ჩარლზ კრაუტჰამერი

ჩვენთან თანასწორობის კი არა, თავისუფლების ქანდაკება დგას

თავისუფლების იმპერია არჩევანის წინაშე

ბევრი ამტკიცებს, რომ ამერიკის ჰეგემონია დაღმა მიდის და ეს გარდაუვალი პროცესია. თქვენ ამბობთ, რომ ეს შეერთებული შტატების ამჟამინდელი ხელისუფლების არჩევანია და არა გარდაუვალობა. რატომ ხელისუფლების და ხალხის არა? ეგებ ამერიკელ ხალხს სურს ასე?

ზოგადად, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლება ხალხის ნებას გამოხატავს. მაგრამ ამ შემთხვევაში თვალნათელია, რომ მოსახლეობამ არჩევანი დღევანდელ ლიდერზე შიდა პოლიტიკური თემების გამო შეაჩერა. საგარეო საკითხებიდან ამომრჩეველი მხოლოდ მიმდინარე ომების დასრულებით იყო დაინტერესებული. უმთავრესად კი, ადგილობრივი პრობლემების მოგვარება სურდა. ასე რომ, არ მგონია ამერიკის ჰეგემონიის დასრულება ამერიკელი ხალხის ნება იყოს.

ვფიქრობ, ამ კითხვაზე უფრო ზუსტ პასუხს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე მივიღებთ. მიტ რომნის წინასაარჩევნო კამპანია ამერიკის ჰეგემონიის იდეას ეფუძნება – ვნახოთ, გაიმარჯვებს თუ არა. თუმცა, ისიც ცხადია, რომ ამ არჩევნების ბედსაც შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა გადაწყვეტს. საგარეო პოლიტიკა ყოველთვის მეორეხარისხოვანია შეერთებულ შტატებში.

ერთი სიტყვით, ჩემი აზრით, ამერიკის დაღმასვლა არჩევანია – ჩვენ დაღლილი ხელისუფლება გვყავს, რომელიც სოციალ-დემოკრატიას ესწრაფვის. სურს იმ გზას დაადგეს, რაც დასავლეთ ევროპამ გაიარა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ – ააშენა საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო, ეროვნული ჯანდაცვის სისტემა, სამაგიეროდ დათმო იმპერია. არ მგონია, ამერიკელ ხალხს პირველობის დათმობა სურდეს. მას ომებიდან თავის დაღწევა უნდა და არა დაღმასვლა. თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში. რვაწლიანი დაღმასვლის შედეგად, შესაძლოა, ისეთ ვითარებაში აღმოვჩნდეთ, რომ ძალები ვეღარ აღვიდგინოთ. თუ თავდაცვის ბიუჯეტი იმდენად შევამცირეთ, რომ იმპერიული როლი ვეღარ შევასრულეთ, იმპერია აღარ ვიქნებით.

ამ პროცესში ევროპა რა როლს თამაშობს? ცივი ომის დროს მის უსაფრთხოებას შეერთებული შტატები უზრუნველყოფდა და ჩრდილოატლანტიკური კავშირიც მყარი იყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის სახით, საფრთხე გაქრა, ამ ერთობაში ბზარები გაჩნდა. როგორ ფიქრობთ, ჩრდილოატლანტიკური ერთობის დასუსტებაც ხომ არ უწყობს ამერიკის დაღმასვლას ხელს?

არ მგონია ეს ფაქტორი იყოს. კი, ევროპასთან ალიანსი დასუსტდა, იმიტომ რომ მას აღმოსავლეთიდან საბჭოთა კავშირის ზომის და გაქანების საფრთხე აღარ ემუქრება. რუსეთი ევროპისთვის ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა და დღესაც ასეა. მაგრამ საბჭოთა გამოცდილება სულ სხვა იყო.

NATO-ს მეშვეობით ექსპერიმენტი ჩავატარეთ ავღანეთში, რაც წარუმატებელი აღმოჩნდა. არ მგონია ასეთი რამ კიდევ მოხდეს (მე-5 მუხლი პირველად ამოქმედდა).

მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ერთობის დასუსტება, შეერთებული შტატების დაღმასვლასთან კავშირში არ არის. მიზეზი უშუალოდ ამერიკის თვითაღქმაში უნდა ვეძებოთ – ამერიკელი ხალხი ფინანსურმა კრიზისმა პანიკაში ჩააგდო და მან აირჩია ლიდერი, რომელიც სახელმწიფოს სახლში შენებას დაჰპირდა. ეს იზოლაციონიზმის დევიზია, იზოლაციონიზმის ევფემიზმია. ევროპასთან ჩვენი კავშირის დასუსტება არაფერ შუაშია. ის, რომ NATO დასუსტდა და ნაკლებად რელევანტურია, ჩვენს არჩევანს არ განაპირობებს.

