სახალხო დამცველი

რეკომენდაცია იძულებით გადააგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს- შეისწავლოს ნანა და კლარა კვაშილავების მდგომარეობა და დააკმაყოფილოს ისინი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით.

ნანა და კლარა კვაშილავები დედასთან ერთად 2010 წლიდან სოფელ ფოცხო-ეწერში ცხოვრობენ და აცხადებენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით არ შეუძლიათ დევნილთა ამ ახლა დასახლებაში ცხოვრება, ნესტიანი ჰავის გამო.

განმცხადებლებმა სახალხო დამცველს წარუდგინეს იმის დამადასტურებელი სამედიცინო დოკუმენტაცია, რომ ნანა კვაშილავასთვის აუცილებელია საცხოვრებელი პირობების შეცვლა. სახალხო დამცველის აპარატი გავრცელებულ ცნობაში აღნიშნავს, რომ კვაშილავებმა არაერთხელ მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, თუმცა იქ არ მიიჩნიეს საჭიროდ ოჯახის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხის ხელმეორედ განხილვა.

”ფოცხო–ეწერში არ ფუნქციონირებს აფთიაქი, არ არის სამედიცინო პუნქტი. სამედიცინო მომსახურების მისაღებად აუცილებელია დაბა ჯვარში ჩასვლა ან ზუგდიდში, რომელიც დასახლებიდან 50 კილომეტრით არის დაშორებული. კლარა კვაშილავას ოჯახს არ გააჩნია ზუგდიდში ჩასვლისა და სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურების საშუალება. შესაბამისად, იგი მუდმივ მკურნალობას ვერ დაექვემდებარება,”- ნათქვამია სახალხო დამცევლის სარეკომენდაციო წერილში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ნანა და კლარა კვაშილავების ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს განმცხადებლები ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით.

 

კომენტარები