საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, აშშ-ს სახელმწიფოს დეპარტამენტის და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ვიდეო ხიდში მიიღეს მონაწილეობა. საუბარი ძირითადად შეეხო საქართველოში ადამიანის უფლებებს, საარჩევნო გარემოს, უმცირესობებისა და შრომით უფლებებს. ვიდეო ხიდის ორგანიზატორი აშშ-ს საელჩო იყო.
ქართული მხრიდან ვიდეო ხიდში მონაწილეობას იღებდა ხუთი ორგანიზაცია: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ახალი თაობა – ახალი ინიციატივა, საზოგადოებრივი მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო. ამერიკული მხრიდან კი - შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ტომას მელია და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილე პეიჯ ალექსანდერი.
მომავალ კვირას აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაა დაგეგმილი. აშშ-ს ელჩის, ჯონ ბასის განცხადებით, ვიდეო ხიდის მიზანი იყო, ამ შეხვედრამდე ვაშინგტონის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან მიეღოთ.




