პრეზიდენტი

სააკაშვილი: ჩვენს ქვეყანაში თავისუფლების იდეა ყველაზე მძლავრი იდეაა

 "მორჩილებასა და თავისუფლების იდეის ჭიდილს შორის საქართველოში ყოველთვის თავისუფლების იდეა იმარჯვებს. ჩვენი ისტორიის ყველაზე კრიტიკულ მომენტებშიც კი, როდესაც თავისუფლების იდეა თითქოს განწირული იყო, ყოველთვის ჩნდებოდნენ ქართველთა დიდი ჯგუფები, ცალკეული ქართველები, რომლებიც თავისუფლების და დამოუკიდებლობის დროშას ამაყად აფრიალებდნენ.”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვლმა დღეს, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალთან სიტყვით გამოსვლისას.

პრეზიდენტმა თქვა  ისიც, რომ 1980-იანი წლების ბოლოსთვის საქართველოში მთელი თაობები იყვნენ გაზრდილი კონფორმიზმში, მონობაში და 1989 წლის აპრილში, როდესაც თბილისში ჯარი შემოიყვანეს,” მთავარი რჩევა, რაც თავისუფლების იდეის მომხრეების მიმართ გვესმოდა იყო, რომ თავი არ გამოეჩინათ, წინააღმდეგობა არ გაეწიათ, სახლებში ყოფილიყვნენ და ძველებურად გაეგრძელებინათ ცხოვრება.”

” მიუხედავად უიმედო სიტუაციისა, მიუხედავად ტანკებისა, ნიჩბებისა, გაზისა, ჩვენმა უბრალო გოგო-ბიჭებმა უკან არ დაიხიეს და დაამტკიცეს, რომ ჩვენს ქალაქში, ჩვენს ქვეყანაში თავისუფლების იდეა ყველზე უფრო მძლავრი იდეაა და ის, საბოლოო ჯამში, დაუმარცხებელი აღმოჩნდება. ის არის უფრო მძლავრი, ვიდრე - ნებისმიერი ტანკი, ქვემეხი და ავტომატი," - აღნიშნა სააკაშვილმა.

 

 

კომენტარები