ბარაკ ობამა

ბარაკ ობამა - ფანტაზია და რეალობა პრეზიდენტის ბიოგრაფიაში

ბარაკ ობამა ჰავაიზე

ახალგაზრდა ბარაკ ობამა
ივნისს გამოვიდა პულიცერის პრემიის მფლობელი ჟურნალისტის, The Washington Post-ის ასოცირებული რედაქტორის დევიდ მარანისის წიგნი ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შესახებ (Barack Obama: The Story). მარანისი ნაწარმოებზე 4 წლის მანძილზე მუშაობდა და ამ პერიოდში კენიაში, ინდონეზიაში, ჰავაისა და ამერიკის სხვადასხვა შტატებშიც იმოგზაურა.

ობამას ახალმა ბიოგრაფიამ მისი წინაპრებისა და ცხოვრების შესახებ მრავალი ახალი დეტალი გამოამზეურა. მარანისის ნაწარმოებმა გამოასწორა ის უზუსტობები, რომლებიც ობამას მიერ 1995 წელს გამოქვეყნებულ მემუარებში (Dreams from My Father: A Story of Race and Inheritance) იყო დაშვებული.

ერთ-ერთი ასეთი დეტალი ობამას ბაბუას (მამის მხრიდან), ჰუსეინ ონიანგო ობამას ეხებოდა, რომელიც 1979 წელს გარდაიცვალა. ის კენიაში განლაგებულ ბრიტანეთის არმიის სამხედრო ნაწილებთან მზარეულად მუშაობდა და ობამას წიგნის მიხედვით, ბრიტანელებმა 1949 წელს, მაუ მაუს აჯანყებასთან კავშირისთვის 6 თვით დააპატიმრეს და აწამეს. ობამა თავის ბებიანაცვალ სარას (ონიანგოს 5 ცოლი ჰყავდა) მონაყოლს ეყრდნობა.

მარანისი საკუთარ წიგნში აღნიშნავს, რომ ონიანგოს დაპატიმრების, წამების, დაკითხვის ან გასამართლების შესახებ ვერანაირ დოკუმენტს ვერ მიაკვლია. მან ონიანგოს ნათესავები და მეგობრებიც გამოჰკითხა – მათ არაფერი სმენიათ

დედასთან და მამინაცვალთან ერთად
ონიანგოს პატიმრობაზე. ისტორიას გამოგონილად მიიჩნევს ონიანგოს ერთ-ერთი ნათესავი, რომელიც ამჟამად კენიის პოლიციის მაღალჩინოსანია. მისი განმარტებით, სამართალდამცავებთან რაიმე პრობლემის შემთხვევაში, პიროვნების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასთან ან სხვა პოლიტიკურ მოვლენასთან დაკავშირება იყო პოპულარული.

მარანისის მიგნებები გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ობამას ბაბუა რეპრესიების მსხვერპლი იყო. ისინი ასევე უარყოფენ შეხედულებას, თითქოს ობამას საკუთარი ბაბუის გამო ბრიტანელთა მიმართ გულში წყენა ჰქონდეს ჩარჩენილი.

წიგნი ეჭვქვეშ აყენებს პრეზიდენტის მოგონებებს მეორე ბაბუის (დედის მხრიდან), სტენლი დანჰემის შესახებ. ობამა მემუარებში იხსენებს, რომ სტენლი ამერიკის არმიაში პერლ ჰარბორზე იაპონელთა თავდასხმიდან (1941 წლის 7 დეკემბერს) მეორე დღესვე ჩაეწერა და მეორე მსოფლიო ომში გენერალ ჯორჯ პატონის ხელმძღვანელობით იბრძოდა. მარანისი წერს, რომ რეალურად ობამას ბაბუა არმიას პერლ ჰარბორიდან რამდენიმე თვეში შეუერთდა და მეორე მსოფლიო

ბარაკ ობამას მამა
ომის დროს საბრძოლო შეტაკებებში მონაწილეობა არ მიუღია (კლერკად მსახურობდა).

მარანისი ობამას ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში მოყვანილ სხვა დეტალებსაც უარყოფს. მაგალითად, მან გამოარკვია, რომ ობამას ინდონეზიელი მამინაცვლის მამა, სოვარნო მარტოდიჰარჯო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისას ჰოლანდიელ ჯარისკაცებს არ მოუკლავთ. ის ფარდების დაკიდებისას სკამიდან ჩამოვარდა და სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ობამა საკუთარი სკოლის პერიოდის აღწერისას იყენებს (გამოგონილ) პერსონაჟს, რომელსაც ჰქვია რეგინა. ნაწარმოებში ის ამერიკელი შავკანიანი ახალგაზრდის ამერიკული ცხოვრების ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს. მარანისის მტკიცებით, პერსონაჟის პროტოტიპი თეთრკანიანი სტუდენტი კაროლინ ბოსია, რომლის შვეიცარიელ ბებიას რეგინა ერქვა. ავტორი მოგონილს უწოდებს ობამას მიერ ბავშვობასა და ახალგაზრდობაში განცდილ რასობრივ პრობლემებსაც.