ავღანეთს მივუბრუნდები. თქვით, რომ მისია წარუმატებელია...

დიახ, წარუმატებელია. ორ წელიწადში იქიდან გამოვალთ, მაგრამ სამოქალაქო ომი გაგრძელდება. საიგონი არ განმეორდება, მაგრამ პრობლემას მოუგვარებელს ვტოვებთ, თანაც დიდი მსხვერპლი გავიღეთ.

ბოლო დრომდე, ხშირად ავლებდნენ პარალელს ბილ კლინტონთან და ფიქრობდნენ, რომ ბარაკ ობამა საგარეო ფრონტზე მეორე ვადიდან გააქტიურდებოდა. მით უმეტეს, რომ დღევანდელ კონგრესში, ისე როგორც კლინტონის დროს, უმრავლესობა ოპოზიციურ პარტიას აქვს, რომელიც პრეზიდენტის შიდა პოლიტიკურ გავლენას ზღუდავს. თუმცა, ჩართული მიკროფონის ინციდენტის შემდეგ...

ოჰ, ბევრად უარესს უნდა ველოდოთ. მიკროფონის ინციდენტი იმაზე მიუთითებს, რომ ობამა კიდევ უფრო მოქნილი გახდება. აკვირდებით როგორ დაიჟინა რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვა? რა მიიღო ამ პოლიტიკით? არაფერი! ირანზე არ დაგვხმარებიან. არც საქართველოსა და უკრაინაზე შეუნელებიათ ზეწოლა. სირიაში, როგორც ხედავთ, რეჟიმს სიცოცხლეს უნარჩუნებენ. ჩვენ არაფერი მიგვიღია, გარდა ახალი შეთანხმებისა სტრატეგიული შეიარაღების შემცირებაზე (START). მაგრამ ის ჩვენ არ გვჭირდება, რუსებს სჭირდებათ. ახლა დათმობებს ითხოვენ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის საკითხში. ეს მაშინ, როცა ჩვენ უკვე დავიხიეთ უკან – პოლონეთში განთავსებაზე უარი ვთქვით. ერთი სიტყვით, ეს ყოველთვის ცალმხრივი პროცესი იყო.

ობამას ეს არ ანაღვლებს. ობამას ჰგონია, რომ კარგი ურთიერთობა უკვე წარმატებაა. ის თვლის, რომ ყველაფრის დათმობის შედეგად მიღწეული სიმშვიდე წარმატებას ნიშნავს. კარგი ურთიერთობები – ეს რაღას ნიშნავს? მე ის კი არ მაღელვებს, რუსები ჩვენზე გაბრაზდებიან თუ არა, ის მაინტერესებს – რას გააკეთებენ. ობამა კი იმაზე ნერვიულობს, რუსები რას იგრძნობენ.

გნებავთ ირანი ავიღოთ – მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მაგრამ რაზე? ერთ-ერთ გაზეთში შესანიშნავ სათაურს გადავაწყდი: „მოლაპარაკებები, სადაც სამხედრო კონფლიქტის პრევენციის გზებს ეძებენ, ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა”. კი, მაგრამ მოლაპარაკებების საგანი ბირთვული იარაღის შექმნაში ირანისთვის ხელის შეშლა არ უნდა ყოფილიყო? ახლა, ამოცანა სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილებაა. სხვა სიტყვებით – ისრაელის შეტევის პრევენცია. ასე რომ, გამოდის, აშშ-სა და ირანის მთავრობას ერთი მიზანი აქვთ, შეიმუშაონ ფორმულა, რომელიც ირანზე ისრაელის თავდასხმას შეაჩერებს. ოღონდ ამით ირანის ბირთვულ პროგრამას არაფერი დააკლდება.

ბევრი შიშობს, რომ თუ ისრაელი ირანს შეუტევს, საფრთხე დაემუქრება კოალიციას და სანქციებს; ამ უკანასკნელის ზემოქმედების იმედი, როგორც ჩანს, კიდევ აქვთ...

