შობადობა

შობადობის ქართული ტენდენციები

შობადობის მატება დადებითი მოვლენაა. ის სასარგებლოა ეკონომიკისთვის, რადგან გაზრდილი მოსახლეობა ბაზარს ახალი იდეებითა და ადამიანური რესურსით ამარაგებს. ეს მაშინ, თუ მატება ბუნებრივად ხდება და არა ხელოვნური სტიმულირებით – დემოგრაფიული ძვრები ეკონომიკურ და სხვა ღრმა პროცესებს უკავშირდება, ამიტომ, სახელმწიფოს მიერ წახალისებას ეფექტი არ აქვს, ან ეს ეფექტი ერთჯერადია.

ზოგი წუხს, რომ საქართველოს დემოგრაფიას ემიგრანტების მხრიდან საფრთხე ემუქრება. ამის ერთ-ერთი უკანასკნელი მაგალითია მოარული ხმები ქუთაისში ჩინელების „ჩასახლების” შესახებ, რასაც, ზოგიერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების აზრით, ჩინური შობადობის ბუმი უნდა მოჰყვეს, მათი „გამრავლების კოეფიციენტის გათვალისწინებით”. თუმცა ჩინელების გამრავლების მაჩვენებლის შესახებ წარმოდგენა მითიურია: მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჩინეთში, ისევე როგორც საქართველოში, ეს კოეფიციენტი 1.6-ია. თუ უსაგნო შიშებს შევეშვებით, ვნახავთ, რომ საქართველოში უკანასკნელ წლებში შობადობის კოეფიციენტი გაიზარდა – ახალდაბადებული ბავშვების რიცხვმა თანაბრად მოიმატა როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო ათი წლის მონაცემებით, შობადობის კოეფიციენტი (1000 კაცზე) 2001 წლის მაჩვენებლიდან, ანუ 10.9-დან, 2011 წლისთვის 12.2-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი, 14.0-ზე მეტი, ეს მაჩვენებელი 2009-2010 წლებში იყო. შარშან კი 12.9-მდე ჩამოვიდა.

ოფიციალური მონაცემების გარდა, ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა 2005-2010 წლების რეპროდიუქციული ჯანმრთელობის კვლევაშიც. მისი მიხედვით, ამ ხუთი წლის მანძილზე, შობადობა 25%-ით გაიზარდა. 2009 წელს შობადობის კოეფიციენტმა ერთ ქალზე უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო მაჩვენებელი – 2.0 შეადგინა, რაც, დემოგრაფების თქმით, მოსახლეობის მარტივი აღწარმოებისთვის საკმარისია.

საინტერესოა, როგორ ასახავს საქართველოს დემოგრაფიული პროცესები ჩვენს კონტინენტზე არსებულ ტენდენციებს. ასევე, ამ ძვრების კავშირი მოსახლეობის დასაქმებასა და ეკონომიკურ მაჩვენებლებთან.

არსებობს მოსაზრება, რომ განვითარებული ეკონომიკა შობადობის ზრდას არ განაპირობებს. ამას ადასტურებს ისიც, რომ განვითარებულ ქვეყნებში შობადობის კოეფიციენტი უფრო დაბალია, ვიდრე განვითარებადში – დასაქმებულ ადამიანებს ნაკლები მოტივაცია აქვთ, მეტი შვილი გააჩინონ და ურჩევნიათ, მეტი რესურსი და „ინვესტიცია” ჩადონ ნაკლებ შვილში.

ამასთან, ევროპის უახლესი გამოცდილება აჩვენებს, რომ ეკონომიკური არასტაბილურობა პირდაპირპროპორციულად აისახება შობადობის დაბალ მაჩვენებელზე – ევროპაში 2000 წელს დაწყებული ბუნებრივი მატების ციკლი დასრულდა და 2008 წლიდან შობადობის მაჩვენებელმა კლება დაიწყო.

ცოტა ხნის წინ ჟურნალმა The Economist გამოაქვეყნა სტატია, სადაც ევროპის დემოგრაფიული მდგომარეობაა გაანალიზებული. იმ 15 ევროპული ქვეყნიდან, რომელმაც წელს შობადობის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, 11-ში კლების ტენდენციაა. როგორც ჩანს, 2008 წელს დაწყებულმა რეცესიამ განვითარებულ ქვეყნებში მიგრაციის, ქორწინებებისა და დაბადებული ბავშვების რიცხვის შემცირება გამოიწვია – შესაბამისად, ეკონომიკურ კრიზისს თან დემოგრაფიულიც დაერთო.

ეკონომიკური დაღმასვლის კავშირი დემოგრაფიულ დაღმასვლასთან ეხმიანება ადამ სმიტის თეორიას, რომლის მიხედვითაც, ეკონომიკური არასტაბილურობა შობადობისთვის ცუდია. მეორე მხრივ, ის უარყოფს საწინააღმდეგო მოსაზრებას, რომ რეცესიის დროს, პირიქით, უმუშევარ ქალებს მეტი დრო და სტიმული აქვთ ბავშვების გასაჩენად, რაც თავის დროზე სხვადასხვა მოსაზრებებით გადადეს.

