ნაციონალური მოძრაობა

პრეზიდენტმა და პრემიერმა ნაციონალური მოძრაობის საპროგრამო დოკუმენტი დაამტკიცეს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, ნაციონალური მოძრაობის საპროგრამო დოკუმენტს ,,ხელშეკრულება საქართველოსთან’’ მოაწერეს ხელი.

დოკუმენტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა და მასში ნაციონალური მიოძრაობის მომდევნო ოთხი წლის მიზნებია აღწერილი, რომელიც ეხება დასაქმების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებს.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ამ ხელშეკრულებით დებს პირობას, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში: განახევრდება უმუშევრობა - აქტიურად ამუშავდება დასაქმების სამინისტრო; დარეგისტრირდება თითოეული უმუშევარი; სამუშაოს ყველა მაძიებელს ექნება სახელმწიფოს დაფინანსებით გადამზადების და ახალი კვალიფიკაციის მიღების საშუალება, მათ შორის, ახალ ტექნიკურ სასწავლებელსა და გადამზადების ცენტრებში;
ჯანდაცვის დაზღვევა ექნება ყველას - სოციალურად დაუცველთათვის, 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, პენსიონერებისთვის, პედაგოგებისთვის, დევნილებისთვის, პოლიციელებისთვის და ჯარისკაცებისთვის იქნება შესაბამისი კატეგორიის დაზღვევა; ყველა სხვა კატეგორიის მოქალაქეთათვის იქნება დაზღვევის საბაზისო პაკეტი; ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.

გაორმაგდება სოფლის მეურნეობა - ყველა სოფელში ბოლომდე მოგვარდება წყლის, გაზის და გზების პრობლემა; გაიხსნება 500-ზე მეტი ახალი სოფლის მეურნეობის საწარმო; მოირწყვება დამატებით 90,000 ჰექტარი მიწა; სოფელი მიიღებს 2000 ერთეულ ახალ ტრაქტორს; მოხდება სოფლის მეურნეობის სრული მექანიზაცია. სასოფლო-სამეურნეო მიწის 90% იქნება დამუშავებული. ყველა ოჯახი მიიღებს 1000-ლარიანი ვაუჩერს - ოჯახები თავად გადაწყვეტენ, ამ ვაუჩერით რა პრობლემა მოაგვაროს; ამ ვაუჩერით შესაძლებელია: დენის, გაზის, წყლის ან სხვა კომუნალური ხარჯების დაფარვა; მედიკამენტების და სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენა; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავება, საწვავისა და სასუქის ხარჯის გასტუმრება.
ამ ხელშეკრულებით ნაციონალური მოძრაობა აცხადებს - დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნით, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნველყოფითა და სოფლის მეურნეობის განვითარებით მივაღწევთ საერთო მიზანს - მეტი სარგებელი ხალხს!"-ნათქვამია დოკუმენტში.

კომენტარები