პრესა

ამარტაექსპრესი – ელიტური მოდის დემოკრატიული სივრცე

გასულ კვირას თბილისის პრესის ჯიხურები დიდი ფორმატის უჩვეულო გაზეთმა ააჭრელა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მერილინ მონროს ქართული პოპვერსია ახალი გაზეთის, ამარტაექსპრესის პირველი ნომრის მთავარი გვერდია. მოგეხსენებათ, ამარტა ქართული პრიალა ჟურნალია, რომელიც უკვე 10 წელია აშუქებს მსოფლიო და ქართული მოდის სამყაროს, ამარტაექსპრესი კი ამარტა მედიაჯგუფის ახალი პროდუქტია, რომელიც მისმა დამფუძნებელმა, ირინა ყაჭეიშვილმა წარუდგინა საზოგადოებას.

მისი თქმით, ეს არის „სოციალური პროექტი ერთ ლარად” – ინფორმაციული სივრცე ახალგაზრდებისთვის; გაზეთი მოდის, ცხოვრების სტილის და თანამედროვე იდეების შესახებ. ქალბატონ ირინას აზრით, სქელტანიანი პრიალა ჟურნალი მხოლოდ გარკვეული ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი, ხოლო ამარტაექსპრესი ეცდება, სახალისო და შემეცნებითი ფორმით მოგვიყვეს ყველაფერზე, რაც მოდას და სტილს შეეხება. ეს გამოცემა ახალგაზრდებსაც დაეხმარება, რომ თავად გადაწყვიტონ, რა არის აქტუალური, როგორ შეიძლება მოირგონ სასურველი სამოსი თუ აქსესუარი საკუთარი შესაძლებლობებით და გაიგონ, რომ „მოდა არაა მხოლოდ ძვირადღირებული ტანისამოსი. მოდა არის სტილი, სტილი კი ცოდნა გემოვნების შესახებ”.

გაზეთში არაერთ საინტერესო რუბრიკას შეხვდებით. გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით მთელი წლის მანძილზე მოეწყობა მრგვალი მაგიდა სოციალურ თემებზე, რასაც ამარტაექსპრესი გააშუქებს. პირველ ნომერში უკვე დაგხვდებათ თემა – „როდის უნდა დაიწყოს ადამიანმა დამოუკიდებლად ცხოვრება, როდის უნდა დატოვოს მშობლების სახლი?!”. დისკუსიაში რეგულარულად რვა სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას და მას ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი გაუძღვება. დათო მაჭავარიანი მოდის სამყაროს პიკანტურ ისტორიებს კომიქსად აქცევს, ბიძინა მაყაშვილი თავისი თაობის მუსიკისა და სტილის პარალელებს საავტორო სვეტებში გააერთიანებს, სალომე დადუნაშვილი კი მოდის ტენდენციებზე მოგიყვებათ. ყოველ ნომერში სხვადასხვა დიზაინერები შემოგთავაზებენ პროექტს, თუ სად და როგორ შეგიძლიათ ჩაიცვათ. მაგალითად – როგორ ჩავიცვათ 50 ლარად მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებში.

ფორმა, რომელითაც გაზეთის თითოეული ნომერი ეწყობა, ასევე უჩვეულოა: „შევეცდებით უშუალო სტილით ვისაუბროთ ინტელექტუალურ თემებზე და მკითხველი არ დავტვირთოთ. ამ დემოკრატიულმა მიდგომამ ანარეკლი რედკოლეგიაშიც ჰპოვა, უფრო სწორად, ჩვენ არ გვყავს რედაქტორი, არ არსებობს იერარქია, მხოლოდ კორექტორი ასწორებს ტექსტებს. ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებისაგან ძალიან ბევრის სწავლა შეიძლება და ჩვენი რედაქცია გახსნილია დამწყები ჟურნალისტების, კრიტიკოსების, უბრალოდ, დაინტერესებული ადამიანებისათვის. როდესაც კონკრეტული ნომრის შინაარსი ირკვევა, ყველანი ვიშლებით და ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. ეს მეამაყება”, – ამბობს ირინა ყაჭეიშვილი.

კომენტარები