გუშინ მოსკოვში, გეორგიევსკის სკვერში, საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა 500-ამდე ადამიანმა მიიღო.
რადიო Эхо Москвы-ს ბლოგერი და ფოტოგრაფი ზურაბ ჯავახაძე, საკუთარი ბლოგის საშუალებით იუწყება, რომ აქციის მონაწილეთა უმეტესობას შედგენდნენ არა ქართველები, არამედ სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანები, რომლებიც ფულის სანაცვლოდ ვლადიმირ პუტინის მხარდასაჭერ აქციებზეც დადიან. მათ შორის მიგრანტები ცენტრალური აზიიდან, ასევე პენსიონრები, უსახლკაროები და უსტიპენდიო სტუდენტები.
როგორც Эхо Москвы-ს ბლოგერი აღნიშნავს, აქციის დასრულების შემდეგ, მომიტინგეებმა ქართული დროშები და მაისურები ჩააბარეს და ფულის მისაღებად წავიდნენ.
,,თავდაპირველად თანხის გაცემა იმ პარკს გარეთ იგეგმებოდა, სადაც აქცია გაიმართა, თუმცა მას შემდგომ, რაც აქციის ორგანიზატორებმა ქართულ ტელევიზიებს მოკრეს თვალი, ფულის გაცემა მეტროსადგურ კრასნოპრესნენსკაიაზე გადაწყდა. მას შემდეგ რაც ორგანიზატორებმა კამერები ამ მეტროსადგურზეც შენიშნეს, ჟურნალისტები პროვოკატორების მოყვანაში დაადანაშაულეს.’’-წერს ზურაბ ჯავახიძე.
ბლოგერის ინფორმაციით, მუქარას ჟურნალისტების მისამართით პოლიცია მშვიდად აკვირდებოდა. პოლიციას რეაგირება არც ფულის გაცემის ფაქტზე მოუხდენია, ხოლო მომიტინგეები და ფულის გამცემები საბოლოოდ ,,გაურკვეველი მიმართულებით წავიდნენ’’.
აქციამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთ რუსულ ფორუმზე განცხადება გამოჩნდა, სადაც გარეგნულად ქართველებთან მიმსგავსეულ პირებს, 24 ივნისს ,,დოკუმენტური ფილმის გადასაღებად’’ მეტრო კრასნოპრესნენსკაიასთან იწვევდნენ და 600 რუბლის გადახდას პირდებოდნენ.
,,დაშვებულია სხვა ნაციონალობის ადამიანების მონაწილეობაც, რომლებიც გარეგნულად ქართველებს ჰგვანან.‘’- წერია განცხადებაში.
ტელეკომპანია მე-9 არხმა აღნიშნული აქცია გააშუქა, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,საქართველოს ხმა-სამართლიანი არჩევნებისთვის’’ მიერ მოწყობილი ქართველთა აქცია. ტელეკომპანიის გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაცია საქართველოს მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დარეგისტრირებასა და არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში ეხმარება.





