2012 წლის 25 აპრილს, საქართველოს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალური ანგარიში, რომელშიც ასახულია 2011 წლის დეკემბერში, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები.
მონიტორინგი განხორციელდა 13 დიდი ზომის ბავშვთა სახლსა და 17 მცირე საოჯახო ტიპის სახლში და შემოწმდა ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში მყოფი ბენეფიციარების უფლებების დაცვის ხარისხი.
სახალხო დამცველის აპარატი მონიტორიმგის შედეგებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ აღმოჩენილი მრავალი დარღვევის მიუხედავად, ბავშვთა სახლებში ბავშვთა უფლებები წინა წლებთან შედარებით რიგი მიმართულებებით უკეთ არის დაცული, თუმცა მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა შემდეგი სახის სისტემური და ინდივიდუალური დარღვევები: ბავშვთა მიმართ არასათანადო მოპყრობის, ფიზიკური და ემოციური ძალადობის და ძალადობის უგულებელყოფის სერიოზული ფაქტები, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების პერსონალის მიერ ბავშვთა დასჯის სხვადასხვა ფორმების გამოყენება: წკეპლით ცემა, ბოთლის ჩარტყმა, კუთხეში დაყენება, ახალი ტანსაცმლის ჩამორთმევა, შეჯანჯღარება, დასჯის მიზნით ფიზიკური შრომა და ა.შ. დიდი ზომის ბავშვთა სახლებში ბავშვებზე ზეწოლა და ემოციური ძალადობა უფლებადამცველებთან კომუნიკაციის გამო. საჯარო სკოლებში მშობლების ზრუნვას მოკლებული ბავშვების მიმართ ბავშვის ღირსების შემლახველი მოპყრობა, და რიგ შემთხვევებში, ფიზიკური სასჯელის გამოყენება: ჯოხის, სკამის საზურგის, წკეპლის დარტყმა, ბეჭდით თავზე დაკაკუნება, თმის მოწიწკვნა ა.შ. უსაფრთხოების ნორმების დარღვევა დიდი ზომის ბავშვთა სახლებში: უმეთვალყურეოდ მიტოვებული ბავშვის მიერ ნაჯახით საკუთარი თითის მოკვეთის ფაქტი.
სახალხო დამცველის აპარატის განმარტებით, მონიტორინგის შედეგად სერიოზულ პრობლემებს შორის ასევე გამოიკვეთა ქცევის დარღვევის მძიმე ფორმებისა და სავარაუდო ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვების ამორიცხვა სამზრუნველო დაწესებულებებიდან, ადეკვატური სამედიცინო და სოციალური დახმარების გაწევის გარეშე. გაირკვა ისიც, რომ 2011 წლის ოქტომბრის მდგომარეობით არც ერთი სახელმწიფო უწყება არ ფლობდა ინფორმაციას სახელმწიფო კონტროლის გარეთ დარჩენილი, მშობლების ზრუნვას მოკლებული რამდენიმე ასეული ბავშვის შესახებ.
ასევე ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებელური ეკლესიის მიერ საქართველოში დაფუძნებულია სამი თავშესაფარი, სადაც განთავსებულია 300–მდე მშობლების ზრუნვას მოკლებული ბავშვი, აღნიშნულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში კი ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგს არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ ახორციელებს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არ გააჩნია არანაირი ინფორმაცია ბავშვთა ამ რეზიდენტული დაწესებულებებისა და მათი ბენეფიციარების შესახებ, რომლებიც არ იმყოფებიან სახელმწიფო დაფინანსებაზე.
”სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ როგორც წინა წლებში, წელსაც, სახელმწიფო სტრუქტურები, რომელთა კომპეტენციასაც წარმოადგენს მშობლების ზრუნვას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა და მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა, კვლავ ყურადღებით გაეცნობიან წინამდებარე ანგარიშს და გაითვალისწინებენ მის რეკომენდაციებს.”- ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




