არენა

რაც უნდა ითქვას

“რატომ ვამბობ მხოლოდ ახლა, მოხუცი, უკანასკნელი მელნით, რომ ისრაელის ატომური ძალა ემუქრება ისედაც მყიფე მსოფლიო მშვიდობას?” – გასულ კვირას ამ სტრიქონებმა მთელი მსოფლიოს პრესა მოიარა. მათი ავტორი ცნობილი და აღიარებული გერმანელი მწერალი გიუნტერ გრასია. 84 წლის ინტელექტუალი კიდევ ერთხელ მოექცა საყოველთაო ყურადღების ცენტრში.

„რაც უნდა ითქვას” – ლექსი ამ სახელწოდებით გერმანულ გაზეთ Süddeutsche Zeitung-ში 4 აპრილს გამოქვეყნდა. „სათქმელი”

ისრაელის ლირიკული კრიტიკა აღმოჩნდა. თუ ტექსტს უფრო დაწვრილებით გავეცნობით, იმასაც ვნახავთ, რომ „კრიტიკა” რბილი შეფასებაა. მიუხედავად მისი ნამუშევრებისადმი საყოველთაო პატივისცემისა, გერმანელი მწერლის პოლიტიკური პამფლეტი ბევრმა შეაფასა ებრაელთა სახელმწიფოზე ღია და აგრესიულ თავდასხმად. გრასი ჩივის, რომ დასავლეთის ფარისევლობამ დაღალა, ამიტომ გადაწყვიტა, დუმილი დაარღვიოს და ხმამაღლა თქვას: ისრაელი, თავისი ბირთვული პროგრამით, მსოფლიოს საფრთხეს უქმნის და ირანზე პრევენციული შეტევის საშუალება არ უნდა მიეცეს. მწერალი ბრალს სდებს ისრაელს, რომ ის ირანის განადგურებას გეგმავს, მიზეზი კი მხოლოდ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ არსებული ვარაუდებია. გრასი საკუთარ სამშობლოსაც აფრთხილებს. მისი თქმით, გერმანია, რომელმაც ისრაელს წყალქვეშა გემები მიჰყიდა, სახიფათო რისკზე მიდის, რადგან შესაძლოა, ირანის განადგურების
დანაშაულში თანამონაწილე აღმოჩნდეს. ლექსში ასევე საუბარია ებრაელთა სახელმწიფოს კრიტიკის „ცენზურაზე”, რომელიც ანტისემიტის იარლიყის მეშვეობით ხორციელდება.

ნაწარმოების მხატვრული ღირებულება, მოცემულ შემთხვევაში, მეორეხარისხოვანი აღმოჩნდა: ყველა შეთანხმდა, რომ უმჯობესი იქნებოდა, „მელნის უკანასკნელი წვეთები” მწერალს რაიმე უფრო ღირებულის შექმნაზე დაეხარჯა. მართლაც, გრასის პოლიტიკურ პამფლეტს ლექსად მხოლოდ სტრიქონებს შორის დარჩენილი ჰაერი თუ აქცევს. სამაგიეროდ, მძაფრი რეაქცია გამოიწვია მისმა კონტროვერსულმა შინაარსმა – როგორც ისრაელში, ასევე მწერლის სამშობლოში. ნაწილმა გრასი პოლიტიკურ სიბეცეში დაადანაშაულა, სხვებმა კი ეს ნაბიჯი ანტისემიტიზმის გამოვლინებად შეაფასეს.

