განათლება

ეს თქვენ უფრო ჭკვიანს გაგხდით

რა არის ის მეცნიერული კონცეფციები, რაც ჩვენს შემეცნებით უნარებს გააუმჯობესებს? სწორედ ეს შეკითხვა დაუსვა ჯონ ბროკმენმა, Edge.org-ის გამომცემელმა, თანამედროვე სამყაროს ყველაზე გავლენიან მოაზროვნეებს. ეკონომიკის, მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ჟურნალისტიკის, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის და მრავალი სხვა სფეროს ექსპერტებმა ამ შეკითხვას პატარა ესეებით უპასუხეს. საბოლოოდ, 200-მდე განსხვავებული შინაარსის მქონე წერილი დაგროვდა. „ეს თქვენ უფრო ჭკვიანს გაგხდით”, ასე ჰქვია მათგან შეკრულ წიგნს, რომელიც, თუ არ დაგაჭკვიანებთ, ნამდვილად დაგაფიქრებთ. „ვინმემ მკვლევრები თავიანთი გეტოებიდან უნდა გამოიყვანოს და ბრუკმანმა სწორედ ეს ქნა”, – წერს წიგნის შესავალში დავიდ ბრუკსი.

მართალია, ინტერნეტში მკითხველთა ნაწილი იმასაც ჩივის, რომ დაბრძენების მაგიერ, თავი სულელად იგრძნეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, „ეს თქვენ უფრო ჭკვიანს გაგხდით” მკითხველს სთავაზობს მნიშვნელოვან თანამედროვე იდეებს, რომლებიც მათ ყოველდღიურად გადაწყვეტილების მიღებაში, საკუთარი თავისა და სამყაროს უკეთ აღქმაში დაეხმარება.

გთავაზობთ შემეცნების ზოგიერთ ასეთ „იარაღს”:

ნიკოლას კარი, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ჟურნალისტი: ჩვენი ტვინები ერთდროულად მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ინფორმაციას იტევენ. თუ ზედმეტად ბევრს „ჩავტვირთავთ”, გონება ადვილად გაგვეფანტება და ვერც იმას შევინარჩუნებთ, რაც ვისწავლეთ.

მაგალითად, ხშირია, როცა სავარძელში მოკალათებულები ვფიქრობთ, რომ სამზარეულოში რაიმე გვჭირდება. თუმცა, მალევე ვხვდებით, რომ დაგვავიწყდა, რისთვის გამოვედით და უკან ვბრუნდებით. მეხსიერების ასეთი ლაფსუსი კარგად გვიჩვენებს, რამდენად პატარა ტევადობა აქვს ჩვენს ე.წ. სამუშაო, იგივე ხანმოკლე მეხსიერებას, რომელიც რამდენიმე რამის ერთდროულად დამახსოვრებას ხდის შესაძლებელს. მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთი მეხსიერების მაქსიმალური ტევადობა სამი ან ოთხი ელემენტია.

ინფორმაციით გადატვირთვა მხოლოდ მეტაფორა არ არის, ეს ფიზიკური მდგომარეობაა. ფსიქოლოგებმა იციან, რომ თუ მოსწავლეს ბევრ სიახლეს სწრაფად მივაყრით, გაგების და დასწავლის უნარი იკლებს. ეს გაფანტულობასაც ზრდის: ინფორმაციაზე ჩაბღაუჭებას ვერ ვასწრებთ და ის მანამ ქრება, სანამ გრძელვადიან მეხსიერებასა და ცოდნაში გადატანას მოვასწრებთ. გვამახსოვრდება ნაკლები, კრიტიკული და კონცეპტუალური ფიქრის უნარი კი სუსტდება.

რაც უკეთ გავაცნობიერებთ, რამდენად შეზღუდულია ჩვენი შემეცნებითი ტევადობა, მით უკეთესად მოვახერხებთ მის მართვას. თუ რთულ ინტელექტუალურ მუშაობაში ხართ ჩართული, ან უბრალოდ რაიმე საუბრის ან გამოცდილების დამახსოვრება გსურთ, სჯობს, ინფორმაციის ნაკადი შეასუსტოთ.

სტეფან კოსლინი, ქცევითი მეცნიერებების ცენტრის დირექტორი, სტენფორდის უნივერსიტეტი: ლიმიტირებული არჩევანი, რიგ შემთხვევებში, სასარგებლოა – ის სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება. თუნდაც მოგებიანი არჩევანის უსაზღვრო რაოდენობამ, შესაძლოა, გადაწყვეტილების მიღების უნარი წაგვართვას.

