ეგვიპტე

ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნებში მუსლიმური საძმოს კანდიდატმა გაიმარჯვა

ეგვიპტის საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების თანახმად, ხმების უმეტესი რაოდენობა ისლამისტური მოძრაობა „მუსლიმური საძმოს“ კანდიდატმა მუჰამედ მურსიმ მიიღო.

მეორე ტურში ეგვიპტის ახლადარჩეულ პრეზიდენტს მეტოქეობას ქვეყნის ყოფილი პრემიერ–მინისტრი აჰმედ შაფიკი უწევდა. BBC – ის ინფორმაციით, 60 წლის მურსიმ ხმათა 51, 7 % მიიღო, ხოლო მის კონკურენტს ამომრჩეველთა 48, 3 პროცენტმა მისცა ხმა.

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადება პირდაპირ ეთერში კაიროში ტაჰრირის მოედანზე გადაიცემოდა, სადაც ათასობით ადამიანია შეკრებილი. ეგვიპტეში ქვეყნის მოსახლეობამ არჩევანი ყოფილი მმართველის, ჰოსნი მუბარაქის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, რომელიც გასული წლის თებერვალში მასობრივი საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა, პირველად გააკეთა.

გასულ კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ ხუთშაბათს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ დამატებითი დრო მოითხოვა, რათა კანდიდატების მიერ შესული საჩივრები შეესწავლა.

პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი – მუსლიმური საძმოს მუჰამედ მურსი და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აჰმედ შაფიკი შედეგების გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე ირწმუნებოდნენ, რომ აღნიშნულ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვეს.

სამხედრო ძალებმა, რომლებიც ქვეყანას მუბარაქის გადადგომის შემდეგ მართავენ, განაცხადეს, რომ ეგვიპტის მმართველობას მშვიდობიანად გადასცემენ არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს.

 

კომენტარები