8 აპრილს ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრმა ელი იშაიმ გრასი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა – მწერალს ქვეყანაში შესვლა აეკრძალა. მინისტრმა მისთვის ნობელის პრემიის ჩამორთმევაც მოითხოვა. „გრასის ლექსები ისრაელის და ებრაელი ხალხის მიმართ

სიძულვილის გაღვივებას უწყობს ხელს. მის მახინჯ ლექსებს ისრაელში არ მიესალმებიან. შემიძლია ამისთვის ირანი შევთავაზო, სადაც მხარდამჭერი აუდიტორიის პოვნა არ გაუჭირდება”, – განაცხადა ელი იშაიმ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ვარაუდი გამართლდა: ირანში პამფლეტი გულთბილად მიიღეს. სახელმწიფო მფლობელობაში მყოფმა ინგლისურენოვანმა სატელიტურმა არხმა PressTv-მ მომხდარი ლიტერატურულ სენსაციად შეაფასა: „გერმანიის ომისშემდგომი ისტორიის მანძილზე, ცნობილ ინტელექტუალს ასე თამამად არასდროს შეუტევია ისრაელისთვის. პოეტმა მეტაფორული ხერხებით სასიკვდილო ლირიკული დარტყმა განახორციელა”.

გრასს გამოეხმაურა ისრაელის პრემიერმინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუც. მისი თქმით, სამარცხვინოა მორალური ტოლობის ნიშნის დასმა ისრაელსა და იმ სახელმწიფოს შორის, რომელიც ჰოლოკოსტს უარყოფს და ისრაელს ამოწყვეტით ემუქრება: „ეს ცოტას ამბობს ისრაელზე, ხოლო ბევრს – ბატონ გრასზე”.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, თავის მხრივ, მიიჩნევს, რომ გრასის ნაწარმოებები კარგი მაგალითია, თუ როგორ ცდილობენ დასავლელი ინტელექტუალები ანტისემიტიზმის ხარჯზე წიგნების გაყიდვების ზრდას. ავიგდორ ლიბერმანმა ყურადღება შესაძლო შედეგებზეც გაამახვილა და არ გამორიცხა, რომ ანტისემიტური კომენტარები სწრაფად გადაიზარდოს რაიმე უფრო სერიოზულში.

მართლაც, ისრაელის საწინააღმდეგო განწყობების გაღვივების თვალსაზრისით, გარკვეული შედეგების დანახვა უკვე შეგვიძლია: თუ დაძებნით, ინტერნეტში მრავალ ბლოგს გადააწყდებით, სადაც გრასს მადლობას უხდიან, რადგან, როგორც იქნა, გაბედა და თქვა ის, „რაც უნდა თქმულიყო”. ანალოგიური პათოსითაა გაჟღენთილი სტატიების ქვეშ მკითხველთა მრავალრიცხოვანი კომენტარების სრული უმრავლესობა.

საჯარო და ოფიციალური პირების მხრიდან მკვეთრად უარყოფითმა გამოხმაურებებმა არ დააყოვნა გერმანიაშიც. ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა კულტურის კრიტიკოსმა, მარსელ რაიხ-რანიცკიმ ლექსს „საზიზღარი” უწოდა, გრასის მთავარ მიზნად კი უკანასკნელ წლებში დაკარგული ყურადღების ხელახალი მოპოვება დაასახელა. წერილი გამოაქვეყნა საგარეო საქმეთა მინისტრმაც. გიდო ვესტერველე აღნიშნავს, რომ გერმანიას ისრაელის მოქალაქეების წინაშე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, ირანის და ისრაელის მორალური გათანაბრება კი გაუმართლებელია.

კრიტიკული იყო გერმანული პრესაც. Der Spiegel-მა გრასს გემოვნება დაუწუნა, ბერლინის გაზეთი taz კი წერს: „სკანდალურია არა გრასის მხრიდან ისრაელის კრიტიკა, არამედ გზა, თუ როგორ აკეთებს ამას: თავს იმ ებრაელებისთვის შეწირულ მსხვერპლად წარმოაჩენს, რომელთაც სიმართლეზე ცენზურის დადება სურთ ანტისემიტიზმის ბრალდებით. ეს ანტისემიტური სტერეოტიპია”.

მოგვიანებით გრასმა განმარტა, რომ მისი თავდასხმა ისრაელის პრემიერმინისტრის, ბინიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკაზე იყო მიმართული და არა სახელმწიფოზე. გრასი ამბობს, რომ „ირანზე პრევენციულ დარტყმას შემაძრწუნებელი შედეგები ექნება”, ლექსის დაწერა კი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაიგო, რომ ბერლინმა ისრაელს მიჰყიდა წყალქვეშა გემები, რომელთაც ბირთვული იარაღის გადატანის შესაძლებლობა აქვთ და შესაძლოა, ირანზე დარტყმისთვის გამოიყენონ.

