ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი

ლეო მესის 50 და 72

ლეო მესი მსოფლიოს პირველი ფეხბურთელია, რომელმაც საკლუბო სეზონში 72 გოლი გაიტანა!

ლეო მესი ესპანეთის ჩემპიონატის პირველი მოთამაშეა, რომელმაც სეზონში 50-გოლიან ნიშნულს უწია!

ლა ლიგას ბოლო ტურში ბარსელონამ თანაქალაქელ ესპანიოლს უმასპინძლა და 4:0 სძლია. ყველა ბურთი მსოფლიოს სამგზის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა არგენტინელმა საოცრებამ გაიტანა.

ეს იყო ბარსელონას მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას უკანასკნელი მატჩი კამპ ნოუზე - ის სეზონის დასრულებისთანავე ტოვებს კლუბს. გულშემატკივრებმა მწვრთნელი და ფეხბურთელები ტაშით გააცილეს.

„აქ ბრწყინვალე წლები გავატარე და ბედნიერი ვარ, ჩემი ბოლო მატჩი კამპ ნოუზე ასე რომ დასრულდა. დიდი მადლობა ყველას, ვინც განვლილი თვეების განმავლობაში ჩემთან ერთად გაიზიარა სიხარულიც და იმედგაცრუებაც. რაც შეეხება ლეოს, ახალს ვერაფერს ვიტყვი - ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია!“ - განაცხადა ხოსეპ გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე.

ლეო მესიმ მიმდინარე სეზონში უამრავი რეკორდი დაამყარა, მისი მთავარი მიღწევა კი, რაღა თქმა უნდა ბარსას ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობაა: 20 მარტს გრანადასთან მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა და სესარ როდრიგესს აჯობა, დღეს კი სამხრეთამერიკელის სტატისტიკური მონაცემები ასეთია - 252 გოლი 327 ოფიციალურ მატჩში.

სეზონის დასრულებამდე ბარსელონა ხოსეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებს: პირველობის უკანასკნელ ტურში სტუმრად გაეჯიბრება სევილიის ბეტისს, ქვეყნის თასის ფინალში კი ბილბაოს ატლეტიკს დაუპირისპირდება.

კომენტარები