდუქტი.

ასე და ამგვარად, ხიდზე განხორციელებული თავდასხმის მსხვერპლი არა რეალობა, არამედი ფიქცია იყო, არტისტული თხზულება. ამიტომ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ქვეყანაში, სადაც კვაზირეალურს თავს ესხმიან და მის „ნორმალიზაციას” ცდილობენ, ყურადღების ნაკლებობას არც რეალობა უჩივის.

ისტორიულად, ეკლესიის ერთ-ერთი ფუნქცია ოდითგანვე იყო კონტროლი. ეს ისევე ეხება ვატიკანს, როგორც მცხეთას, მაგრამ თანამედროვე საქართველოში ამ ტენდენციამ უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწია და, როგორც ჩანს, გაჩერებას არ ლამობს. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს პრეტენზია გააკონტროლოს რეალობის უკლებლივ ყველა ასპექტი: რას ფიქრობს ხალხი, რას უყურებს ხალხი, რას ამბობს ხალხი, რა აცვია ხალხს, რას მიირთმევს ხალხი.

თითქოს ხელოვნებაში მკაცრი ჩარევა საკმარისი არ იყო, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქართველმა ღვთისმსახურებმა ყოვლად მიწიური, ამქვეყნიური იდეალებით თამაში კიდევ ერთხელ განაახლეს. მათ ღიად გამოხატეს საკუთარი პოლიტიკური სიმპათიები. „ნეტავ, ღმერთი ვის უჭერს მხარს?”, შევეკითხე საკუთარ თავს და შემდეგ მივხვდი, რომ ამის გაგება შეუძლებელია, რადგან ღვთის ერთგული მსახურები ყველა მიმართულებით უხვად არიგებენ პოლიტიკურ მესიჯებს. მართლაც, თანამედროვე ქართველი ღვთისმოსავი მამები ქრისტიანულ „იმანუელს” (ებრაულად: „ჩვენთან არს ღმერთი”), რომელიც ყოვლისმომცველი სიმბოლური სახელია, მოურიდებლად ცვლიან მოცემულობით – „მასთან არს ღმერთი”.

თუმცა, ამ წერილში არც პოლიტიკაზე და არც ხელოვნებაზე საუბარს არ ვაპირებ. ორივე შემთხვევაში, იქნება ეს ხელოვნების გაკონტროლების მცდელობა თუ პოლიტიკური სიმპათიებით თამაში, შეხება ერთსა და იმავე ტენდენციასთან გვაქვს – ღვთაებრივი ავტორიტეტის გამოხმობის მეშვეობით გარკვეული იდეალის დასახვასა და მისი განხორციელების მცდელობასთან.

მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირების მიერ დაწესებული იდეალები ღვთაებრივობას ხშირად გულისშემაწუხებლად მოკლებულია, ადამიანი, რომელიც გაბედავს დაფიქრდეს, ან განსხვავებული აზრი ჰქონდეს, საკუთარ თავს ერთობ სარისკო პოზიციაში აყენებს. ღვთისმსახურთა ერთი ნაწილის მიერ ასეთი ადამიანი, უკეთეს შემთხვევაში, მტრად გამოცხადდება, ხოლო უარეს შემთხვევაში – სატანის მიერ შთაგონებულ დემონად. დემონი კი „სხვაა”, რომელიც რეალობას აბინძურებს. არავის სურს იყოს დემონი.

შესაბამისად, დუმს მრევლი და დუმს ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი. და, რაც მთავარია, დუმს სამღვდელოების მეორე ნაწილი, რომელიც შესაძლოა სრულიად განსხვავებულად ფიქრობდეს. ამ წერილში სწორედ დემონიზირების ტრადიციის და რეალობის განწმენდის თანმდევი სურვილის შესახებ მსურს საუბარი.

დემონიზირების მაგალითებს ქართველი სასულიერო პირები იმდენად უხვად გვაწვდიან, რომ, ვფიქრობ, უკვე თავისუფლად შესაძლებელია ვრცელი ანთოლოგიის შედგენა. მაგალითად, შეგვიძლია გავიხსენოთ არქიმანდრიტი შიო გაბრიჭიძე, რომელმაც განაცხადა, რომ „ვისაც არ უყვარს პრეზიდენტი [შევარდნაძე – გ. გ.], არის ეშმაკი” და შემდეგ მათ ეკლესიაში შესვლა აუკრძალა.

იმავე ტრადიციას ამაყად აგრძელებს ბერი თომა ბეთანელი, რომელიც სატანად აცხადებს საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტს და ყველას, ვისაც პრეზიდენტი მოსწონს. ბერი თომა იშვიათად გაუნათლებელი ადამიანია, რომელიც ქრისტეს სახელით ზიზღსა და აგრესიას ავრცელებს. მაგალითად, იგი ვერ განასხვავებს ინდიელებსა და ინდოელებს. სამაგიეროდ, ბერი თომა ეფექტურად იწყევლება, ფაფუკი წვერი აქვს და დროდადრო „ვარდების რევოლუციის მოედანზე” ქალწული მარიამის ხატს ისეთივე წარმატებით იქნევს, როგორც ლენინი საბჭოთა კავშირის დროშას.