ობამას ბიოგრაფიის ზოგიერთ დეტალზე მარანისის წიგნამდეც დავობდნენ. ამტკიცებნენ, რომ პრეზიდენტი ჩიკაგოში

ბარაკ ობამა ჰავაიზე
სოციალისტური იდეოლოგიის ახალი პარტიის (New Party) წევრი იყო, თუმცა თავად ამას უარყოფდა. საუბრობდნენ მის ურთიერთობაზე კომუნისტური რევოლუციური ორგანიზაციის დამაარსებლებთან, ბილ აიერსსა და მის მეუღლე ბერნანდინ დორნთან, რომლებიც 1960-იან და 1970-იან წლებში ვიეტნამის ომისადმი პროტესტის ნიშნად, საჯარო შენობებსაფეთქებდნენ. 2008 წელს, ობამას საპრეზიდენტო კამპანიისას იფეთქა სკანდალმა, რომ პრეზიდენტი ჩიკაგოში ესწრებოდა პასტორ იერემია რაითის ანტიამერიკულ ქადაგებებს.

მარანისი აღნიშნავს, რომ ობამას მამა და ბაბუა (მამის მხრიდან), მეუღლეების მიმართ ძალადობრივი მოპყრობით გამოირჩეოდნენ. ობამას წიგნის მიხედვით, როდესაც ის ორი წლის იყო, მამამ ოჯახი მიატოვა. მარანისის მტკიცებით კი, ობამას დედა (სტენლი ენ დანჰემი) ჰავაიდან ვაშინგტონის შტატში გადასახლდა, როდესაც ამერიკის მომავალი  

ბებიასთან და ბაბუასთან ერთად
პრეზიდენტი სულ ერთი თვის იყო, იმის გამო, რომ ქმარი ცუდად ეპყრობოდა.

ობამას დედა კიბოთი გარდაიცვალა. ის მემუარებში აღნიშნავს, რომ სადაზღვევო კომპანია თავის ფინანსურ პასუხისმგებლობებს არ ასრულებდა, მაგრამ მარანისმა გაარკვია, რომ სადაზღვევო კომპანიას სტენლი ენ დანჰემის მკურნალობის ყველა ჩეკი გადახდილი ჰქონია.

მარანისის აზრით, ობამას ბედმა გაუღიმა, რომ მამამისთან კონტაქტი პრაქტიკულად არ ჰქონია. ბარაკ ობამა უფროსს კენიაში ცოლი და ორი შვილი ჰყავდა, როდესაც სტენლი ენ დანჰემთან რომანი გააბა და დაქორწინდა. დანჰემის ვაშინგტონის შტატში გადასვლის შემდეგ კი კენიაში დაბრუნდა, ალკოჰოლში ჩაიძირა და საბოლოოდ ავტოავარიამ იმსხვერპლა 1982 წელს, 48 წლის ასაკში.

მარანისის თქმით, ობამამ თავად გადაწყვიტა საკუთარ წიგნში დეტალების შეცვლა, რათა თხრობა რასობრივ პოლიტიკურ ნარატივში მოექცია. ჟურნალისტი განმარტავს – ობამამ თავის მონათხრობში წინ წამოსწია საკუთარი შავკანიანი ნაცნობები,

კოლეჯის კალათბურთის გუნდში
რომლებმაც მის ცხოვრებაში შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, მაგრამ უფრო შეესაბამებოდნენ პრეზიდენტის სასურველ ნარატივს.

მარანისის ნაწარმოებს, რომელიც, პირველ რიგში, პრეზიდენტის იდენტობას იკვლევს და არა მის პოლიტიკურ კარიერას (წიგნი მთავრდება, როდესაც ობამა 27 წლისაა), ამერიკა ინტერესით შეხვდა. The New Yorker-ი წერს, რომ მარანისმა მოახერხა და ობამას შესახებ ახალ ღირსშესანიშნავ ელემენტებს მიაგნო. The New York Times-ში გამოქვეყნებულ წერილში მიმომხილველი ჯეიმს ფალოუსი აღნიშნავს, რომ მარანისმა უფრო მეტი იცის ობამას წინაპრების შესახებ, ვიდრე თავად პრეზიდენტმა. თუმცა წიგნში დეტალების სიმრავლეს ფალოუსი მოსაწყენად მიიჩნევს. Barack Obama: The Story ამსხვრევს ამერიკის პრეზიდენტის შესახებ არსებულ მითებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, Foreign Policy-ს ასოცირებული რედაქტორი ჯოშუა კიტინგი თვლის, რომ წიგნი არ შეიცავს იმ მასშტაბისა და რაოდენობის სკანდალურ დეტალებს, რამდენსაც ობამას ოპონენტები ისურვებდნენ. საბოლოო ჯამში, კრიტიკოსები თანხმდებიან, რომ მარანისის წყალობით საზოგადოებას ობამას მსოფლმხედველობის გაგებისა და პრეზიდენტის უკეთ გაცნობის საშუალება მიეცა.

 

 

კომენტარები