„შეზღუდვას” ეძახიან მდგომარეობას, რომელიც მხედველობაში უნდა მივიღოთ, როდესაც პრობლემის გადაჭრა ან გადაწყვეტილების მიღება გვსურს. საქმე ისაა, რომ ხშირად მხოლოდ რამდენიმე გზა არსებობს მთელი წყება შეზღუდვების ერთდროულად დასაკმაყოფილებლად.

მარტივი მაგალითით რომ ავხსნათ, წარმოიდგინეთ, რომ ახალ სახლში ოთახი უნდა მოაწყოთ. თუ გაქვთ საწოლი, რომელიც აუცილებლად კედელზე მიდგმას საჭიროებს, პატარა მაგიდები, რომელიც მის გვერდებზე უნდა დაიდგას, სკამთან დასადები ღამის ნათურა, ფეხმოტეხილი სავარძელი, რომლის დეფექტის დამალვაც გსურთ და მას მეორე თავისუფალი კედელი სჭირდება, მაშინ საკმარისია, საწოლისთვის ადგილი შეარჩიოთ და ავეჯის განლაგება თავისთავად მოხდება.

არჩევანის გაკეთებას დამატებითი შეზღუდვების მოძიებაც აიოლებს. მაგალითად, თუ მანქანის ყიდვა გსურთ, ისეთ პირველად შეზღუდვას, როგორიცაა თქვენი ბიუჯეტი, შეიძლება დავუმატოთ ავტომობილის სასურველი ზომა, გარანტიის ვადა, დიზაინი და ა.შ.

ეს პროცესი კრეატიულობასაც განაპირობებს. ასე შეიქმნა მრავალი ახალი რეცეპტი: მზარეულებს, რომელთაც ინგრედიენტების შეზღუდული რაოდენობა ჰქონდათ, მათი ჩანაცვლება ან ახალი კერძის გამოგონება მოუწიათ. თუ თქვენი საქმე ძალიან ღია და არასტრუქტურირებულია, შესაძლოა, არჩევანის რაოდენობა ისეთი შეუზღუდავი იყოს, რომ

გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი გახდეს.

კევინ კელი, ჟურნალ Wired-ის რედაქტორი: მარცხის არ უნდა გვეშინოდეს – წარუმატებლობა ათავისუფლებს წარმატებას.

ჩავარდნილი ექსპერიმენტი თითქმის ისეთივე ცოდნას გვაძლევს, როგორც შემდგარი – მეცნიერების ეს გაკვეთილი, ლაბორატორული კვლევების გარდა, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასაც წაადგება.

დღესაც, წარუმატებლობა სისუსტის ნიშნად ითვლება და სტიგმადაც იქცევა. ბავშვებს ასწავლიან, რომ მარცხს უბედურება მოაქვს და უნდა შეძლონ, წარმატებას ჩავარდნის გარეშე მიაღწიონ.

თუმცა, კრეატიულობა სწორედ წარუმატებლობის დროს იმატებს. მას თავი არ უნდა ავარიდოთ – გრაფიკის კარგმა დიზაინერმა იცის, რომ მისი იდეების უმრავლესობა არ გამოვა, დიდი მოცეკვავე აცნობიერებს, რომ ახალი მოძრაობების უმრავლესობა წარმატებას ვერ მიაღწევს.

ხშირად, რთული სისტემის გაუმჯობესების ერთადერთი გზა მისი ლიმიტების გამოცდა, სხვადასხვა ასპექტში კრახის განცდაა. მაგალითად, ასე ცდიან კომპიუტერულ პროგრამებს. ეს ნიშნავს, რომ წარმატების გზაზე, მზად უნდა ვიყოთ მარცხისგან ცოდნის და გამოცდილების მისაღებად. ნეგატიური შედეგების გათავისება წარმატების მოპოვების ერთ-ერთი მთავარი ხერხია.

ობრი დე გრეი – გერონტოლოგი: ნაცნობისა და მშობლიურისადმი მიჯაჭვულობა საშუალებას არ გვაძლევს, რისკზე წავიდეთ და ნამდვილ წარმატებას, გარღვევას მივაღწიოთ. ხშირად კარგად ვერ ვაფასებთ რისკისა და სარგებლის თანაფარდობას – ჩვენი ირაციონალური შიშები რეალურ პროგრესს წინ ეღობება.

