რუსეთის საპატრიარქო

რუსეთის პატრიარქი თოქ-შოუებში მღვდელმსახურების მონაწილეობას მიუღებლად მიიჩნევს

ქრისტე მაცხოვრის ტაძარში ტრაპეზის დროს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა განაცხადა, რომ მიუღებელად მიაჩნია მღვდელმსახურების მონაწილეობა სხვადასხვა სახის თოქ-შოუებში.

ეკლესიის ამოცანაა, რომ მან არასოდეს უღალატოს ქრისტეს - შეახსენა პატრიარქმა მღვდელმსახურებს. "ღმერთმა ნუ ქნას, რომ ჩვენ, ეკლესიური ადამიანები, ვცდუნდეთ ჩვენს შესახებ გამოთქმული მოსაზრებებით სხვადასხვა ბლოგებსა თუ თუნდაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. რადგან თუ ერთხელ ასე მოვიქცევით, ჩვენ მოვხვდებით ხაფანგში და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა შევინარჩუნოთ შექმნილი რეიტინგი.  და რა ადვილია გასცდე ზღვარს და დაივიწყო შენი სამწყსო პასუხისმგებლობა,” - თქვა პატრიარქმა. მან ასევე აღნიშნა, რომ მღვდელმსახურისთვის სახელმძღვანელო პრინციპი უნდა იყოს არა საზოგადოებრივი აზრი ან ”ლაიქების” რაოდენობა ამა თუ იმ ინტერნეტ პოსტებზე, არამედ ის, რასაც ღმერთი უცხადებს მას ლოცვასა და სულიერ გამოცდილებაში.  

მიუხედავად ამისა, კირილმა დააზუსტა, რომ საჯარო ტელედისკურსებიდან გასვლა დაუშვებელია. თოქ-შოუებში ისეთი საერო პირები უნდა მონაწილეობდნენ, რომლებიც ეკლესიის ავტორიტეტს არ შელახავენ და დაიცავენ ქრისტიანულ მორალურ პოზიციებს.

ამ განცხადებას წინ უძღოდა დეკანოზ ვსევოლოდ ჩაპლინის მონაწილეობა ქსენია სობჩაკის გადაცემაში Госдеп-2. ეთერში განიხილავდნენ პატრიარქის სახლში 20 მილიონი რუბლის ღირებულების გაფუჭებულ ავეჯს. ასევე იმ ცირკულარს, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ  ანტიეკლესიური ძალებისა და ”აგრესიული ლიბერალიზმის” წინააღმდეგ გამოსცა.   

კომენტარები