საქართველოს სახალხო დამცველი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ადგილობრივი თვითმმართველობისა და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების დახურულ შეხვედრაზე ჟურნალისტთა უფლებები დაირღვა.
უცვლელად გთავაზობთ სახალხო დამცველის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებას:
”საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2012 წლის 2 მაისს, ქუთაისის დღესთან დაკავშირებით ლადო მესხიშვილის თეატრში გამართულ ღონისძიებაზე ჟურნალისტთა და მედია საშუალებათა ნაწილი არ დაუშვეს.
ამავე წლის 3 მაისს, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ,,ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებთან შეხვედრაზე არ დაუშვეს ადგილობრივი გაზეთის, ,,P.S.“-ის ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე. მისი განცხადებით, იგი ოთხმა უცნობმა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანმა ცემა და წაართვა აპარატურა, რომელიც მოგვიანებით, ასევე უცნობმა პირმა დაუბრუნა.
საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო აღნიშნული ფაქტების შესწავლა. კერძოდ, 2012 წლის 3 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ და ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს სააგენტო ,,პირველი“-ს კორესპონდენტ ნოდარ ჯოჯუას, რადიო ,,ძველი ქალაქისა“ და გაზეთ ,,ვერსიას“ ჟურნალისტ თორნიკე ხურციძეს, გაზეთ ,,P.S“-ის ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძესა და ტელეკომპანია ,,მეგა-TV“-ის ჟურნალისტ ალეკო გვეტაძეს.
საქართველოს სახალხო დამცველი ახსნა-განმარტებებისა და საქმის გარშემო არსებული მასალის სრულყოფილი შესწავლის შემდგომ მოახდენს შესაბამის რეაგირებას.”
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე ჟურნალისტი სცემეს. მას აგრეთვე, აპარატურა ჩამოართვეს.