რა თქმა უნდა, მწერალს, რომელიც ბევრის თაყვანისცემის ობიექტია, დამცველებიც გამოუჩნდნენ. მათი უმრავლესობა ნაწარმოების მხატვრულ ღირებულებას უარყოფს და არც შინაარსს მიესალმება, თუმცა ანტისემიტის წოდებას გადამეტებულად მიიჩნევს. ბერლინის ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტმა კლაუს სტაეკმა მსგავსი შეფასებები უადგილოდ შერაცხა, ყოფილმა აღმოსავლეთგერმანელმა დისიდენტმა ვულფ ბიერმანმა კი გრასის დაცვა „თავისუფალი გამოხატვის” ეგიდით სცადა, თუმცა მისი ლექსი „მომაკვდინებელ ლიტერატურულ ცოდვად” შეაფასა.

საბოლოოდ, დებატი სწორედ ანტისემიტიზმისა და „თავისუფალი გამოხატვის” გარშემო გაიმართა. „ანტისემიტიზმის განაჩენი უცხო არაა”, – აღნიშნავს გრასი ლექსში. კითხვებზე პასუხის უკეთ გასაცემად, უნდა გავეცნოთ თავად მწერლის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან ეპიზოდებს, რომლებიც ატეხილ აჟიოტაჟს დამატებით შტრიხებს ჰმატებენ.

1927 წელს დაბადებული გრასი დღეისთვის ყველაზე ცნობილი და აღიარებულია ცოცხალ გერმანელ მწერალთა შორის. მისი ლექსების პირველი კრებული 1956 წელს გამოქვეყნდა. სახელოვან მწერალთა სიაში მოხვედრა კი 1959 წელს გამოცემულ, ბევრის მიერ შედევრად მიჩნეულ რომანს – „თუნუქის დოლი” – მოჰყვა. ეს უკანასკნელი „დანცინგური ტრილოგიის” ნაწილია – სამივე წიგნი ნაცისტების აღზევების პერიოდს აღწერს. ზოგადად, გრასს ფაშიზმის კრიტიკოსის სტატუსი აქვს და ითვლება ადამიანად, რომელიც თანამემამულეებს ისტორიისთვის თვალის გასწორებას აიძულებდა.

მწერალს პოლიტიკური წარსულიც აქვს: 80-იანი წლების დასაწყისში გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში ირიცხებოდა, ასევე

ჩართული იყო გარემოსდაცვით და სამშვიდობო მოძრაობებში. ის ნაჩქარევს უწოდებდა გაყოფილი გერმანიის ხელახლა გაერთიანებას. მოგვიანებით გრასმა პარტიის რიგები დატოვა, მაგრამ დღემდე სოციალ-დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური ხაზის ერთგულად რჩებოდა. თუმცა მისი ახალი ლექსი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრებმაც დაგმეს და განაცხადეს, რომ აღარ სურთ, გრასმა მათ საარჩევნო კამპანიებში მიიღოს მონაწილეობა.

ნობელის პრემია მწერალმა 1999 წელს მიიღო – „შავი იუმორით გამსჭვალულ ამბებში ისტორიის მივიწყებული სახის დახატვისათვის”. პრემიის ჩამორთმევის მოთხოვნები პირველად 2006 წელს გაისმა, როცა გრასი საყოველთაო რისხვის ქვეშ მოექცა და მისი „გერმანიის ნაციონალური სინდისის” სტატუსიც ეჭვქვეშ დადგა. ერთ-ერთ გაზეთთან საუბარში მწერალმა მოულოდნელად აღიარა, რომ 17 წლის ასაკში, მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, ფაშისტურ დანაყოფში – ვაფენ სს-ში მსახურობდა.

