დიდი ბრიტანეთი

9 წლის ბრიტანელ გოგონას ბლოგის გაუქმება აიძულეს

დიდ ბრიტანეთში 9 წლის გოგონა იძულებული გახდა საკუთარი ბლოგი გაეუქმებინა. მართა პეინი ბლოგზე აქვეყნებდა ფოტოსურათებიან პოსტებს იმ საკვების შესახებ, რომლითაც სკოლაში უმასპინძლდებოდნენ, მათ შორის არასასიამოვნო საჭმელების შესახებაც.

ბლოგის გამოყენება გოგონამ მაისის დასაწყისში დაიწყო და რამდენიმე კვირაში მილიონი მნახველი შეიძინა. ბლოგის შესახებ დაიწერა ისეთ გავლენიან გამოცემებში, როგორიცაა Time, Telegraph და Daily Mail.

გუშინ გოგონამ დასამშვიდობებელი პოსტი დაწერა და განმარტა, რომ იძულებული იყო ბლოგი გაეუქმებინა, რადგან სკოლაში კამერის წაღება აეკრძალა.

,,მითხრეს რომ სკოლის საჭმელებს ფოტოებს ვეღარ გადავუღებდი, იმ სტატიის გამო, რომელიც გაზეთში გამოქვეყნდა. მე ვწერ მხოლოდ ჩემს ბლოგზე და არა გაზეთებში და ვწუხვარ, რომ აღარ შემეძლება ფოტოების გადაღება. ‘’-ამბობს 9 წლის ბლოგერი.

საკვებთან დაკავშრებული საკითხების მიმოხილვის გარდა მართა პეინი ბლოგს საქველმოქმედო მიზნითაც იყენებდა. მან ორგანიზება გაუწია თანხის შეგროვებას საქველმოქმედო ფონდისთვის, რომელიც აფრიკის ერთ-ერთ სკოლას საკვებით ამარაგებს. 

 http://neverseconds.blogspot.com/

კომენტარები