ამის მაგალითია საყმაწვილო დაავადებებზე ვაქცინაციის რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება, როდესაც ერთეული, კონტროვერსული კვლევა აცრას შესაძლო აუტიზმთან დააკავშირებს.

ზოგადად, უცნობისადმი შიში არც ისე ირაციონალურია, თუ მას „სიფრთხილის” სინონიმად განვიხილავთ, მაგრამ ის შეიძლება გადაჭარბებული იყოს და ძირითადად ასეც ხდება. ირაციონალური სწრაფვა – რისკის თავიდან არიდება ვარჩიოთ სარგებელს, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე.

დანიელ კანემანი, პროფესორი, პრინსტონის უნივერსიტეტი: ხშირად გვჯერა, რომ სხვაგვარი გარემოებები მნიშვნელოვნად შეცვლიდა ჩვენს ცხოვრებას. რეალურად, ისეთი ფაქტორები, როგორიცაა შემოსავალი და ჯანმრთელობა, უფრო ნაკლებად განაპირობებს ბედნიერებას, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია.

რა თქმა უნდა, განათლების დონე დიდწილად განსაზღვრავს შემოსავალს – თუმცა არც ისე მნიშვნელოვნად, როგორც ბევრს ჰგონია. ყველას რომ ერთი და იგივე განათლება ჰქონდეს, შემოსავალში განსხვავება მხოლოდ 10%-ით შემცირდებოდა. ამასთან, ერთნაირი განათლების მქონე ადამიანების შემოსავალს შორის განსხვავება, ხშირად, დიდია.

შემოსავალი, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად განაპირობებს ცხოვრებით კმაყოფილებას. საშუალოდ, მაღალშემოსავლიანები უკეთეს გუნებაზე არიან, ვიდრე დაბალშემოსავლიანები, თუმცა მათ შორის სხვაობა სამჯერ ნაკლებია, ვიდრე წარმოგვიდგენია. ყველას რომ თანაბარი შემოსავალი ჰქონდეს, განსხვავება ადამიანების ცხოვრებით კმაყოფილებას შორის მხოლოდ 5%-ით შემცირდებოდა.

ბედნიერება სხვა ფაქტორებზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე შემოსავალზე: ლატარიის მოგება სიხარულით აღსავსე მოვლენაა, მაგრამ ეს განწყობა სამუდამოდ არ გრძელდება.

მაგალითად, პარალიზებული ადამიანები ხშირად არცთუ ბედნიერები არიან, მაგრამ თავს არც გამუდმებით უბედურად გრძნობენ, რადგან დროის მეტ ნაწილს სხვა რამეზე ფიქრში ატარებენ. როდესაც ვცდილობთ წარმოვიდგინოთ, რა შეგრძნებაა, იყო პარალიზებული, უსინათლო ან ლატარიის გამარჯვებული, ვირჩევთ თითოეული ამ მდგომარეობის დამახასიათებელ თვალსაჩინო ასპექტს, სხვებს კი უგულებელვყოფთ – ეს ფოკუსირების ილუზიაა.

ასეთი მეთოდი აქვს ბაზარსაც: ადამიანები, რომლებსაც არწმუნებენ, რომ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ რაიმე სიკეთე, მნიშვნელოვნად აზვიადებენ მის შესაძლებლობას, გააუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი.

გერეტ ლისი, თეორიული ფიზიკოსი: ადამიანებს უჭირთ ალბათობის სწორად განსაზღვრა, ამიტომ ირაციონალური შიშები ძვირად უჯდებათ.

ჩვენ გაზვიადებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იშვიათ, გამონაკლის მოვლენებს და ვფიქრობთ, რომ შეიძლება, სწორედ ასეთი რამ დაგვემართოს – ჩამოვარდეს თვითმფრინავი, ან ლატარიაში დიდი თანხა მოვიგოთ. სამაგიეროდ, ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ უფრო წვრილმან მოვლენებს, რომლებიც, რეალურად, მეტად განსაზღვრავს ჩვენს ყოფას.

მაგალითად ობობის პანიკური შიშიც გამოდგება. ეს მაშინ, როდესაც მისი ნაკბენისგან გარდაცვალების რისკი 100 მილიონში ერთზე ნაკლებია. სამაგიეროდ, მილიონობით ადამიანი კვდება სტრესთან დაკავშირებული დაავადებებისგან. გამოდის, რომ ობობის ნაკბენისგან გართულებებზე საშიში ამ ფობიისგან გამოწვეული სტრესია.

