საფრანგეთი

ოლანდის თვითმფრინავს მეხი დაეცა

საფრანგეთის ახალარჩეული პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის თვითმფრინავს მეხი დაეცა, როდესაც ის ბერლინში მიფრინავდა. როგორც სააგენტო Reuters პრეზიდენტის გარემოცვაზე დაყრდნობით იტყობინება, ინციდენტი აფრენიდან 4 წუთში მოხდა.

როგორც მოგვიანებით სააგენტო AFP-ს პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, თვითმფრინავს, შესაძლოა, მართლაც მეხი დაეცა და, უსაფრთხოების მიზნით, მას უკან, პარიზში დაბრუნება მოუხდა.

თვითმფრინავის ბორტზე არავინ დაზარალებულა. თუმცა, ოლანდს ბერლინში სხვა თვითმფრინავით გაფრენა მოუწია.

BBC აღნიშნავს, რომ ჰაერში მეხის დარტყმის შემთხვევები სამოქალაქო ავიაციაში არც ისე იშვიათია - პილოტების უმრავლესობისათვის ეს წელიწადში ორჯერ მაინც ხდება.

ფრანსუა ოლანდის ინაუგურაციის ცერემონია დღეს შედგა. დღესვე იგი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში, კანცლერ ანგელა მერკელთან მოსალაპარაკებლად გაემგზავრა.

გამგზავრებამდე ოლანდმა ახალი პრემიერ-მინისტრი დანიშნა - ქალაქ ნანტის ყოფილი მერი, გამოჩენილი სოციალისტი ჟან-მარკ ეირო. უახლოეს დღეებში ახალი მინისტრთა კაბინეტი სრულად დაკომპლექტდება.

 

კომენტარები