კანადა

კანადაში პრემიერ-მინისტრის პარტიამ ”უცნაური” გზავნილი მიიღო

ოტავაში მდებარე კანადის მმართველი, კონსერვატიული პარტიის შტაბ-ბინაში შეფუთული გზავნილი მიიღეს, რომლის გახნის შემდეგაც სისხლის ლაქა აღმოაჩინეს.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, პარტიისადმი ანონიმური პიროვნების მიერ გაგზავნილ ყუთში ადამიანის სხეულის მოკვეთილი ნაწილი, კერძოდ, ტერფი იდო.

კონსერვატიული პარტიის ლიდერი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სტივენ ჰარპერია. უცხოური მედიის ცნობით, გზავნილის ადრესატი არა კონკრეტული პიროვნება, არამედ მთელი პარტიაა.

ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ ქალაქის ერთ-ერთ საფოსტო ტერმინალში პოლიციამ ადამიანის სხეულის ნაწილის შემცველი კიდევ ერთი პაკეტი აღმოაჩინა. სამართალდამცავების ცნობით, პაკეტში მოკვეთილი ხელი იდო.

უცხოური მედიის ცნობით, ამავე დღეებში მონრეალში ნაგვის ურნაში ”ადამიანის ტორსი ხელების, ფეხების, თავის გარეშე იპოვეს.”

პოლიცია ამჟამად მომხდარს იკვლევს. კანადაში ადგენენ, არის თუ არა დედაქალაქში მიღებული გზავნილებსა და მონრეალში ნაპოვნ ცხედარს შორის კავშირი.

 

კომენტარები