ეს არის მიზნებისა და საშუალებების აღრევის კარგი მაგალითი. კოალიცია საშუალებაა მიზნის მისაღწევად და არა თავისთავად მიზანი. ამ შემთხვევაში კოალიციის მიზანი ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებაა. უკვე 5-6 წელია, რაც ძალიან ძლიერი კოალიცია გვაქვს და იმ ინფორმაციის თანახმად, რომელიც ჩვენმა დაზვერვამ კონგრესს წარუდგინა, მისი ეფექტი ირანის ბირთვულ პროგრამაზე ნულია. მაშ, რა საჭიროა კოალიცია? ის ერთგვარ ფეტიშად, ტოტემად, თვითმიზნად იქცა. კოალიცია იმისთვის გვინდა, რომ ბირთვული პროგრამა შეაჩეროს.

რადგან ირანი მაინც აგრძელებს ბირთვულ პროგრამას, გამოდის – კოალიცია წარუმატებელია. ჩვენ ერთად დგომაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ირანს ხელში ბირთვული იარაღი არ ჩაუვარდეს. ჯერჯერობით ამას ვერ ვახერხებთ. სანქციებმა შესაძლოა შედეგი გამოიღოს და კარგი იქნებოდა მათი გამკაცრება. თუმცა, ახლა სანქციების შესუსტებაზე მიდის საუბარი და თანაც იქ, სადაც შედეგი მოაქვს, რაღაც თაღლითური შეთანხმების მაგივრად, რომლის მიხედვითაც ირანი ურანს მხოლოდ 3.5%-ით გაამდიდრებს 20%-ის ნაცვლად. მე აქედან ერთი სიტყვისაც არ მჯერა.

რამდენად შეძლებს ამერიკა გვერდზე გადგეს, თუ ისრაელმა ირანს დაარტყა?

ეს გარკვეულწილად ირანის პასუხზე იქნება დამოკიდებული. თუ ხელისუფლებას თავში ჭკუა აქვს, არ უნდა გამოგვიწვიოს. მაგრამ შეიძლება ირაციონალურად მოიქცეს და ჰორმუზის სრუტის ბლოკირება სცადოს, ანდაც ბაჰრეინში ჩვენს სამხედრო ფლოტს დაესხას თავს. ეს მისთვის მომაკვდინებელი იქნება – აშშ-ის სამხედრო ფლოტი ირანს მიწასთან გაასწორებს და ომში აღმოვჩნდებით. ამ ქვეყნის ხელისუფლება ომის კატეგორიული წინააღმდეგია, მაგრამ ფლოტი იძულებული იქნება უპასუხოს.

თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ დარტყმის შემთხვევაში, ირანი პირდაპირ ისრაელს შეუტევს ჰეზბოლას პოზიციებიდან. ჰამასი მიგვანიშნებს, რომ სამხედრო მოქმედებებში არ ჩაერთვება. შესაბამისად, არ არის აუცილებელი, ომი რეგიონული მასშტაბის იყოს.

თქვენს ერთ-ერთ სტატიაში სათაურით „ეს მხოლოდ თავისუფლებას არ ეხება” წერთ, რომ იმპერიული რეჟიმები ტყდებიან, როდესაც მათ თავიანთი საგარეო ფორპოსტებიდან აძევებენ. თქვენ ამბობთ, რომ სირიის ასადისგან გათავისუფლება, ირანსაც დააზარალებს. რამდენად შესაძლებელია იგივე თეზა რუსეთ-საქართველოზე გავავრცელოთ? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორ მოქმედებს რუსეთზე მისი ყოფილი სატელიტების NATO-ში ინტეგრაცია?

კრემლის შიში რაციონალურია. როცა ყოფილი სატელიტები მოწინააღმდეგე, დასავლურ მხარესთან ინტეგრირდებიან, რუსეთს ა) უკვდება გავლენის სფეროს აღდგენის ოცნება; ბ) თავს ალყაში მოქცეულად გრძნობს, თუმცა ამის საფუძველი არ აქვს. სისულელეა იმაზე ფიქრიც კი, რომ ჩვენ, მისი ყოფილი სატელიტების ტერიტორიიდან, ოდესმე რუსეთში შევიჭრებით. ვიღაცებმა ეს ადრე სცადეს – ნაპოლეონმა, ჰიტლერმა – და კარგად არ დაამთავრეს.

მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს ქვეყანა ბუნებით იმპერიალისტია. როგორც ჰენრი კისინჯერმა თქვა, პეტრე დიდის შემდეგ რუსეთს 300 წლის განმავლობაში ყოველწლიურად ბელგიისოდენა ტერიტორია ემატებოდა. ისინი ბუნებით ექსპანსიონისტები არიან. პუტინი რუსულ სენტიმენტს გამოხატავდა, როდესაც განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მე-20 საუკუნის უდიდესი კატასტროფა იყო. მათ ყველაფერი დაკარგეს, რასაც 300 წელი აშენებდნენ.

საქართველოზე კონტროლის მოპოვება რუსეთს მნიშვნელოვნად არ გააძლიერებს. უკრაინა სხვა საქმეა – ის სტრატეგიული აქტივია. მართალია, ახლა მოახერხეს და უკრაინაში უფრო მეგობრულად განწყობილი რეჟიმი დაამყარეს, მაგრამ არ მგონია, რუსეთმა იმპერიის აღდგენა შეძლოს. აღარც საფრთხედ მივიჩნევ. იმიტომ, რომ რუსეთის ეკონომიკა, თავიდან ბოლომდე, ბუნებრივი რესურსების მოპოვებაზე დგას, კორუფცია ყველანაირ ზღვარს სცილდება, ხოლო სტაბილურობას КГБ ინარჩუნებს. ასე შეიძლება ერთხანს გაგრძელდეს, მაგრამ არა  უსასრულოდ. კი, რუსეთი გააგრძელებს ზეწოლას საქართველოზე, შეეცდება უკრაინა შეისრუტოს, მაგრამ ვფიქრობ, გარკვეულწილად, ის მაინც შეკავებულია.

ხშირად აკრიტიკებთ აშშ-ის ადმინისტრაციას აღმოსავლეთევროპელი მოკავშირეებისა და საქართველოს მიმართ გულგრილობისთვის. თქვენი აზრით, რატომ უნდა დაეხმაროს აშშ ამ რეგიონის ქვეყნებს? ზოგიერთი ამერიკაში Realpolitik-ის გატარების მომხრეა და თვლის, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთი არ უნდა გააღიზიანოს მის „უკანა ეზოში” ცხვირის ჩაყოფით...

მე აქ ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ. გაინტერესებთ, რატომ უნდა იმეგობროს შეერთებულმა შტატებმა ამ ქვეყნებთან, რუსეთთან მეგობრობის ნაცვლად? იმიტომ, რომ ჩვენ რუსეთის შეკავება გვინდა, ამისთვის კი მოკავშირეთა რკალი უნდა შევქმნათ მის ირგვლივ.

საქმე ისაა, რომ ამერიკა ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც დამყარებულია იდეაზე და არა სისხლზე. ის არ ემყარება ისტორიას, არ ემყარება რასას, ის ეფუძნება იდეას. ეს ძალიან უცნაურია და ხალხი ხანდახან ამას ვერ აფასებს. ეს იდეა თავისუფლებაა – ჩვენთან თანასწორობის კი არა, თავისუფლების ქანდაკება დგას. ეს არის ჩვენი მისია და კარგად ვაცნობიერებთ, რომ თავისუფლების მცველები ვართ. ამის გასაკეთებლად თავს არ მოვიკლავთ, მხოლოდ იშვიათად თუ გადავალთ ზღვარს – მაგალითად, არ ვაპირებთ კონგოში შევიჭრათ, მაგრამ როცა თავისუფალ ქვეყანას ვხედავთ, ვეხმარებით, იმიტომ რომ მსგავსები ვართ. ეს ასეა, რუსები თავის თავს იმპერიად ხედავენ, ჩვენ – თავისუფლების დამცველად.

ევროპელებს ეს არ ესმით, მათ ჰგონიათ ამერიკა პრიმიტიული, მორალისტი სახელმწიფოა, რომელსაც Realpolitik არ ესმის. მშვენივრად გვესმის, მაგრამ ჩვენ ვალდებულების ის გრძნობა გვაქვს მსოფლიოს წინაშე. მათ ეს დაკარგეს. იყო დრო, როცა ზოგიერთი მათგანი – ფრანგები, ბრიტანელები – იმავეს განიცდიდა, ფიქრობდა, რომ მისია აკისრია, მაგრამ ეს მაშინ, როდესაც იმპერიულ ძალას წარმოადგენდნენ. ახლა – აღარ.

სწორედ მოვალეობის გრძნობაა ჩვენი მოტივატორი. აღგვაფრთოვანებს პოლონეთი, აღგვაფრთოვანებს საქართველო, რომელიც დიდ დათვს აღუდგა. რეგიონში საქართველოს ბევრი მეგობარი არ ჰყავს – ერთი მხრიდან ზღვა გაქვთ, მეორე მხრიდან რუსეთი. ვინ არის თქვენი მეგობარი სამეზობლოში? ალბათ, მხოლოდ აზერბაიჯანი.

