დღეს მაღალი ტექნოლოგიებით შექმნილ ქართულ უპილოტო აპარატს პირველად გამოიცდიან, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, პარლამენტის ეზოში სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"კიდევ ძალიან ბევრი ტექნოლოგია გვაქვს გათვალისწინებული, რომელიც ქართველი სამხედროების და ინჟინრების ხელით იქმნება. ერთი პერიოდი ჩვენ თავდაცვითი იარაღის შესყიდვა ძალიან გაგვიჭირდა. ამ დროს კი არ გავიქეცით, არამედ დავჯექით და ორი ბრწყინვალე სამხედრო მანქანა შევქმენით. ხვალ ჩვენს უპილოტო თვითმფრინავს ვცდით, რომელიც პირველად, მაღალტექნოლოგიებით შევქმენით. ჩვენ კიდევ ბევრი ისეთი ტექნოლოგიის შექმნა გვაქვს გათვალისწინებული, რომელიც ქართველი სამხედროებისა და ინჟინრების ხელით იქმნება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
გუშინ, პრეზიდენტმა საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისათვის 25 სამხედრო-მოსამსახურე და ოთხი სამოქალაქო პირი დააჯილდოვა, რომელთა შორის პირველი ქართული საბრძოლო მანქანების შექმნის ინიციატორები და უშუალო მონაწილეები იყვნენ.