ორივე სასულიერო პირი ადგენს გარკვეულ იდეალს და, რაც მთავარია, ორივე გამოხატავს მათი ძალისმიერი მეთოდებით განხორციელების მზადყოფნას. მაგალითად, აშკარად ერთობ აღტყინებული, შიო გაბრიჭიძე საგმირო ენას გამოიხმობს და ამით თავის აქამომდე ღვთაებრივ ქადაგებას მილიტარისტულ ელფერს სძენს. „თუ საჭიროა, უნდა სიკვდილით ვპასუხობდეთ”, ამბიონიდან ქადაგებს შიო. ხოლო ის, ვინც ბერი თომას მიერ დადგენილ წესრიგს არ დაექვემდებარება, არც მეტი და არც ნაკლები: „უნდა განიწმინდოს ეს სატანები!”.

ისტორიულად, დემონიზირების პროცესი ყოველთვის ერთი და იმავე პარადიგმის მიხედვით ხორციელდებოდა. პროცესის პირველი და განუყრელი ნაწილია გარკვეული იდეალის დადგენა. ეს იდეალი – ჭეშმარიტება ან, გნებავთ, ნორმა – აპოდიქტურია. ანუ, იგი ყოველთვის აბსოლუტურად მართალი და თავისთავად ცხადია და განსჯას არ ექვემდებარება. ასეთი იდეალი შეიძლება ნებისმიერი მახასიათებელი იყოს, მაგალითად: „ქრისტიანობა” ან „ნაცისტობა”, „იაპონელობა” ან „კომუნისტობა”. ხოლო ის, ვინც მოცემულ იდეალს არ იზიარებს – ან, შესაბამისად, გარკვეული ნორმიდან გადახრილია – ავტომატურად იქცევა იმ „სხვად”, რომელიც აღქმულ რეალობას აბინძურებს.

რეალობა, რომელიც დაბინძურებულად აღიქმება, აწმყოს და მომავალს საფრთხეში აგდებს და კოლექტიურ პანიკას წარმოშობს. ამის ბრწყინვალე მაგალითია სოფოკლეს „მეფე ოიდიპოსი”, სადაც დრამატული კვანძი სწორედაც რომ დაბინძურებული რეალობის ირგვლივ იკვრება. მაშინ, როდესაც თებე განადგურების ზღვარზეა, ღმერთთან რჩევის საკითხავად მივლინებული კრეონტი დაბრუნებისას ოიდიპოსს მოახსენებს, რომ თებეს აბინძურებს ერთი მანკიერი არსება, რომელიც უნდა „გავაძევოთ და სენისაგან დავიხსნათ, თებე”.

რა სჭირს აღქმულ რეალობას? რეალობა ინფიცირებულია, რადგან უტოპიური იდეალი, რომელზეც „კარგი” რეალობა აუცილებლად უნდა იდგეს, დარღვეულია. შესაბამისად, უკეთესი მომავლის შესაქმნელად ხდება დაკარგული იდეალის რესტავრაცია, რომელიც ხშირად მითიური იდეალია. მსგავს მისიაში მონაწილეობით, ადამიანი საკუთარ თავს არწმუნებს, რომ იგი ამ ქმედებებით რეალობას იმ სახეს უბრუნებს, როგორც მას დასაბამისას ჰქონდა, მაგრამ აღარ აქვს. სინამდვილეში, ამ პროცესის ფარგლებში, იგი მითის გაცოცხლებას ცდილობს.

მაგრამ რეალობისათვის მითიური სახის დაბრუნების მისია მსხვერპლს ითხოვს. მართლაც, აპოდიქტური იდეალის განხორციელების თუ რომელიმე ნორმის აღდგენის ხათრით, ადამიანები რეალობისათვის სახელის დარქმევას, ხშირად მის საზარელ ასპექტებზე თვალის დახუჭვას ამჯობინებენ.

მაგალითად მაშინ, როდესაც ქალაქის ქუჩებს კვეთენ ებრაელებით სავსე ვაგონები, რომლებიც გაურკვეველი მიმართულებით მიდიან და ყოველთვის ცარიელი ბრუნდებიან. მაშინაც, როდესაც დილაუთენია მეზობლები ქრებიან და შემდეგ აღარასდროს ბრუნდებიან. და მაშინ, როდესაც ქალაქის ქუჩებში ქრისტესმიერი სიყვარულით აღტყინებული ადამიანები საკუთარ თანამოქალაქეებს თავში ჯვარს ურტყამენ და შემდეგ გოგირდის წვიმით ემუქრებიან.

