პარლამენტი

საქართველოში დიასპორული პარლამენტის ჩამოყალიბება იგეგმება

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას ე.წ. „დიასპორული პარლამენტის“ შექმნის თაობაზე. ამის შესახებ დღეს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ დიასპორებთან ურთიერთობის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

დავითაიას განმარტებით, 4 წლიანი უფლებამოსილების მქონე დიასპორულ პარლამენტში 45 წევრი შევა, რომლებიც წელიწადში ერთხელ, 5–დღიანი სესიის ფარგლებში შეიკრიბებიან საქართველოს პარლამენტის შენობაში. ამ პარლამენტს სახელმწიფო მინისტრის სათათბირო ორგანოს ფუნქციაც ექნება.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ამგვარი პარლამენტის შექმნა პირდაპირ არის დაკავშირებული უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სტატუსის მინიჭების დინამიკასთან. აღნიშნული სტატუსის მინიჭება მარტიდან დაიწყო და მაისის ბოლოსთვის 50 ასეთი მოწმობა იქნება გაცემული. დავითაიას განცხადებით, ვიდრე ეს რაოდენობა 30 000 არ მიაღწევს, დიასპორული პარლამენტის შექმნის შესახებ კანონი ძალაში არ შევა.

ინიციატივის თანახმად, იმ ქვეყანას, რომელშიც უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსით 1 000 ადამიანი მაინც დარეგისტრირდება, დიასპორულ პარლამენტში 1 დეპუტატის არჩევის კვოტა ექნება. თითო ქვეყნიდან შესაძლებელი იქნება მაქსიმუმ 3 დეპუტატის არჩევა.

რაც შეეხება დიასპორული პარლამენტის არჩევის პრინციპს, პარლამენტი შედგება 45 დეპუტატისგან, საიდანაც 30 პირდაპირი წესით იქნება არჩეული დიასპორის მიერ, ხოლო 15-ს დანიშნავს დიასპორებთან ურთიერთობების საკითხში სახელმწიფო მინისტრი. 

ინიციატივის თანახმად, ამ პარლამენტის თავმჯდომარე იქნება სახელმწიფო მინისტრი, ხოლო სპიკერს, რომელიც, იმავდროულად, საქართველოს პარლამენტის საპატიო წევრიც იქნება, აირჩევენ დიასპორული პარლამენტის დეპუტატები.

”ამ ნაბიჯით ჩვენ უფრო მეტ კონტაქტში შევდივართ დიასპორასთან, მათი პრობლემები, მათი იდეები, მათი ჩართულობა საქართველოს სახელმწიფო საკითხებში, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ საკითხებში იქნება უფრო მაღალი.“ – განაცხადა დავითაიამ.

კომენტარები