ევროპის შემთხვევაში ამას თავისი ახსნა აქვს: სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკა ადასტურებს, რომ ახალგაზრდა წყვილებს ურჩევნიათ, ჯერ ფინანსურად მოძლიერდნენ და ოჯახური ცხოვრება მერე წამოიწყონ. ამიტომ, ბუნებრივია, უმუშევრობის დონე ოჯახების შექმნაზე და, შესაბამისად, შობადობის მაჩვენებელზეც მოქმედებს.

საქართველოში ასეთი ტენდენცია არ იკვეთება, ყოველ შემთხვევაში, უკანასკნელ წლებში.

თუ ბოლო 6 წლის ოფიციალურ მონაცემებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ჩვენთან ყველაზე მეტი ოჯახი სწორედ იმ წლებში შეიქმნა, როდესაც უმუშევრობის დონე უფრო მაღალი იყო, ვიდრე წინა პერიოდში. 2008, 2009 და 2010 წლებში ქორწინების კოეფიციენტი (1000 კაცზე) 7-დან 8-მდე მერყეობდა. შედარებისთვის, 2001 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3.0 იყო. იმავე 2009 და 2010 წლებში უმუშევრობის დონემ 16-17%-ს მიაღწია. 2011-ში კი უმუშევრობის მცირედით დაკლებას (16.3%), ქორწინებების რიცხვის ზრდა არ მოჰყოლია. სწორედ ამ დროს იყო ყველაზე მაღალი შობადობის კოეფიციენტიც (14-ზე მეტი).

ბუნებრივია, რამდენიმე წელიწადი არც ისე ბევრია დემოგრაფიული ცვლილებების შესაფასებლად, თუმცა, მაინც შეიძლება

ითქვას, რომ საქართველოში ევროპული ტენდენცია არ მეორდება – უმუშევრობის მაჩვენებელი ქორწინებების რიცხვზე პირდაპირ არ აისახება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოში, სტატისტიკურად, დასაქმებულები 30 წელს ზემოთ ადამიანებში უფრო მეტია, ხოლო უმრავლესობა (როგორც ქალები, ასევე მამაკაცები) ოჯახს 20-29 წლის ასაკში ქმნის. ბუნებრივია, სრულფასოვანი ანალიზისთვის მრავალი სხვა ფაქტორის გათვალისწინებაცაა საჭირო, თუმცა ეს მონაცემები მაინც გვაძლევს ვარაუდის საშუალებას, რომ ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში მყარ ფინანსურ მდგომარეობას ნაკლებად ელოდებიან ოჯახის შესაქმნელად.

საინტერესოა ისიც, თუ რა ასაკში აჩენენ ქალები ბავშვებს: ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი ქართველი ქალებისთვის 20-24 წელია. რიგითობით, მეორე ადგილზე 25-29 წლის ჯგუფია. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენმა გადადო და რამდენი აპირებს მომავალში ბავშვის გაჩენას.

ზოგადად, შობადობამ სხვადასხვა მიზეზით შეიძლება დაიკლოს – მაგალითად, წყვილმა გადაწყვიტოს, რომ ნაკლები ბავშვი ჰყავდეს, ან უბრალოდ, გადადოს ბავშვის გაჩენა. ორივე ეს გადაწყვეტილება რაღაც ეტაპზე შობადობის დონეს ამცირებს, თუმცა, მეორე შემთხვევაში, „გადადებული” ბავშვების ამქვეყნად მოვლინების შემდეგ, ეს მაჩვენებელი ისევ იმატებს.

Economist-ი გვთავაზობს ამერიკული think-tank-ის, Population Council-ის ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ანალიზს, რომელიც ამტკიცებს, რომ ევროპაში სწორედ ეს ხდება: 2000-დან 2008 წლამდე ის ბავშვები გაჩნდნენ, რომელთა დაბადება თავის დროზე გადადეს. ახლა მშობიარობებმა იკლო და დღეს გადადებული შვილები მოგვიანებით აამაღლებენ შობადობის მაჩვენებელს.

რაც შეეხება საქართველოს, რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის მონაცემებით, ქორწინებაში მყოფი ქალების მხოლოდ 35% აცხადებს, რომ მეტი შვილის ყოლა სურს. ამასთან, ბოლო ათ წელიწადში მნიშვნელოვნად, 29%-ით შემცირდა იმ ახალგაზრდა (30 წლამდე) ქალთა რაოდენობა, ვინც მომდევნო 2 წლის განმავლობაში ბავშვის გაჩენას გეგმავს. სამაგიეროდ, გაიზარდა მაჩვენებელი 30 წლის და უფროსი ასაკის ქალებს შორის – ისინი ამბობენ, რომ უახლოეს წლებში კიდევ უნდათ შვილის გაჩენა. ამრიგად, მოსალოდნელია, რომ ახლო მომავალში მშობიარეთა ასაკი შეიცვალოს და ახალგაზრდა ქალებმა ნაკლები ბავშვი გააჩინონ.

კომენტარები