ალბათობასთან გამკლავების უნარის უქონლობა, შესაძლოა, უმნიშვნელო ჩანს, მაგრამ მას პრაქტიკული შედეგები მოჰყვება: არასწორი რაღაცების გვეშინია და არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ.

კარგი გადაწყვეტილებები კონცენტრაციასა და გონებრივ დაძაბვას საჭიროებს. მაგრამ, თუ გადავამეტებთ, შესაძლოა, კონტრპროდუქტიულები გავხდეთ გაზრდილი სტრესისა და დაკარგული დროის გამო. უმჯობესია ბალანსი და თამაში – ჯანსაღი რისკის გაწევა. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ უდიდესი რისკი, რაზეც ოდესმე წავედით, მისგან საერთოდ თავის შეკავება იყო.

მაიკლ შერმერი, ჟურნალ Skeptic-ის გამომცემელი :

ჩვენი შემეცნების უნარი გაუმჯობესდება, თუ „ქვემოდან ზემოთ” ვიფიქრებთ და არა პირიქით.

ყველაფერი მნიშვნელოვანი აღმავალი გზით ხდება. თავად ევოლუციაც, ორგანიზმების ქვემოდან ზევით მიმავალი პროცესია.

ანალოგიურად, თვითორგანიზებადი, ქვემოდან ზემოთ პროცესია ეკონომიკაც: ადამიანები საკუთარი ცხოვრების მოწყობას ცდილობენ და ამ მარტივი პროცესისგან წარმოიშობა პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვნება. ასევეა დემოკრატია – ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემები ადამიანის მოქმედების ნაყოფია და არა მათი გეგმის მიხედვით შექმნილი.

თუმცა, ბევრია ისეთი, ვინც სამყაროს დაღმავალი მიმართულებით ხედავს. მათი აზრით, ყველაფერი შექმნილია „ჭკვიანების” მიერ – სჯერათ, რომ ცხოვრება ზემოდან მოეწყო. ამიტომ, ფიქრობენ, რომ ეკონომიკაც და ქვეყნის მმართველობაც ზემოდან უნდა განისაზღვროს.

ამისგან თავის დაღწევა საპირისპირო მაგალითებით შეგვიძლია. მაგალითად, ქვემოდან ზევით შეიქმნა სალაპარაკო ენა. საუკეთესო მაგალითია ინტერნეტიც – ეს თვითორგანიზებული, მილიონობით კომპიუტერის მქონე ადამიანის საკუთრება – ციფრული თავისუფლების სიძლიერე სწორედ ისაა, რომ მას არავინ მეთვალყურეობს.

როჯერ შანკი, ფსიქოლოგი და კომპიუტერის მეცნიერი: ცხოვრების თითოეულ ასპექტს უკეთ გავიგებთ, თუ მათ შევხედავთ, როგორც ექსპერიმენტს.

ადამიანები გამუდმებით ატარებენ ცდებს. ზოგი მათგანი არაკონტროლირებადია: მაგალითად, წამლის დალევა ექსპერიმენტია – მაგრამ თითოეული დოზის მიღების შემდეგ ჩვენ დაწვრილებით არ ვიწერთ შედეგებს, ამიტომ, გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, გვიჭირს გაგება, თუ რამ გამოიწვია ის. ანალოგიურად, როდესაც პირად ურთიერთობებში ყველაფერი რიგზე ვერ არის, გვიჭირს თქმა, თუ რატომ.

ცხოვრების უმრავლეს ასპექტზე კონტროლირებადი ცდების წარმოება ფაქტობრივად შეუძლებელია. სამაგიეროდ, შეგვიძლია გავაცნობიეროთ, რომ ექსპერიმენტია, როდესაც ახალ სამსახურს ვიწყებთ, თამაშის ტაქტიკას ვცვლით, ვირჩევთ სასწავლებელს და სხვა.

მაგრამ რახან ამას ასე არ აღვიქვამთ, ვერც იმას ვახერხებთ, მხედველობაში მივიღოთ გარემოებები, რაშიც ჩვენმა ცდამ ჩაიარა და ლოგიკური მსჯელობით გადავწყვიტოთ, როგორ ვაწარმოოთ ის თავიდან, თან მეტი წარმატებით.

ისინი, ვინც საკუთარ მოქმედებებს ექსპერიმენტად არ განიხილავენ, მათგან გაცილებით ნაკლებს ისწავლიან.

კომენტარები