კი, მაგრამ ისიც რუსეთის ზეწოლის ქვეშაა...

ზუსტად. თქვენი პატარა სახელმწიფოს თავისუფლება საფრთხეშია, ჩვენ თავს ვალდებულად მივიჩნევთ დაგეხმაროთ. როდესაც ჯონ მაკკეინი ეხმაურება თქვენთან მიმდინარე პროცესებს, ის ამერიკელების გულწრფელ გრძნობებს გამოხატავს.

დასავლეთთან ინტეგრაციას საქართველოში ძალიან მაღალი მხარდაჭერა აქვს. მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი უჭერს მხარს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. პროცესი დაძრულია, მაგრამ ჭიანურდება. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა მიიღონ საქართველო NATO-ში?

პირველ რიგში იმიტომ, რომ თქვენი უსაფრთხოება უზრუნველვყოთ. ამ ნაბიჯით რუსებს ვეტყვით, რომ საქართველოში შეჭრა ჩვენზე თავდასხმას ნიშნავს. NATO-ს კიდევ ერთი სახმელეთო ომის წარმოების გამბედაობა არ ეტყობა. ამდენად, ამას უფრო სიმბოლური დატვირთვა ექნება. იმუშავებს? როგორ გითხრათ, 50 წლის განმავლობაში რუსებს ვეუბნებოდით, რომ დასავლეთ  ბერლინში თუ შეიჭრებოდა, ბირთვულ ომს მიიღებდა. რამდენად რეალური იყო ეს დაპირება, არ ვიცით, ვინაიდან დასავლეთ გერმანიაში შეჭრა არავის უცდია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ გაფრთხილებას ეფექტი ჰქონდა.

მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილების მიღებისგან თავს იკავებენ. საქმე ისაა, რომ პოლონეთის მიღება ადვილი იყო. ის დიდი ქვეყანაა, საკუთარი თავდაცვა აქვს, გეოგრაფიულად მეგობარი ქვეყნებით არის გარშემორტყმული და ადვილად მისადგომია – არა მხოლოდ აშშ, მთელი NATO მივა. საქართველოზე თავდასხმის შემთხვევაში შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტს მოუწევს მისვლა და ისევ მარტო ჩვენ ვიქნებით. ავღანეთისა და ერაყის გამოცდილების გათვალისწინებით, ამისთვის მზადყოფნა არ არსებობს.

ამიტომ ვფიქრობ, აშშ ჯერჯერობით ბუნდოვან სიტუაციას შეინარჩუნებს. თქვენი გაწევრიანების კონკრეტული სქემა ჯერ არ არსებობს. თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკელი გაიმარჯვებს, ისინი უფრო მკაცრად მოექცევიან რუსებს და ეტყვიან წითელი ხაზი სად გადის. ობამას შემთხვევაში კი არავინ იცის – ის უფრო მოქნილი იქნება.

პრობლემა კი ის არის, რომ რაც უფრო მოქნილია აშშ და არასანდოა გარანტია, რომელსაც იძლევა (ან საერთოდ არ იძლევა), მით მეტი ცდუნება უჩნდებათ რუსებს.

რა საკითხებზე იქნება დამოკიდებული არჩევნების შედეგი?

უმუშევრობის მაჩვენებელზე, ბენზინის ფასზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ძალიან ბინძური კამპანია იქნება, იმაზეც, ვის მეტი ფული აქვს ნეგატიური რეკლამების დასაფინანსებლად, მოკლედ, თუ სადმე ომი არ დაიწყო, მთავარი ფაქტორი ეკონომიკა იქნება. ობამა მოსახლეობას დაჰპირდება დამატებით გადასახადებს მდიდრებისათვის, რასაც არანაირი შედეგი არ მოაქვს, გარდა კლასთა შორის დაპირისპირებისა, რასაც ობამა თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. ის ლათინოამერიკელების, შავკანიანების ხმების მოპოვებაზე იმუშავებს. ერთი სიტყვით, მისი სტრატეგია ამომრჩევლის სეგმენტებად დაყოფა და ერთმანეთის წინააღმდეგ წაქეზება იქნება. თუ ეკონომიკა გაუმჯობესდა, ობამა მოიგებს – თუ არა და, რომნის გამარჯვების კარგი შანსი აქვს.

კომენტარები