ვაფენ სს-ი (Wafen SS), რომელიც უფრო ნაცისტური პარტიის განაყოფი იყო, ვიდრე შეიარაღებული ძალების ოფიციალური ნაწილი, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს მის კისერზეა ისეთი სამხედრო დანაშაულები, როგორიცაა ტყვეთა წამება საკონცენტრაციო ბანაკებში, მშვიდობიანი მოსახლეობის ეგზეკუცია, აღმოსავლეთ ევროპაში დაპყრობილი ქვეყნებიდან ადგილობრივი მოსახლეობის აყრა და სხვა.

მანამდე, მრავალი თანატოლის მსგავსად, გრასი ჰიტლერ იუგენდის წევრი იყო. ასევე მსახურობდა ნაცისტური არმიის საარტილერიო დანაყოფში. ვაფენ სს-ის რიგებში ყოფნის გამოცდილებას ამძიმებს ის, რომ აქ გაწევრიანება ნებაყოფლობითი იყო. ამიტომ, გრასის „პატიება” რთული აღმოჩნდა – როდესაც ადამიანს არჩევანის საშუალება აქვს, ის თავის გადაწყვეტილებაზე პასუხსაც აგებს.

„აღსარება” წინ უძღვოდა ავტობიოგრაფიული ნაწარმოების, „ხახვის გაფცქვნის” გამოცემას – ამიტომ, ბევრმა ეს ნაბიჯი მარკეტინგულ სვლად შეაფასა. ასეა თუ ისე, მოტივისგან დამოუკიდებლად, დაგვიანებულ აღსარებას პრესა, კრიტიკოსები თუ მკითხველები ბრაზითა და გულდაწყვეტით შეხვდნენ: ახლადგამოაშკარავებული წარსული ზოგმა „ისტორიის ბოროტ ხუმრობად” შეაფასა, სხვებში კი,

ათწლეულების მანძილზე შენარჩუნებულმა დუმილმა, იმედგაცრუება გამოიწვია.

ფაშიზმთან პირდაპირ კავშირში მყოფი წარსული ისრაელზე ლირიკული თავდასხმის შემდეგ კვლავ ყველამ გაიხსენა. ისრაელი და მისი გულშემატკივრები ფიქრობენ, რომ ანტიისრაელური ლექსი გრასის ნაცისტური წარსულის ლოგიკური გაგრძელებაა. „მისგან გასაკვირი არ უნდა იყოს ერთადერთი ებრაული სახელმწიფოს მსოფლიო მშვიდობის უდიდეს საფრთხედ წარმოსახვა და არც ის, რომ წინააღმდეგია, ისრაელს თავდაცვის შესაძლებლობა ჰქონდეს” – ეს შეფასება ნეთანიაჰუს ეკუთვნის.

უშუალოდ მწერლის პოლიტიკური პოზიციის სერიოზული ანალიზით ბევრი არ დაკავებულა და ბირთვული სტრატეგიების განხილვის ამ მცდელობას ირონიითაც კი მოეკიდნენ. გრასმა რადიოინტერვიუში დაიჩივლა, რომ მის მიმართ წამოსულმა კრიტიკამ უყურადღებოდ დატოვა „ლექსის შინაარსი”. ეს გასაკვირი არ არის: საბოლოო ჯამში, ახალი არაფერი თქმულა. ლექსი ვერც დამატებით შტრიხებს სძენს დებატს, რომელიც ისრაელის გარშემო ისედაც დიდი ხანია მიმდინარეობს: ირანზე პრევენციული თავდაცვითი დარტყმის გონივრულობის, ეფექტურობის და შესაძლო შედეგების შესახებ – სტრატეგიულ თუ მორალურ ჭრილში.