ბრიტანელმა ანთროპოლოგმა, მერი დაგლასმა, რეალობისა და სისუფთავის საკითხს შესანიშნავი კვლევა უძღვნა – „სისუფთავე და საფრთხე” – რომელშიც იგი ნათლად აჩვენებს, თუ რაოდენ დიდი ყურადღებით ეკიდება ე.წ. პრიმიტიული კულტურების ადამიანი სისუფთავის დაცვას. თუმცა, თუ თანამედროვე ადამიანის აზროვნებაში „სისუფთავის დაცვა” კონკრეტულად ჰიგიენური ნორმების დაცვას უკავშირდება, პრიმიტიული კულტურების შემთხვევაში, ეს, უპირველეს ყოვლისა, რეალობის მუდმივ განწმენდას გულისხმობს – მაგალითად, ბოროტი სულებისაგან.

არქაული ადამიანის წარმოსახვაში, ყველაფერ ამქვეყნიურს ციური არქეტიპი გააჩნია. ეს კოსმიური წესრიგის ნაწილია და კარგია. მაგრამ, კოსმიური წესრიგი არ ვრცელდება დემონებითა და ალქაჯებით დასახლებულ უდაბნოებზე, რომლებიც არა კოსმოსის, არამედ ქაოსის ნაწილს წარმოადგენენ და, შესაბამისად, ნეგატიური მნიშვნელობით არიან დატვირთული. ანუ იქ, სადაც „სხვა” ცხოვრობს, რეალობა დაბინძურებულია და სუფევს ქაოსი.

სწორედ ამიტომ, „განუწმენდელი” ტერიტორიის დაპყრობის შემთხვევაში, არქაული ადამიანი დაუყოვნებლივ ატარებს განწმენდის რიტუალს, რომლის შედეგადაც იგი ქაოსს კოსმოსად გარდაქმნის. მეტიც, იგი ახლადდაპყრობილ ტერიტორიას თავის საკუთრებად მხოლოდ და მხოლოდ რიტუალური განწმენდის შემდეგ აცხადებს.

შუა საუკუნეების დასავლეთში – განსაკუთრებულად, მეთორმეტე საუკუნეში – წარმოებული ინტენსიური ბრძოლა ერესთან, ჰომოსექსუალობასთან და, ზოგადად, ყველა „სხვასთან”: ებრაელებთან, მუსლიმებთან ან კეთროვნებთან, პირველ რიგში, სწორედაც რომ რეალობის განწმენდის მცდელობაა. ყველა ამ მაგალითს ერთი თარგი აერთიანებს. ის, ვინც/რაც მოცემულ, ნორმატიულ წესრიგს არ ემორჩილება, რეალობას აბინძურებს და, შესაბამისად, მტრის ფუნქციას იძენს.

რეალობის განწმენდის მისია იმდენად მნიშვნელოვანია, რომ იგი იდეოლოგიურ საზღვრებს სცდება და ჭეშმარიტად საერთო-ეროვნულ მისიად იქცევა. მაგალითად, ჰიტლერის მიერ დასახული იდეალი თუ დედამიწის ებრაული რასისაგან განწმენდა იყო, კომუნისტური რეჟიმი „სახელმწიფოს მტრებისაგან” წმენდდა ქვეყანას. აქ შეხება გვაქვს ორი განსხვავებული იდეოლოგიის მქონე ხელისუფლებასთან, რომელიც სრულ მზადყოფნაშია, რომელიღაც მარადიული ჭეშმარიტებისა თუ იდეალის წარმატებულად განხორციელების ხათრით, მილიონობით ადამიანი დახოცოს.

კლასიკური პარადიგმის მიხედვით, მომავალი მსხვერპლი ცხადდება „სახელმწიფოს მტრად”, „სატანისტად”, „ავადმყოფად” ან „შეთქმულად”. ანუ, ხდება ადამიანის დეჰუმანიზაცია – მისი ნაკლებ ადამიანად წარმოჩენა. მაგრამ რატომ? მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იგი პირდაპირ და სრულად არ მიეკუთვნება იდეალს, რომელიც აპოდიქტურად მიიჩნევა. დეჰუმანიზაცია კი დევნის, წამებისა და განადგურების ლეგიტიმიზაციის პირველი ნაბიჯია; იგი ამ პროცესის დასაბუთებულ ახსნა-განმარტებას იძლევა.

თუ რეალობა ნამდვილად დაბინძურებულია, ლოგიკურად, განწმენდასაც საჭიროებს; „უკეთესი მომავალისთვის”, „ბედნიერი აწმყოს ასაშენებლად”, „ჩვენი შვილებისთვის”, გვეტყვიან ისინი. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი, ვინც პასიურად ეთანხმება, რომ „სხვა” რეალობას აბინძურებს იმიტომ, რომ იგი არის „სხვა” და განსხვავებული, თანამონაწილე ხდება იმ ტერორისა, რომელიც რეალობის განწმენდის მცდელობას მოჰყვება ხოლმე.

„გამბეტო” ძველი იტალიური სიტყვაა და „ფეხის დადებას” ნიშნავს. ჭადრაკში გამბიტი პირველი სვლაა, რომელიც შემდგომი თამაშის პოლიტიკას და მის წარმატებას განსაზღვრავს. უტოპიური იდეალებით თამაში და იაფფასიანი დემონიზირება არქიმანდრიტთა გამბიტია.

რა არის შემდეგი სვლა?

 

კომენტარები