საკონსტიტუციო ცვლილებები

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოში პოლიტიკური უფლებების მინიჭებას ითვალისწინებს, დაამტკიცა. ამ გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანომ 111 ხმით ერთხმად დაუჭირა მხარი.

ცვლილებების მიხედვით, 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, შესაბამისი ასაკიდან ასევე ექნებათ პირებს, რომლებიც დაბადებულნი არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშიის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.

აღნიშნულ პირებზე არ გავრცელდება კონსტიტუციიის 29-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები, რომლის მიხედვით, მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა, არ შეუძლია გახდეს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი.

პირველი მოსმენის შედეგად მიღებული პროექტის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ბოლო წლებში ცხოვრების ცენზი10 წელი იყო. ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ იმის შესახებ, რომ მას საქართველოში უკანასკნელი 10 წელი არ უცხოვრია, საპარლამენტო უმრავლესობამ 10 წლიანი ცენზი 5 წლამდე შეამცირა.

 

კომენტარები