სირია

გაერომ ქალაქ ხულაში მომხდარი დაბომბვა დაგმო

გაეროს უშიშროების საბჭომ სირიის მთავრობის ქმედება დაგმო, რომლის შედეგადაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ქალაქ ხულაში 100–ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის ათამდე მცირეწლოვანი ბავშვი, ქალები და ხანდაზმულები არიან. 300 – მდე ადაამიანი კი დაშავებულია.

საბჭოს განცხადებას მხარი დაუჭირა გაეროს მიერ კვირას გამართულ საგანგებო სხდომის ყველა წევრმა, მათ შორის რუსეთმაც, რომელიც ამ დრომდე თავს იკავებდა ბაშარ ასადის რეჟიმის ქმედებების მკაცრი შეფასებისაგან. გაეროს უშიშროების საბჭოს მიღებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქალაქ ხულაში მრავალრიცხოვანი მსხვერპლის მიზეზი გახსნილი მასირებული ცეცხლი გახდა. გაერომ კვლავ მოუწოდა ოფიციალურ დამასკოს ოპოზიციასთან შეტაკებებისას მძიმე შეიარაღების გამოყენების შეწყვეტისაკენ.

გაეროს მისიის ხელმძღვანელის, გენერალ რობერტ მუდის განცხადებით, გასულ დღეებში, როდესაც ხულაში სროლა ისმოდა, სირიის მთავრობამ არ შეუშვა გაეროს დამკვირვებლები ქალაქში.

პარასკევს ღამით, სირიის ოპოზიციის ცნობით, სამთავრობო ძალებმა ქალაქ ხულას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 100-ზე მეტი შვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ოფიციალური დამასკო, თავის მხრივ მომხდარის შესახებ პასუხისმგებლობას ოპოზიციასთან დაკავშირებულ „ტერორისტებს“ აკისრებს.

კომენტარები