საქმეში მეტ-ნაკლებად ჩახედულმა ადამიანებმაც იციან, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება არც ისე ახლოს დგას გრასის მიერ აღწერილ სურათთან: სანქციების გამკაცრების მიუხედავად, ირანი ბირთვულ პროგრამას ახორციელებს და პარალელურად ღიად იმუქრება, რომ სიონისტებს პირწმინდად გაანადგურებს. თავის მხრივ, ისრაელი მიიჩნევს, რომ „ბირთვული ჰოლოკოსტის” საფრთხეს, მხოლოდ გამკაცრებულ სანქციებს ვერ დაუპირისპირებს და თავად უნდა იმოქმედოს. დროის მოგების მიზნით მაინც. გასულ დღეებში ამერიკული სპეცსამსახურებისგან ისრაელის სამხედრო გეგმების შესახებ ინფორმაციის გაჟონვამ და ვარაუდმა, რომ ობამას ადმინისტრაცია ისრაელის გეგმების ჩაშლას ცდილობს, საფრთხის კონტურები კიდევ უფრო გამოკვეთა.

აქედან გამომდინარე, ირანზე პრევენციული დარტყმის შესაძლებლობა სულ უფრო იზრდება და ისრაელის ინტერესშია, ირანის შეჩერება მოხდეს მანამ, სანამ ბირთვული პროგრამა ლოგიკურ დასასრულს მიაღწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გრასის სტრიქონების არ იყოს, „ხვალ შეიძლება უკვე გვიან იყოს”.

ამიტომაც არაა გასაკვირი რეაქცია, რომელიც გრასის პარალელებს მოჰყვა: ისრაელი, რომელსაც თავის დაცვა უწევს ეგზისტენციალური საფრთხისგან, განსხვავდება ირანისაგან, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს და, შესაბამისად, ებრაელებს განადგურებით ემუქრება. ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს: ისრაელი ირანს რუკიდან გაქრობით არ დამუქრებია – ირანისგან განსხვავებით, მისი გაცხადებული მიზანი კონკრეტულად ბირთვულ შესაძლებლობებზე დარტყმაა.

სწორედ არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, ისრაელის კრიტიკა ებმის მისი, როგორც სახელმწიფოს გაქრობის დაშვებას. ისრაელის სახელმწიფოს განადგურება კი თავისთავად გულისხმობს ახალ „ბირთვულ ჰოლოკოსტს” ებრაელი ერისთვის. თუ გავითვალისწინებთ, რომ გიუნტერ გრასის დამოკიდებულება ამ სქემაში ჯდება, ამის ანტისემიტურად შერაცხვაც ლოგიკურია.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ისრაელის პოლიტიკა ზოგადად კრიტიკას არ ექვემდებარება. პოლიტიკური დებატი, როგორც სხვა პლურალისტურ სახელმწიფოებში, ისრაელშიც ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. მწერლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების საფუძველი კი გახდა კანონი, რომელიც ისრაელს აძლევს უფლებას, ყოფილი ნაცისტები მის ტერიტორიაზე არ შეუშვას. ამრიგად, გამოხატვის თავისუფლებასთან ბრძოლის ბრალდება არარელევანტურია – გრასს ვერავინ აუკრძალავს გამოაქვეყნოს ის, რასაც თავად ჩათვლის საჭიროდ. არამოქალაქის საკუთარ ტერიტორიაზე შეშვება-არშეშვების საკითხის გადაწყვეტა კი ისრაელის პრეროგატივაა.

Die Zeit-ის გამომცემელი, იოსეფ იოფე ამბობს, რომ პოემა საუკეთესო „ევროპულ ტრადიციებში” ჯდება – იგულისხმება ებრაელთა მიმართ პასექის წინა ცილისწამებები. მისი აზრით, გრასის უმთავრესი მოტივია გადაულახავი დანაშაულის გრძნობის დაძლევა – მიუხედავად იმისა, რომ გერმანია 1945 წლიდან დემოკრატიულ სახელმწიფოდ იქცა, ქვეყნის შელახული ღირსების აღდგენა მწერალმა ასე გადაწყვიტა: დანაშაულის ისრაელზე გადაბრალებით.

17 აპრილს, Associated Press-მა გაავრცელა ცნობა 84 წლის გრასის გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანის თაობაზე – იმედი ვიქონიოთ, მწერალი კიდევ დიდხანს შეძლებს ლიტერატურული მოღვაწეობის გაგრძელებას.

კომენტარები