Pussy Riot

რუსეთში ყოველი მეორე მოქალაქე Pussy Riot-ის დასჯას ემხრობა

რუსეთის მოქალაქეთა თითქმის ნახევარი (47%) მიიჩნევს, რომ პანკჯგუფ Pussy Riot-ის წევრებისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ადექვატური სასჯელია. ასეთი შედეგი აჩვენა ლევადა-ცენტრის აპრილის  გამოკითხვამ, რომელიც რუსეთის 45 რეგიონის 130 დასახლებულ პუნქტში ჩატარდა.

გამოკითხულთა 32%  აღნიშნავს, რომ დაკავება ზედმეტად მკაცრი სასჯელია, 10%  საერთოდ არ თვლის  Pussy Riot-ის წევრების საქციელს საკმარისად სერიოზულად სამართლებრივი დევნისთვის. 11%-ს პასუხის გაცემა გაუჭირდა.

სოციოლოგების ინფორმაციით,  უკანასკნელ თვეში რუსეთის მოქალაქეებში  Pussy Riot-ისა და მისი ისტორიის შესახებ ცოდნა შესამჩნევად გაიზარდა - 54-დან 72%-მდე. მარტში მოვლენების განვითარებას ყურადღებით თვალს მხოლოდ 4% ადევნებდა, აპრილში კი - 10%. ყოველი მეხუთე გამოკითხული ამბობს, რომ გაუგია გოგონების გამოსვლის შესახებ, მაგრამ საქმის არსს კარგად არ იცნობს. 29%-ს საერთოდ არ აქვს წარმოდგენა პანკჯგუფის პერფორმანსის შესახებ (მარტში ასეთთა რიცხვი 19%-ით მეტი იყო).

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის  კრიტიკას რესპონდენტები უკავშირებენ ეკლესიის პოლიტიკაში ჩართვას, მთავრობის ინტერესის სამსახურს (25%). 13% კი თვლის, რომ კრიტიკა ეკლესიის დაკნინებას ემსახურება.

ორიოდე კვირის წინ ჩატარებული კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, ჯგუფმა რუსების 70%-ზე მეტის ყურადღება მიიპყრო და არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ბევრმა ის ხულიგნობად ჩათვალა (46%). რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის  შედეგებით, გამოკითხულთა მესამედი გოგონებისთვის გამოსასწორებელი სამუშაოების დაკისრებას ემხრობა, მეხუთედი - მხოლოდ დაჯარიმებას, პატიმრობის განსაზღვრას - 10%. მხოლოდ 7% მიიჩნევს, რომ ისინი დასჯას საერთოდ არ იმსახურებენ.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარში  „პანკ-ლოცვის“ („ღვთისმშობელო, გააგდე პუტინი“) შესრულების შემდეგ, პოლიციამ Pussy Riot -ის რამდენიმე წევრი დააკავა.  გავრცელებული ცნობებით, მათ 7 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

 

კომენტარები